„როგორია ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცების ფასეულობა, იდეოლოგია, სულისკვეთება?!“ - ინტერესდება ირმა ინაშვილი.
მისი მოსაზრებით, თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია, რადგან ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცთა ნაწილს ან გაცნობიერებული არ აქვს, რომ ხმა მისცეს პატიმართა მწამებლებს და საინტერესოა, ასეთი ჯარი ქვეყანას როგორ დაიცავს, ან გაცნობიერებული აქვთ, რომ მხარი სწორედ მწამებლებს დაუჭირეს და ეს მით უფრო უარესია.
რა მოხდა ავღანეთში და ვინ იმუშავა სამშობლოდან მოშორებით მყოფი ჯარისკაცების განწყობაზე? ფაქტია, რომ არჩევნების პირველ ტურში სწორედ ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე გამოჩნდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე და ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. ბაგრამის ბაზაზე ბარამიძე ცესკოს კვოტით „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლად იმყოფებოდა, ხოლო დარჩიაშვილი - „ევროპული საქართველოს“ კვოტით იმყოფებოდა დამკვირვებლად.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯარისკაცთა ნაწილს გარკვეული ძალები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
ცოტა ხნის წინ ამას წინ უძღოდა თადარიგის სამხედრო მოსამსახურეების გააქტიურება და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის განცხადება, რომ არ აერჩიათ სალომე ზურაბიშვილი.
რამდენად ცდილობს „ნაცმოძრაობა“ აპოლიტიკური უწყება-ქართული ჯარი თავისი ორბიტის ქვეშ მოაქციოს და რატომ არ არის შემთხვევითი, რომ სააკაშვილმა მაინცდამაინც შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ასე მარტივად არ არის საქმე, რომ თავდაცვის მინისტრი უნდა გადავაყენოთ. ასეთი რადიკალური მოთხოვნებისგან პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ. მით უფრო, რომ საქმე ეხება არა საქართველოს მთლიან სამხედრო კონტინგენტს, არამედ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მისიას.
„მართლაც, შესწავლას საჭიროებს ის ფაქტი და გასაანალიზებელია, რატომ მოხდა ასე და როგორ მიიღეს „ნაციონალებმა“ ავღანეთში მყოფი ჩვენი სამხედროების ხმები. ამას მმართველმა პარტიამ ყურადღება უნდა მიაქციოს და დასკვნა გამოიტანოს. თუმცა ასე სერიოზულად არ არის საქმე, თავდაცვის მინისტრი გადავაყენოთ ამის გულისთვის. არც ის ვიცი, ეს „ნაციონალური“ ზეაქტიურობით უნდა აიხსნას თუ არა, შესაძლოა, ეს იყოს აგრესიული პროპაგანდის შედეგი. მოგეხსენებათ, ჰააგის ტრიბუნალით იმუქრებოდნენ „ნაციონალები“, რაც აბსურდი იყო, თუმცა შესაძლებელია, ვიღაცებზე ამ ანტისახელმწიფოებრივმა პროპაგანდამ მაინც იმუშავა“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე აცხადებს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმების ანალიზი რომ გავაკეთოთ, 64%-ით მოიგო ვაშაძემ. ავღანეთში ჩასული ჩვენი სამხედროებიც საზღვარგარეთ არიან და მათზე ძალიან იმოქმედა იმ საინფორმაციო კამპანიამ, რასაც აწარმოებდა „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, როცა სალომეს მოღალატედ აცხადებდნენ აგვისტოს ომის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, არსებობს საპრეზიდენტო კამპანიის დეფექტები, რომელსაც აწარმოებდა გამარჯვებული კანდიდატი და, კერძოდ, არასაკმარისი ყურადღება, რომელიც მან დაუთმო ძალოვნებს.
„ცხადია, აქ იზორიას პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვანია არა მარტო არჩევნების თვალსაზრისით, არამედ იმ პროცესების გამოც, რომელიც მთლიანობაში ჯარში მიმდინარეობს. ვგულისხმობ დევი ჭანკოტაძის განცხადებებს და სხვა. შედეგი სახეზეა. თუმცა არც ეს არჩევნები და არც 2020 წელს მოსალოდნელი არჩევნები არ უნდა მივიჩნიოთ რაღაცის ინდიკატორად. ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს, თუ მეორე ამაზე კი არ უნდა გვქონდეს აქცენტი, არამედ უნდა ვხედავდეთ იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის ინდიკატორი არ არის. ქვეყანაში რა ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისიც არის, ამაზე უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოსახლეობა და არ უნდა ცხოვრობდეს იაფფასიანი თოქ-შოუებისგან შემოთავაზებული დღის წესრიგით, ანუ უარჩევნო არჩევნების დღის წესრიგით“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.