ლელა რაზიკაშვილი: “ვაჟას რომ იცნობდნენ, საქართველოში ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ იქნებოდა”

ლელა რაზიკაშვილი: “ვაჟას რომ იცნობდნენ, საქართველოში ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ იქნებოდა”

„ისტორია ფარსის სახით მეორდება. ბოლშევიკებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სტუმრობისთვის ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევან რაზიკაშვილი დავხრიტეს, მე კი, ლელა რაზიკაშვილს, ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა არ მაპატიეს,“_ აღნიშნა Fორ.გე-სთან საუბრისას ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა.  

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორის პოსტიდან თქვენს გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით ხსნით?

- ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ღიად გამოხატული მხარდაჭერის გარდა, სხვა ლოგიკა არ არსებობს, რამდენადაც, სანამ მუზეუმის დირექტორი ვიყავი, მუდმივად მადლობას ვიღებდი. პირიქით, ბოდიშს მიხდიდნენ, რადგან სხვის გასაკეთებელს მე ვაკეთებდი, თანხებსაც მოვიზიდავდი ხოლმე და არასდროს შემიწუხებია ვინმე. არცერთი ღონისძიებისთვის, გამოფენისთვის, წიგნის დაბეჭდვისთვის არ გამომიყენებია ბიუჯეტი. მეტიც, მათი ნათქვამიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ეს იყო ერთადერთი მუზეუმი, რომელთანაც მათ პრობლემა არ ჰქონდათ და, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა. ახლა უცებ ისინი აცხადებენ, რომ მას ვადა გაუვიდაო და დანიშნეს თამარ რაზიკაშვილი. აქედან ერთადერთი დასკვნაა, მათ 14 ივლისის შემდეგ უნდოდათ ჩემი შეცვლა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ვუმასპინძლე. რა თქმა უნდა, მე ველოდი ამ ამბავს, ინფორმაციაც მქონდა.

თამარ რაზიკაშვილი თქვენი ნათესავია. როგორ დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას?

- თავად თამარ რაზიკაშვილი ჩემი ექსკურსიამძღოლი იყო. მის შესახებ ამბობენ, პროექტები წარმოუდგენიაო. მართლაც მენათესავება და ამ ისტორიაში ყველაზე მტკივნეული ეს არის. სიკეთის მეტი მისთვის არაფერი გამიკეთებია. დიდია ხანია, ეძებდნენ ჩემს შემცვლელს და, სხვათაშორის, ნაციონალური მოძრაობიდანაც კი, გაუჭირდათ იმ ადამიანის პოვნა, ვინც ამას დათანხმდებოდა. რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ერთ ადამიანს ათავისუფლებენ პოლიტიკური კუთვნილების გამო და მეორე უნდა მოვიდეს. ასეთი ადამიანი ისევ ჩვენს გვარში იპოვეს. ყველამ თავის მორალს მიხედოს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მქონია თამარ რაზიკაშვილთან მიმართებით საყვედური, გარკვეული ინტელექტის გამო ის ვერ უძღვებოდა ექსკურსიებს. ალბათ, მასაც დაუკავშირდებით და თავადაც დარწმუნდებით ამაში. ამის მიუხედავად, მას არ ვუშვებდი სამსახურიდან, რადგან ხელფასი მისთვის საჭირო იყო, პირიქით, პრემიებს ვუწერდი. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული ფაქტი, თორემ დანარჩენი, ამაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. მე ვაჟა-ფშაველას სახელობის საქველმოქმედო ფონდი მაქვს და იმ ფონდით გავაგრძელებ მუშაობას. ჩემი მოზიდული თანხებით ეწყობოდა ყველა ღონისძიება მუზეუმში, ასევე გავაგრძელებ და უკეთეს ღონისძიებებს მოვაწყობ, უკეთეს წიგნებს დავბეჭდავ. ეს არ არის პრობლემა. მთავარია იმის დაფიქსირება, რომ დღეს მე, ლელა რაზიკაშვილი გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება მაქვს ამ ხელისუფლებასთან მიმართებით.

ნიკა რურუასთან შეხვედრასა და გათავისუფლების მიზეზების მისგან მოსმენას      თუ აპირებთ, რადგან უშუალოდ მისი ბრძანებით მოხდა თქვენი გაშვება?

- მე დამნიშნა მინისტრმა და, ალბათ, მანვე გამათავისუფლა, მაგრამ ნიკა რურუა მანდ რას წყვეტს?! არაფერს, ეს არის საერთო სახელისუფლო პოზიცია და საერთო სახელისუფლო სტილი და ტენდენცია. რურუა ახლა ამ ხელისუფლების ერთ-ერთი წევრია და რა აზრი აქვს მასთან შეხვედრას? არც შევხვდები. ესენი ამ ბანაკის ადამიანები არიან, სწორედ ეს ბანაკი იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუმცა მე სამართლებრივ პროცედურებს გავივლი და სასამართლოში სარჩელს შევიტან.

