„ნაციონალები“ არჩევნების გაყალბების ისეთ მეთოდებზე მუშაობენ, რაც აქამდე არ გამოუყენებიათ. ამის შესახებ მათთან დაახლოებული პირები საუბრობენ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან უკვე ცნობილია, რომ ამ არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ ხალხს ამზადებს იმისთვის, რომ უბნებზე დაკვირვება კვალიფიციურად განახორციელონ.
ყურადღება კი, რა თქმა უნდა, ისეთ მეთოდებზე გამახვილდება, რასაც ხელისუფლება აქამდე აქტიურად იყენებდა. ამიტომაც, დიდია ალბათობა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების ძველი მეთოდებით გაყალბება ვეღარ შეძლოს.
არადა, სახელისუფლებო კულუარებში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ სააკაშვილი ამ არჩევნების ისეთი შედეგებით „მოგებას“ ითხოვს, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა. როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში გამართული აქციის შემდეგ, პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ „ნაციონალებმა“ 75%–ზე ნაკლები არ უნდა აიღონ. თუ არადა, თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატს მოუწევს პირადად სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა.
ამ შედეგისთვის კი, ცხადია, რომ მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბება დასჭირდება. გაყალბებაში კი საბოლოოდ ხმების ჩაყრა იგულისხმება და ეს რა მეთოდებით მოხდება, უკვე სხვა საკითხია.
ამ მეთოდებზე for.ge-ს არაერთი სტატია აქვს დაწერილი. აქ შედის „სარჩევნო კოდექსის“ ის ხვრელებიც, რაც ხელისუფლებას ამის საშუალებას მისცემს, ამომრჩეველთა სიაც, ადმინისტრაციული რესურსიც და კიდევ სხვა საშუალებები.
აქამდე for.ge იმის შესახებ წერდა, რომ „ნაციონალები“ პედაგოგებს და სხვა კატეგორიის საჯარო მოხელეებს ავალებენ, რომ მათ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ და თანაც ხმის მიცემისას, კაბინაში გადაიღონ ვიდეო, როგორ ხაზავენ ხუთ ნომერს. გარეთ კი ეს ვიდეო ნაციონალების საუბნო კოორდინატორს უნდა აჩვენონ, რათა ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, მინიმუმ, სამსახურს დაკარგავენ.
ცხადია, რომ ეს მეთოდი გარკვეულწილად მოსახლეობის დასაშინებლადაც არის გათვლილი და რეალუარად ამის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. მაგრამ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები უკვე ახალ მეთოდზეც ალაპარაკდნენ. გასაგები მიზეზების გამო მათ ვინაობას ვერ დავასახელებთ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ამ ადამიანებმა თავად მიიღეს ეს ინსტრუქცია.
მათი თქმით, ხელისუფლება წინასწარ გაამზადებს ბიულეტენებს, სადაც შემოხაზული იქნება ხუთი ნომერი, საარჩევნო უბანზე შესვლის წინ უბნის კოორდინატორი გარკვეულ კატეგორიას დაურიგებს ამ ბიულეტენებს და მათ ყუთში ეს შემოხაზული ბიულეტენი უნდა ჩააგდონ. უბნიდან კი ის ცარიელი ბიულეტენი უნდა გამოიტანონ, რომელსაც კომისიის წევრები მისცემენ და გარეთ კოორდინატორს ჩააბარონ.
ამ სქემაში დაბრკოლებას კომისიის ბეჭედი და ხელმოწერა ქმნის. მაგრამ, თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ბეჭედს კომისიის თავმჯდომარე ინახავს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, ფაქტობრივად დაბრკოლება აღარც კი არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ 13 წევრიანი კომისიიდან ხელისუფლებას 7 წევრი ყავს. „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ 2 ეყოლება, ცხადია, თუ იქამდე ხელისუფლებამ კიდევ რამე არ მოიფიქრა და ამის გარეშეც არ დატოვა.