„ლიბერთი ბანკი“ იმ პენსიონერებს, რომლებმაც 1 ივნისიდან პენსია წინასწარ აიღეს, საპროცენტო გადასახადს უკან უბრუნებს.
ეს ამბავი ბანკიდან ერთ–ერთმა ჩემმა მეზობელმა პენსიონერმა მოიტანა და იმდენად გახარებული იყო, რომ მისთვის კითხვის დასმას აზრიც არ ქონდა, თუ რატომ ჩუქნის ბანკი ამ ფულს. ამიტომაც, ამბის გასარკვევად „ლიბერთი ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში მომიხდა მისვლა.
ბანკში კი მითხრეს, რომ ჩემი მოხუცი მეზობლის მიერ მოტანილი ამბავი სრული სიმართლე იყო და და ბანკი მოვალე პენსიონერებს არამარტო პროცენტს აღარ დაარიცხავს, არამედ გარკვეულ თანხასაც კი უკან უბრუნებს.
მთავარი კითხვა, თუ რატომ აკეთებს ამას ბანკი, ამ ფილიალში ვერ გამცეს და მხოლოდ ის მითხრეს, რომ ეს ბანკის საჩუქარია.
რა თქმა უნდა, ბანკს შეუძლია, რომ მოსახლეობას საჩუქრად რამდენიც უნდა, იმდენი დაურიგოს, მაგრამ, ცხადია, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბანკი ამას რაიმე მოგების გარეშე აკეთებდეს.
თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ აქამდე ოპოზიციის ნაწილი ლამის, აქციებსაც კი მართავდა იმის მოთხოვნით, რომ ბანკი პენსიონერებს ასეთ მაღალ პროცენტს ნუ ართმევდა პენსიის წინასწარ აღების გამო და ეს მოთხოვნა არასოდეს არ შესრულებულა, ადვილი მისახვედრია, რომ ეს მხოლოდ საარჩევნოდ კეთდება.
დღეს საქართველოში კომერციული ბანკები რომ ხელისუფლების ღია თუ ფარული მითითებებით მოქმედებენ, ისიც ადასტურებს, რომ ბანკებს დაყადაღებული აქვთ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი თუ მათთან ასოცირებული ადამიანების პირადი ანგარიშები სასამართლოს ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე.
ფაქტია, რომ ამას ბანკი მხოლოდ საკუთარი სურვილით არ გააკეთებდა, ისევე როგორც არ დაუბრუნებდა პენსიონერებს იმ პროცენტებს, რაც მათგან აქვს ამოღებული.
ამ პენსიონერებისთვის ძალიან კარგია, რომ მათ ფულს უბრუნებენ და, როგორც აღმოჩნდა, არც ისე მცირე თანხაზეა საუბარი, რადგან თითოეულ მათგანს 70–90 ლარი ხვდება. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს აშკარად მოსახლეობის მოსყიდვაა, რადგან მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბანკი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ფულს ურიგებს.
საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს. საინტერესო კი ის არის, მოგელაძის უწყება რას იტყვის და ასეთ ფაქტებზე რატომ არ რეაგირებენ.