თქვენ ბიძინა ივანიშვილის მასპინძლობას უკავშირებთ ამ ამბავს. მეტიც, თურმე ვერც ერთი მწერალი და პოეტი ვერ დაითანხმეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს მიიღებდა. რატომ მოხდა ასე? ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ ფონზე, ფშავში სტუმრის პატივისცემას ვეღარ რისკავენ? 

- სტუმარ-მასპინძლის ტრადიციის გაგრძელებას გარკვეული მორალური ტვირთვის აკიდება სჭირდება. ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ღირსეულად მოვედი ამ მუზეუმში, ღირსეულად ვიყავი და ღირსეულად მივდივარ. იკითხოს მან, ვინც მოვიდა ღალატით და სირცხვილით წავა აქედან. ეს დიდი მორალური ტვირთია, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება, ვერ ჩამოირიცხონ. ზუსტად ვიცი, ნაციონალისტი ხელის მომწერი ამაზე ვერ იპოვეს და სამწუხაროდ, ისევ ჩემს გვარში მონახეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანი ჩემს გვარს ატარებს.

ვაჟაობის დღესასწაულამდე ბიძინა ივანიშვილი თუ გყავდათ ნანახი?

- მანამდე ერთხელ შევხვდი. დიდი ხნის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ მესმოდა. იგი იყო პირველი სახელი და გვარი საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ადამიანი ყველაფერს აკეთებდა და მისი სახე, მისი სახელიც კი არ ჩანდა ინტერნეტში. ეს იყო ზნეობრივი მაგალითის მიცემი ყველა ქველმოქმედისთვის. რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემდი მას და მისგან დავალებულად ვთვლიდი თავს, ისე, როგორც ყველა ქართველი. კონკრეტულად მისგან დავალებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ქვეყანა რომ ააშენა, ჩემს ქვეყანას და მის კულტურას რომ პატრონობდა, ჩემი ქვეყნის გაჭირვებულებს რომ ეხმარებოდა, ეს ჩემს პირად პატივისცემად მიმაჩნდა. მე მას ვიცნობდი მანამდეც, სანამ ჩარგალში ამოვიდოდა. თავად მივედი და დავპატიჟე ბატონი ბიძინა, მანაც მიიღო მიპატიჟება და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან პოლიტიკოსმა მიიღო ჩემი მიპატიჟება. მან იგრძნო და იცოდა ფასეულობები ვაჟასი, ის აღიარებდა ვაჟას ფასეულობებს და ვაჟას აივანზე როდესაც იდგა, ძალიან მღელვარე სიტყვა წარმოთქვა. როცა პოლიტიკოსი ვაჟას აღიარებს და მისი ფასეულობებით მოდის პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგია. სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ დავპატიჟე საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლება ჩარგალში, მაგრამ, არც ერთხელ არ მოსულან. ეს ადამიანი კი ერთხელ მოვიწვიე და გვესტუმრა. ისევ ვიმეორებ, მე მარტო ბიძინა არ მომიწვევია, ვაჟას დაბადების დღეზე მე მოვიწვიე მთელი საქართველო. საზოგადოებრივი არხისა და საპატრიარქოს ტელევიზიაში ტრიალებდა პატარა ვიდეო-რგოლები, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე ვაჟას კუთხეში_ ჩარგალში აღენიშნათ.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ვაჟამ სამყაროში არსებული ღვთიური წესრიგი ამოხსნა და, რომ იგი პირადად შეეცდება, ვაჟასეული „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბოს. პირადად თქვენ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამში რა დაიჭირეთ და რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ივანიშვილი ვაჟა-ფშაველას კარგად იცნობს?   

- იუნესკომ საკაცობრიო ფასეულობად აღიარა ვაჟა-ფშველა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამერიკული დემოკრატიის მამები ამბობენ, რომ ამერიკული წარმატების საიდუმლო ინდივიდუალური თავისუფლებაა, ვაჟა-ფშაველა კი ამას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამბობდა, რომ ერისა და პიროვნების თავისუფლება განუყოფელია. ერი ვერ იქნება თავისუფალი, თუ პიროვნება არ არის თავისუფალი. და ეს იმ კაცმა თქვა, რომელიც ჩაკეტილი მთებიდან გამოვიდა. ვაჟა-ფშაველას ბევრი შეგონება, ციტატა პირდაპირ არის გადატანილი ადამიანის უფლებათა დეკლარაციასა და ევროპულ კონვენციებში. მთელ მსოფლიოს ამ ფასეულობამდე მისვლისთვის ორი მსოფლიო ომი დასჭირდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, როცა დაიწერა საერთაშორისო საკაცობრიო კონვენციები, რამაც საერთო საყოველთაო მშვიდობის ხელშეწყობა აღიარა, მაშინ გაგვახსენდა ვაჟა. სწორედ მაშინ მობრუნდა მსოფლიო და 1961 წელს ვაჟას დაბადების დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნა. ის, რაც დაინახა კაცობრიობამ ვაჟაში, სწორედ ის დაინახა ბიძინა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ ეს არის ჩვენი ფასეულობა და ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ, თუ პიროვნება თავისუფალი არ იქნა, თუ პიროვნება ღირსეული არ იქნა, ისე ერი ვერ აშენდება.

