შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში, იგივე რაბათის კომპლექსში გადატანის საკითხი კვლავ აქტუალურია. ამას ადასტურებს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება და ის, რომ რაბათის კომპლექსში, რომელიც 16 აგვისტოს ზარ-ზეიმით გაიხსნა, განახლებული ექსპოზიცია ჯერჯერობით არ გამოუფენიათ. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დათქმულ დროს ვერ უზრუნველყო აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების თბილისიდან ახალციხეში ტრანსპორტირება.
როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ამის გამო ლორთქიფანიძეს თავს მიხეილ სააკაშვილის რისხვა დაატყდა. თუ ის უახლოეს დღეებში ამ ორი ხატის ახალციხეში ჩატანას ვერ უზრუნველყოფს, შესაძლებელია ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობას გამოემშვიდობოს.
for.ge დაინტერესდა როდისთვის იგეგმება ახალციხის მუზეუმის განახლებული კოლექციის გახსნა. ამ მიზნით ტელეფონით დავუკავშირდით ახალციხის მუზეუმის ხელმძღვანელს, ციური ლაფაჩს. მან დაადასტურა ის, რომ განახლებული გამოფენისთვის მზადება მიმდინარეობს, მაგრამ გვითხრა, რომ ზუსტი თარიღის შესახებ ჯერ არ იცის.
უფრო დეტალური და დადასტურებულ ინფორმაციას მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც ეროვნული მუზეუმისგან წერილობით პასუხს მივიღებთ. ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს განცხადებით (საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით) მივმართეთ, რისი უმთავრესი საფუძველი გახლავთ ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე (http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=105&info_id=11752) გამოქვეყნებული ინფორმაცია, სათაურით - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება ზარზმის და აწყურის ღვთისშობლის ხატების შესახებ“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ცოტა ხნის წინ დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია. საგამოფენო დარბაზები მოწყობილი და აღჭურვილი იქნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სადაც გათვალისწინებულია სამუზეუმო ნივთებისთვის ხელსაყრელი კლიმატური გარემოს შექმნის შესაძლებლობა (ტენიანობა და ტემპერატურა). უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს კლიმატისა და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის 24 საათიანი მონიტორინგი.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში დაგეგმილია განახლებული ექსპოზიციის მოწყობა, რომელიც საზოგადოებას წარმოუდგენს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ისტორიას. საგამოფენოდ შეირჩა რამოდენიმე ექსპონატი, რომელიც შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული, მათ შორის აწყურისა და ზარზმის ღვთისშობლის ხატები. მუზეუმის თანამშრომლების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე აღნიშნული ხატების ტრანსპორტირება გადაიდო მათ საბოლოო რესტავრაციამდე.
ამჟამად, მუზეუმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და საექსპოზიციო ნივთების საბოლოო სიის დაზუსტება. შიდა სამუშაო პროცესის დასრულების შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას. განახლებული სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი გაიხსნება უახლოეს მომავალში.“
მაშ ასე, ეროვნულ მუზეუმს 24 აგვისტოს შემდეგი შინაარსის განცხადებით მივმართეთ:
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მომაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
1.გთხოვთ, მაცნობოთ რის საფუძველზე და რა ვადით იგეგმება ახალციხის მუზეუმში ექსპონატების გადატანა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან?
ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე, ახალი ამბების ნუსხაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება ზარზმის და აწყურის ღვთისშობლის ხატების შესახებ“. მასში აღნიშნულია - „სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში დაგეგმილია განახლებული ექსპოზიციის მოწყობა, რომელიც საზოგადოებას წარმოუდგენს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ისტორიას. საგამოფენოდ შეირჩა რამოდენიმე ექსპონატი, რომელიც შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული, მათ შორის აწყურისა და ზარზმის ღვთისშობლის ხატები“;
2.ისევ იგეგმება თუ არა ხელოვნების მუზეუმიდან აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების გადატანა ახალციხის მუზეუმში და კიდევ რომელი ეექსპონატები შეირჩა ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში გამოსაფენად?
3.გთხოვთ, მომცეთ აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი. ეროვნული მუზეუმის ზემოთ მითითებულ განცხადებაში წერია: „მუზეუმის თანამშრომლების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე აღნიშნული ხატების ტრანსპორტირება გადაიდო მათ საბოლოო რესტავრაციამდე.“ ამასთან, 2012 წლის 7 აგვისტოს, „tv9“-ს, „მაესტროს“ ეთერით გადაიცა და საინფორმაციო სააგენტო „info9“-ს ვებგვერდზე დაიდო ვიდეომასალა, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ ხელი მოაწერეს დასკვნას, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ;
4.გთხოვთ, მაცნობოთ იმ კომისიის წევრების შემადგენლობა და თანამდებობი, რომლებიც ახალციხეში გასაგზავნი ექსპონატების სიის დაზუსტებაზე მუშაობენ“.
ამ განცხადებაზე პასუხის მიღებას კანონით დადგენილ ვადაში მოთმინებით დაველოდებით და მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ.