ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის შეფასებას უკვე მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვიერი გაპაექრება. რიკარდო მილიორის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებია. ლენინიზმში კი რიკარდო მილიორი გულისხმობს იმას, რომ პარტიები საკუთარ პროგრამებს არ წარადგენენ და ცდილობენ, ერთმანეთი გაანადგურონ. ეს მაშინ, როცა ამ ქვეყნაში არ არიან მტრები, არამედ არიან განსხვავებული პარტიები.
მართალია, რიკარდო მილიორი ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს, მაგრამ კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ლენინიზმის არსის უცოდინრობაში ამხელს ეუთოს წარმომადგენელს. მისი განმარტებით, „ის, ვინც საქართველოში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს, ლენინიზმის მნიშვნელობა არ იცის“. მეტიც, რურუას თვალსაწიერით, ასეთი განცხადება სრული სისულელეა.
კულტურის მინისტრი „ლენინიზმის ნიშნების“ დამნახავი უცხოელის მოტივაციასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და რიკარდო მილიორის შესახებ კატეგორიული ტონით საუბრობს - თუ მას ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოში, უმჯობესია, აღარ იყოს.
„როდესაც მტრებზეა საუბარი, არასდროს იგულისხმება ჩვენი თანამოქალაქეები. ამ შემთხვევაში, მტრულად განწყობილი ქვეყანა იგულისხმება - რუსეთის იმპერია, რომელიც ცდილობს, ისევ სრულყოფილი იმპერია გახდეს და დაკარგული კოლონიები შეიძინოს. ასეთ მდგომარეობაში იყო საქართველო 270 წლის განმავლობაში. რუსეთი ქვეყანაში მარიონეტების დახმარებით ცდილობს კონტროლის აღდგენას, ვინმე ამას ეძახის ლენინიზმს? გეთანხმებით, ეს არის უხერხული გამოთქმა და აბსოლუტურად უადგილოდ მიმაჩნია. მას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ეს არის სრული სისულელე. მისი გამომთქმელის მოტივაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი. ლენინზმი, ალბათ, კარგად არ იცის, რა არის, რადგან ამის ისტორიული ფაქტები არსებობს. ლენინიზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრობით უნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსოლუტურად არყოფნას და პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას. და, თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოში, უმჯობესია, აღარ იყოს“, - აღნიშნა ნიკა რურუამ მილიორის განცხადების შეფასებისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი, მართლია, ასეთი ულმობელი არ არის რიკარდო მილიორის მიმართ, მაგრამ მისი მოსაზრებაც ნიკა რურუას ხაზს მიჰყვება. მეტიც, ეუთოს დელეგაციის წევრების შეფასებები ჩიორა თაქთაქიშვილმა კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მათთვის მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას დაუკავშირა.
რიკარდო მილიორის არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა ჩამორჩა. იგი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო არაობიექტურობაზე საუბრობს:
„ვხედავთ რამდენიმე პრობლემას - შეიძლება, ეს იყოს არაობიექტურობა სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში. ძირითადად, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამ ინსტიტუტების მოქმედებები განვიხილეთ ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან და გავაფრთხილეთ, რომ ისინი მოქმედებენ „არანათელი“ ინსტრუქციებით. ჩვენი შეშფოთების მეორე საკითხია სასამართლო. გვინდა, ვიხილოთ ნათელი და ნაკლებად არაობიექტური ინსტრუქციებით მოქმედება და ნეიტრალური ჩარევა სხვადასხვა საქმეში“, - განაცხადა ტონინო პიცულამ.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ეუთოს წარმომადგენელთა შეფასებებს ნაციონალური მოძრაობისთვის შოკისმომგვრელად მიიჩნევს. მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალზე უსუსურია საუბარი ლობისტებზე, რომლებიც თურმე იმდენად ზემოქმედებენ ასეთი მაღალი რანგის ევროპელ ჩინოვნიკებზე, რომ საკუთარ პასუხისმგებლობასაც კი ავიწყებენ და, პრაქტიკულად, საკუთარ კარიერას საფრთხეს უქმნიან.
ექსპერტის პროგნოზით, ის განცხადებები, რომლებსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირები აკეთებენ, სექტემბერში უაღრესად მოიმატებს, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ჩვენი ხელისუფლებისგან კვლავაც მოვისმენთ, რომ ისინი ისევ ლობისტების ინფორმაციას ეყრდნობიან.
