საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რაბათის ციხესთან პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცადა და საკუთარ საიტზე - president.gov.ge „ვეფხისტყაოსნის“ ციტატები სწორ ფორმას, ანუ რუსთველისეულ დედანს დაუბრუნა. მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტის ვიდეოგალერეაში არსად ჩანს მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმული სიტყვის ზუსტი ჩანაწერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, „გამოსვლებისა და განცხადებების გრაფაში“ აღარ იკითხება ისეთი სიტყვები, როგორიცაა, რომ თურმე ვინმე მესხ მელექსეს „მაგარი ლექსი“ დაუწერია, აღარც ისეთი აბსურდი იკითხება, რომ „ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა“ და აღარც მეფე როსტევანია ერთდროულად „მაღალიცა და დაბალიც, უხვლაშქრიანიცა და ლაშქარიანიც“...
მოკლედ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე შეცდომა სრულყოფილად არის აღმოფხვრილი.
რაბათის ციხესთან პრეზიდენტის ისტორიული სიტყვის შეფასებისას რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თვით ის ფაქტი, რომ თურმე როსტევანი ახალციხის რაბათის ციხეში ცხოვრობდა, ახალი „სიტყვაა“ რუსთველოლოგიაში. თუმცა ციტატების უზუსტობაზე მეტად, დავით ზურაბიშვილს პრეზიდენტის პროვინციულ-დიქტატორული სურვილი კიდევ ერთხელ აოცებს - გორში მინდა ასეთი ციხე! ასეთია პრეზიდენტის ბრძანება!
„გორში ასეთი ციხე მინდა - ეს არის ავტორიტარი მმართველის, ტიპური პატარა პროვინციული დიქტატორის სურვილი. მე მინდა ციხე! გინდა რა - რადგან ბაბუამისს თურმე გორში უცხოვრია, ასეთი რამ უნდა მოითხოვოს? ასეთი რაღაცეები სიმპტომატურია და ამ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. რახან მას უნდა, ე.ი. ასე უნდა მოხდეს! იქ თურმე ლაზიკა აქვს ასაშენებელი, აქ - გორის ციხე“.
ციტატების აღრევასთან დაკავშირებით კი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ნეტავ, ამ კაცს ციტატების მეტი არაფერი ეშლებოდეს“.
„სულ ეშლება ამ კაცს ციტატები, ეს პირველი არ არის. „ვეფხისტყაოსანი“ წაკითხული რომც ჰქონდეს, ხომ შეიძლება, მაინც შეშალოს?! ეს შეცდომები მნიშვნელოვანი არ არის, არამედ მთავარია, ადამიანი როგორ აზროვნებს, როგორ აღიქვამს მოვლენებს, როგორ ლაპარაკობს. ამიშენეთ, გორშიც ასეთი ციხე მინდა, - სწორედ ეს არის აღსაშფოთებელი. თორემ, მისი არასწორი ციტატები, უბრალოდ, კურიოზია, რომელიც მას სულ მოსდის, ყველაფერი ეშლება, თვით დაწერილიც კი“.
დავით ზურაბიშვილის აზრით, პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტს, შეიძლება, წარმოესახოს, რომ ლიტერატურული პერსონაჟი შეიძლება ცხოვრობდეს ახალციხეში და ეს სერიოზულად ამტკიცოს. ეს უკვე ლოგიკის არქონასა და საკუთარი ვირტუალური რეალობის დამკვიდრებაზე მიუთითებს.
„სადაც ის თქვა, რომ ფერეიდნელი ქართველები 300 წელია, „სულიკოს“ მღერიანო, ახლა იმის მერე რა უნდა გაგვიკვირდეს?!“ - კითხულობს დავით ზურაბიშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი იხსენებს, რომ რაბათის ციხესთან ციტირებისას შეიმჩნეოდა მაჟორული მომენტი, როცა „მაღალზე“ იყო საუბარი და, ეტყობა, ეს „მაღალი“ იმდენად მნიშვნელოვანი ფრაზა იყო სააკაშვილისთვის, რომ ამის შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა და ნათქვამი ვეღარ გააგრძელა.
