გაუქმებული  ბრიფინგი

გაუქმებული ბრიფინგი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის შეფასებაა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისფულებას ასე ღიად აკრიტიკებენ. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტონინო პიკულა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი,  წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით თბილისს 20 აგვისტოს ეწვივნენ და სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართეს როგოც ხელისუფლებისა და ოპოზიცის, ასევე არასამთავრობო სექტორის და ცესკოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრების შემდეგ დელეგაციამ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებზეა საუბარი.

მთავარ პრობლემად დასახელებულია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო არაობიექტურობა, ძირითადად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, რომლებიც „არანათელი ინსტრუქციებით მოქმედებენ“, სასამართლო, რომელიც ასევე „არანათელი“ და  „არაობიექტური“ ინსტრუქციებით მოქმედებს, საზოგადოების დიდი პოლარიზაცია  და  „საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნები“. თუმცა,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმედოვნებს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ნდობის ღირსი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს“.

ხელისუფლება კი  ეუთო–ს  დელეგაციის  ამ კრიტიკას  მათთვის „არასწორი ინფორმაციის“ მიწოდებას უკავშირებს.

მაგრამ საინტერესო ის არის, ეს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა როგორ წარიმართა. შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დელეგაციის წევრები არც ერთი შეხვედრის შემდეგ არ აკეთებდნენ კომენტარებს, რადგან  გათვალისწინებული იყო ბრიფინგი,  სადაც უკვე ღიად გაკეთდებოდა შეფასებები.

ბრიფინგი დანიშნული იყო ოთხშაბათს, რომელიც პარლამენტში, ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის  შემდეგ ჩატარდებოდა. ბრიფინგის ანონსი გამოქვეყნებულიც იყო, მაგრამ ბაქრაძესთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მოიხსნა, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.

თუმცა, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რა განცხადებებიც ეუთოს დელეგაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს,  ადვილი მისახვედრია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს  არ სურდა, ეს მისი თანდასწრებით ეთქვათ და შემდეგ პირადად მას გაეცა ამ ყველაფერზე პასუხი. ცხადია, თუკი ეს ბრიფინგზე ითქმებოდა, მისთვის პასუხის გაცემაც და არგაცემაც ერთნაირად არასასურველი იყო.

საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტში  შეხვედრას ბაქრაძესთან ერთად უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. აკაკი მინაშვილი კი ბოლომდე არც დარჩენილა და შეხვედა დასრულებულიც არ იყო, გარეთ რომ გამოვიდა და  კიბეებზე ელოდებოდა დელეგაციას. მაგრამ, როგორც ჩანს, იმის მოსასმენად, თუ რას იტყოდნენ, კომენტარებს სვეტს ამოფარებული უსმენდა და თან მესიჯობდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ატყობინებდა, რას ამბობდნენ დელეგაციის წევრები. მათი კომენტარის დასასრულს კი საერთოდ წავიდა. როგორც ჩანს, შეფასებების გაკეთება არც მას არ სურდა.