„უკაცრავად, მაგრამ, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასეთ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აკეთებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბატონი ბაქრაძე ასევე მოხიბლულია ივანიშვილის ლობისტებით და ისეთ ინფორმაციას აძლევს, რომ ეუთოს ლიდერებისთვის საქართველოში ლენინიზმის აღზევება საეჭვო აღარ იყოს?!“
სოსო ცისკარიშვილის აზრით, ის, რომ ვინმემ ლენინიზმის არსი არ იცოდეს, დიდ უბედურებას არ მოასწავებს. თუმცა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდი და გამოცდილება, ძალაუნებურად, ასეთი ანალოგიის აუცილებლობას იწვევს.
„ჩვენ გვახსოვს ამერიკის პრეზიდენტების, სხვადასხვა წელთაღრიცხვის, ეპოქის, პროფესიის, ეროვნების გამოჩენილ ადამიანთა წარმოდგენა დემოკრატიის შესახებ და ისიც გვახსოვს, როგორ განსხვავდებოდა ყველაფერ ამისგან ლენინის გამონათქვამები და აზრები. რატომ ხდება, რომ საქართველოში ზუსტად ისე ეწყობა ყველაფერი, როგორც წარმოედგინა ლენინს და არა ისე, როგორც კაცობრიობის სიმდიდრის შემქმნელ მოაზროვნე ადამიანთა გამონათქვამები გვასწავლის. თვითკრიტიკა არც არასდროს ყოფილა ნაციონალების მახასიათებელი და, რასაკვირველია, ოპონენტებთან საუბარი მათთვის მიუღებელია. ყველაფერი სისულელეა, რაც მათ არ მოსწონთ, მაგრამ, რაც მათ მოსწონთ, სწორედ ეს არის ლენინიზმი და პუტინიზმი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ, თავისთავად, ნიკა რურუა ძალიან ეკლექტური, წინააღმდეგობრივი მოვლენაა ქართულ სინამდვილესა და ქართულ პოლიტიკაში. ექსპერტის აზრით, რიკარდო მილიორის მიმართ ნიკა რურუას მკვახე შეფასება, სახელმწიფო მოღვაწისგან, მინიმუმ, არაკორექტული და წარმოუდგენელია.
„რაც შეეხება ლენინიზმს, რურუას არგუმენტაცია მოჰყავს, რომ ლენინიმიზმი არის ის, როცა არ არის თავისუფლება, როცა მედია თავისუფალი არ არის და შეზღუდვები მოქმედებს. განა ასე არ არის მათ მიერ აშენებულ ქვეყანაში? შესაძლოა, ასეთნაირად არ თვლის ნიკა რურუა, საზოგადოება კი სხვანაირად თვლის. მე მინდა, რურუამ იცოდეს, რომ ყველაფერი, რაზეც იგი საუბრობს, თითქოს აღმოფხვრილია საქართველოში, სინამდვილეში, არაფერი აღმოფხვრილი არაა და ეს ყველაფერი რეალობაშია. ლენინიზმი, შესაძლოა, არასწორი ტერმინია, ნიკა რურუას უფრო მეტად შეეფერება ბოლშევიზმი, კომისრის მანტია და ა.შ. ასე რომ, მცირედ დავაზუსტებდი ჩვენი უცხოელი მეგობრის გამონათქვამს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.
დღის ბოლოს კი, ნიკა რურუამ საკუთარი გამონათქვამების შერბილება ჯურნალისტებზე გადაბრალებით სცადა და შეიძლება ითქვას მოიბოდიშა კიდეც.
"ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც „ლენინისტური“ ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე ანუ მაშინ, როდესაც მე მისი განცხადება წაკითხული არ მქონდა. განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც ბუნებრივია, არაფერი მაქვს. რადგან მისი კომენტარი ჟურნალისტის ციტირების შედეგად გავიგე, ამდენად ჩემი წანადადებაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომა მოვითხოვე, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. აქ საქმე გვაქვს ციტირებულ კომენტარზე კომენტირებასთან, რითაც ამგვარი მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება შეიქმნა“, - ნათქვამია ნიკა რურუას განცხადებაში.