„საერთოდ, მას საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს და არ უნდა გასჭირებოდა ციტატის თქმა, მაგრამ სიტყვა „მაღალის“ ხსენებაზე, ეტყობა, გაახსენდა ვასიკო ოდიშვილი და სხვა სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდა. ამიტომ ცოტა აერია ყველაფერი. საერთოდ, მისი საუბარი არასერიოზულია, ლოგიკის ფარგლებს სცილდება. იმედია, ეს ე.წ. „აღმშენებლობის“ ხანა დიდხანს არ გასტანს და კიდევ დიდხანს არ მოგვიწევს ამ არასწორი და ოდიოზური ციტატების მოსმენა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, სააკაშვილის მთელი ადრინდელი მოღვაწეობა იქითკენ იყო მიმართული, რომ, საერთოდ, გაეუქმებინა საქართველოს ისტორია. ამიტომაც, პირველი 7-8 წლის განმავლობაში ვისმენდით, რომ საქართველოს ისტორია თურმე 2003 წელს დაიწყო.
„ეს რომ არ გამოუვიდა, ახლა ცდილობს, ისტორია მთლიანობაში დაისაკუთროს და ნაციონალურ მოძრაობასთან გარკვეული ისტორიული თუ ლიტერატურული გმირების ასოციაციები გააჩინოს, საკუთარ თავთან იდენტიფიცირება მოახდინოს“.
გია ხუხაშვილს არც ის გაუკვირდება, თუ მალე სააკაშვილის მონა არქეოლოგები დაადასტურებენ, რომ პირველი ნაციონალები თურმე ზეზვა და მზია ყოფილან.
„ალბათ, მალე უფრო ღრმა ისტორიაში წავლენ. ძალიან სასაცილოა, თუმცა ამასთანავე, სატირალია, რადგან ეს ადამიანები მართავენ ქვეყანას, უფრო სწორად, თვლიან, რომ მართავენ ქვეყანას და ფლობენ იმ ბერკეტებს, რომლითაც ისტორიასაც ანგრევენ და არასწორ მიმართულებას აძლევენ, დღევანდელობასაც უპერსპექტივოდ ტოვებენ და, ფაქტობრივად, მომავალ თაობებს ტვინს ურეცხავენ,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს „ვეფხისტყაოსნის“ ციტატები ეშლება არა მარტო მაშინ, როცა ზეპირად ამბობს, არამედ მაშინაც, როცა კითხულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პოემა არც თავის დროზე ჰქონდა წაკითხული, არც შემდეგ წაუკითხავს. თუმცა მას ეხერხება თანამედროვე პოეზია, კერძოდ, კარგად იცნობს კაკალაშვილის პოეზიას. ამასთან, სავალალოა, რომ მეფე როსტევანზე საუბრისას სააკაშვილს არ ჰქონდა წაკითხული ის ადგილი, როცა როსტევანი ხელისუფლებას შეელია და გადადგა.
„არ ვიცი, ეს ტექსტი ვინ დაწერა, მაგრამ, ვინც ეს სააკაშვილს დაუწერა, ისიც სრულიად უადგილოდ იყენებდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს. იქ ისეთი სტროფები იყო ჩაწერილი, რომლებიც სააკაშვილს ნამდვილად შეეშლებოდა. როგორც ჩანს, სააკაშვილის სიტყვის დამწერიც დიდად გარკვეული არ არის „ვეფხისტყაოსანში“, - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე და სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მხოლოდ პრეზიდენტი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს ტექსტი არ წაუკითხავს.
ვასილ მაღლაფერიძის აზრით, შესაძლოა, პრეზიდენტის პიარის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ იგი ისაუბრებდა „ვეფხისტყაოსანზე“ და ამით ხაზს გაუსვამდა, როგორ კარგად იცნობდა ქართულ კულტურას. თუმცა ტექსტის ავტორმა ვერ გათვალა, რომ ეს ტექსტი სააკაშვილს სკოლაში არ ექნებოდა წაკითხული.