კოალიცია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნაჭყებია აცხადებს, რომ ხელისუფლება შეეცადა სოფელ ჯგალში ნაჭყებიას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალა. კერძოდ, ნაჭყებიას თქმით, მაშინ, როდესაც ის ადგილობრივებს ხვდებოდა, იქ მივიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სუსრსათის უვნებლობის სამსახურის ავტომანქანა და „ქართული ოცნები“ მხარდამჭერებს თეთრი პეპლის შესაწამლი აირი შეასხურა.
მომხდარის შესახებ for.ge გიორგი ნაჭყებიას ესაუბრა.
გიორგი ნაჭყებია: „მე ვიმყოფებოდი წალენჯიხის სოფელ ჯგალში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ რაღაც ძველი ადმინისტრაციული ტიპის შენობა დგას და იქ საავტომობილო გზის პირას მოსახლეობასთან შეხვედრას ვატარებდი. აქვე გეტყვით, რომ სანამ სოფელში შევიდოდი, ეს მანქანა (სურსათის უვნებლობის სამსახურის მანქანა) მოსახვევში იდგა და გველოდებოდა. ბუნებრივია, ჩემს მანქანას ყველა სცნობს და როცა სოფლისკენ წამოვედი, ეს მანქანა გამოგვყვა. მას გზა დავუთმე, რათა ჩვენთვის გაესწრო და ის სწორედ ასე მოიქცა, იმ ადგილს, სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით, 100-150 მეტრით გასცდა და გაჩერდა. როდესაც მოსახლეობასთან შევხედრა დაიწყო, ეს მანქანა იქვე იდგა. მოგვიანებით, რამდენიმე წუთში, როდესაც ადგილობრივებს ვესაუბრებოდი, ჩემმა თანმხლებმა პირებმა მაცნობეს, რომ ეს მანქანა ჩვენი მიმართულებით წამოვიდა და ამ გაზს ასხურებდა.
მინდა გითხრათ, რომ ეს დასხურება საკმაოდ სერიოზული პროცესია, რადგან ამ გაზის დასხურების პროცესში ჰაერში საშინელი კვამლი დგება და პრაქტიკულად ადამიანიც კი უხილავი ხდება. ამ მანქანამ ჩვენთან ჩამოიარა და მიუხედავად იმისა, რომ მას კამერები უღებდნენ, არ შეჩერდა. ადამიანები პეპლებად ჩაგვთვალეს და ეს გაზი შემოგვასხურეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს თეთრი პეპლის შესაწამლი ხსნარია. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- დიახ, მოგეხსენებათ, ამერიკული თეთრი პეპელა საქართველოს მრავალ რაიონშია გავრცელებული, სერიოზული ვნების მომტანია და ბუნებრივია, სახელმწიფო მას უნდა ებრძოლოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ხსნარი სხვა მიზნით გამოიყენეს, სახელმწიფომ ოცნების მხარდამჭერები და იმ შეხვედრის მონაწილეები პეპლებად ჩაგვთვალა და როგორც პეპლები, ისე შეგვწამლა.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ადამიანებისთვის ეს ხსანრი მავნებელია და საიდან იცით, რომ ეს თეთრი პეპლის შესაწამლი ხსნარი იყო?
- ჰოდა, მავნებელი რომ არის, მეც მაგას ვამბობ. ამ მანქანას, რომელმაც ეს ხსნარი შემოგვასხურა, ეწერა, რომ ეს არის სურსათის უვნებლობის სამსახურის მანქანა და ჩვენ რომ დაგვშორდა, როგორც ჩანს იმის გამო, რომ ილუზია შეექმნა, თითქოს უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა, კიდევ აგრძელებდა რაღაცეების შეწამვლას, მაგრამ როგორც აღვნიშნე, სანამ ჩვენთან მოვიდოდა, მანამდე ეს სამუშაოები არ უწარმოებია, ის ჩვენ გველოდებოდა. სწორედ ეს მანქანები, რომლებიც სურსათის უვნებლობის სამსახურს ემსახურება, აწარმოებენ თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
იმ ადგილას, სადაც თქვენი შეხვედრა იმართებოდა, არის ნარგავები, რომლებსაც შეწამვლა ესაჭიროება?
- იმ ტერიტორიაზე პრაქტიკულად არ არის არანაირი ნარგავები. ერთსა და ორ ხეს ყველგან მოძებნი, მაგრამ ეს არ არის ის ხეები, რომლებიც შეწამვლას საჭიროებს. იმ ადგილას პრაქტიკულად ღია ტერიტორიაა, სადაც არის ასევე სტადიონი და ამ ღონისძიების იქ ჩატარების არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა.
ამ შეწამვლის შედეგად შეხვედრის მონაწილეთაგან რომელიმე შეუძლოდ ხომ არ გამხდარა?
- სიმართლე გითხრათ, მეც მთლად გადასარევად არ ვგრძნობ თავს. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ არიან მოწამლულები, რომლებმაც დახმარებისთის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს. მაგრამ ვინაიდან საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, მე უბრალოდ არ მქონდა იმის საშუალება, რომ ეს ინფორმაცია გადამემომწმებინა.
ამ ინცინდენტის გამო მოსახლეობასთან თქვენი შეხვედრა ჩაიშალა?
- არა ბატონო, ამის შემდეგ ჩვენი შეხვედრა დაახლოებით 10 წუთი კიდევ გაგრძელდა, მაგრამ ეს შეხვედრა ძალიან შემოკლდა, რადგან ხალხმა თავად ნახა, ვისთან გვაქვს საქმე.
ბატონო გიორგი, წალენჯიხა არის რაიონი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის აკვანს უწოდებს ხოლმე. დღეს როგორი განწყობაა წალენჯიხაში?
- საქმე იმაშია, რომ აქ სერიოზულად მუშაობს ის ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ეწინააღმდეგება. ისინი ყველა ხერხებით ბოჭავენ ხალხს. არის სოფლები, საიდანაც კაცს ვერ გამოიყვან სასაუბროდ, რადგან ეშინიათ, მათთან პოლიციის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ნამყოფები, აშინებენ, ეუმქრებიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ნამდვილად „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილია.