ბოლო პერიოდში ცალკეული ადამიანები იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს მმართველი გუნდის სურვილია, სალომე ზურაბიშვილი რაღაცნაირად თამარ მეფეს დაუკავშიროს. საამისოდ იშველიებენ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებამდელ პერიოდში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ „თამარ მეფე შემთხვევითი არ იყო, არც სალომე ზურაბიშვილია შემთხვევითი, ძალიან ბუნებრივად განვითარდა ყველაფერი, ეს ხომ ჩვენი ფესვებია“.
შესაძლოა, არც ის იყოს უბრალო დამთხვევა, რომ ბილბორდებზე გამოსახულ სალომე ზურაბიშვილს თამარ მეფის ჯვარი ამშვენებდა. ზოგიერთები უფრო შორს მიდიან და პარალელების ძიებაში ასკვნიან, რომ არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საფრანგეთიდან თამარ მეფის მე-19 საუკუნის პორტრეტი დაბრუნდა. საუბარია იმაზე, რომ პარიზში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს უსახსოვრეს ეს პორტრეტი. ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა, რომელიც მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და ქართველი მრეწველის - აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.
თამარ მეფის სახელმა სალომე ზურაბიშვილის კონტექსტში კიდევ ერთხელ გაიჟღერა. ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ინაუგურაციის დროს იქნება თუ არა პარალელი თამარ მეფესთან, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ამბობს, რომ თამარ მეფესთან პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს...
ასეთი პარალელების მიუხედავად, ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამარ მეფე წმინდანია და არ შეიძლება ვინმეს შევადაროთ.
რატომ ხმიანდება ასე ხშირად თამარ მეფის სახელი სალომე ზურაბიშვილის კონტექსტში და რა დატვირთვა აქვს ერეკლეს სასახლეს თელავში?
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბაში აცხადებს, რომ არავითარი სიმბოლიკა, არავითარი მისტიკა ამ ფაქტებში არ იმალება, უბრალოდ, ყველა ადგილი რომელიღაც ისტორიულ წარსულთანაა დაკავშირებული. თუკი ეს ინაუგურაცია რამენაირად თამარ მეფესთან იქნებოდა დაკავშირებული, მაშინ გელათში უნდა ჩაეტარებინათ, რადგან თამარ მეფე თელავთან არაფრით არ არის დაკავშირებული. თამარ მეფის დაკავშირება, ასევე, შეიძლებოდა გეგუთთან, ან კიდევ ბასიანთან, შამქორთან, ვარძიასთან.
„საინტერესოა, რატომ ვარძიაში არ ატარებენ ამ ღონისძიებას, თუკი ის თამართან არის დაკავშირებული? თელავთან დაკავშირებით ხომ თამარ მეფე გამოირიცხება და ნაძალადევია ეს პარალელები. სხვათა შორის, ცუდი არ არის, რომ თელავში იმართება ინაუგურაცია, საქართველოს ეს რეგიონი ჩართულია ამ დიდ ღონისძიებაში და არა ყოველთვის თბილისი. თელავი შესანიშნავი ქალაქია, ისტორიული ქალაქია. შეიძლება, ადამიანი „ნაციონალების“ მხარეს იყოს, ან კიდევ „მეოცნებეების“ მხარეს იდგეს, მაგრამ ყველაფერს სჯობს, საქართველოს მხარეზე ვიყოთ და ჩვენთვის თუნდაც არასიმპათიური პოლიტიკური ძალა თუ რაიმე კარგს გააკეთებს, ვაღიაროთ.
ამ ჩანაფიქრის უკან სულაც არ იგრძნობა საქართველოს გამთლიანების სურვილი, რადგან ინაუგურაცია რომ ჩატარებულიყო ცხინვალის ხაზთან, ან კიდევ აფხაზეთის ახლო-მახლოს, ამას შეიძლება დარქმეოდა საქართველოს გამთლიანების სურვილი. მადლობა ღმერთს, ჯერ თელავი და კახეთი არ წაურთმევიათ ოკუპანტებს და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. თელავი ერეკლე მეფესთანაა დაკავშირებული და ძალიანაც კარგია, რომ ერეკლე მეორეს უკავშირდება მისი სახელი“,-აცხადებს დიმიტრი შველიძე და მიიჩნევს, რომ თამარ მეფესთან ასოციაციები მას შემდეგ წამოვიდა, რაც ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა უბრალოდ წამოისროლა რეპლიკა, თამარ მეფე ახსენა და ასოციაციით მას სალომე ზურაბიშვილი შეადარა.
ისტორიკოსის თქმით, ეს იყო შემთხვევითი რეპლიკა, ცნობიერების ნაკადი რომ ამოაგდებს ხოლმე ცალკეულ სიტყვებს. თორემ არაფერი არ იმალება ამის უკან. ამიტომ ცალკეულმა ადამიანებმა არ უნდა გამოიგონონ ლეგენდები და მითები თამარ მეფესთან ვინმეს დაკავშირების კუთხით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მუსხელიშვილი For.ge-სთან საუბაში აცხადებს, რომ პირადად მას ერჩივნა, ინაუგურაცია თბილისში გამართულიყო, მაგრამ, თუ თელავში ჩაატარებენ, ესეც საინტერესო იქნება, რადგან თელავი საქართველოს ძველი ისტორიული ქალაქია. საქართველოს გამთლიანების თვალსაზრისით, შესაძლოა, ნიშანდობლივიც იყოს ის ფაქტი, რომ თელავი დაკავშირებულია ერეკლე მეფის სახელთან, რომლის სასახლეც თელავშია.
„მართალია, ერეკლე არ იყო მთლიანი საქართველოს მეფე და ის ქართლ-კახეთის მეფე იყო, რადგან მაშინაც გამთლიანების პრობლემა არსებობდა, მაგრამ მთავარია, ქართლ-კახეთი დამოუკიდებელი იყო და ჩვენი სახელმწიფოც დამოუკიდებელი გახლდათ. ამდენად, სიმპტომატურია ის ფაქტი, რომ ახლაც დამოუკიდებელი უნდა გახდეს საქართველო. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა იმ ოპონენტთა აზრს, რომელთაც არ სურდათ ქალი პრეზიდენტად და აღნიშნა, რომ, პირიქით, ისტორიულად საქართველოში ისეთი ტრადიცია იყო, რომ ქალი მართავდა ქვეყანას. მართლაც, თამარ მეფის დროს იყო საქართველო დამოუკიდებელი, ყველაზე ძლიერი“, - აცხადებს დავით მუსხელიშვილი, რომლის აზრითაც, კარგი იქნება, თუკი ქალი მმართველების ტრადიცია აღდგება.
მით უმეტეს, რომ ქალის როლი პოლიტიკაში, სხვა თანამედროვე ქვეყნების პრაქტიკის თანახმადაც, მუდამ დადებითია.