როგორ გგონიათ, ნაციონალებს რა დამოკიდებულება აქვთ ვაჟას მიმართ? სხვათა შორის, ნუგზარ წიკლაურს კაბინეტშიც აქვს ვაჟას სურათი.

- ეს სურათი მე ვაჩუქე.

ქართული საზოგადოება ძალიან ხშირად უხსენებს ნაციონალებს, რომ ისინი დაშორებულნი არიან ეროვნულ ფესვებს, განსხვავებით ვაჟა-ფშაველასგან, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იყო აღმოცენებული. ფიქრობთ, რომ ნაციონალები საერთოდ იცნობენ ვაჟა-ფშაველას და სწვდებიან მის სულს?

- ვაჟას რომ იცნობდნენ, საქართველოში ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ იქნებოდა. ისინი „ვეფხისტყაოსანსაც“ რომ იცნობდნენ, ასე არ ვიქნებოდით. რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურს, ჩემს ძველ გარეჯელ მეგობარს, ერთ დროს ჩვენ გარეჯის მონასტერში რუსეთის ტანკებს ერთად ვებრძოდით, ის ფილოლოგი კაცია და მან ვაჟა-ფშაველა ზეპირად იცის, ზუსტად იცის, რა მოხდა 1922 წელს, რაზიკაშვილების ოჯახში.

გულისხმობთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სტუმრობის გამო ვაჟა-ფშაველას შვილის _  ლევანის დახვრეტის ფაქტს?

- სწორედ ეს კითხვა დაუსვით ნუგზარ წიკლაურს, ვინ გაიქცა და ვინ ჩაუშვა  საკუთარი ძმა-ლევან რაზიკაშვილი? ვინ ესროლა დაძინებულ მიხა ხელაშვილს? ვინ ჩაუშვა და დაახვრეტინა მიხა რაზიკაშვილი და ფილიპე რაზიკაშვილი?! და ამის მერე ჰკითხეთ ნუგზარ წიკლაურს, იცის თუ არა, ვინ დაინიშნა დღეს მუზეუმის დირექტორად?! ძალიან მაინტერესებს მისი პასუხი ამ შეკითხვაზე. ხედავს თუ არა კავშირს ნეიბოლშევიკებთან? მე ვამბობ, რომ ესენი დღეს არიან ნეობოლშევიკები და ნუგზარ წიკლაური თავად ხედავს თუ არა ამ საბედისწერო კავშირს?! საერთოდ, ისტორია ორჯერ მეორდება, ერთხელ_ ტრაგედიის და ერთხელ ფარსის სახით. მე ვამბობ, რომ ტრაგედია იყო ის, როცა ქაქუცას სტუმრობისთვის დახვრიტეს ლევან რაზიკაშვილი და ფარსია ის, როცა ლელა რაზიკაშვილს ხსნიან ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისთვის. მაგრამ ეს ფარსი მანიშნებელია, რომ შემდგომში არ მოხდეს ტრაგედია. ამიტომ ქართველი ხალხი უნდა გაფაციცდეს და სწორი არჩევანი გააკეთოს. ლევან ჩოლოყაშვილის ტრაგედიის შესახებ კარგად იციან კობა არაბულმა, გიგი ხორნაულმა. ვაჟა-ფშაველას პირველი შვილი და მემკვიდრე  - ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს ამ სტუმრობის გამო და მე თავს კარგ რაზიკაშვილად არ ჩავთვლიდი, თუ ბიძინა ივანიშვილის ჩარგალში მასპინძლობისთვის სასჯელს არ მივიღებდი. ეს ბედისწერაცაა. რაზიკაშვილების გვარის უკვე მესამე თაობა ვცდილობდით, გავჩუმებულიყავით და ღიად არ გვესაუბრა ამ თემაზე, თუმცა მკვლევარები და მწერლები უკვე ღიად წერენ და საუბრობენ იმ სცენარზე, თუ როგორ გამოიყენეს ბოლშევიკებმა ერთ-ერთი რაზიკაშვილი ლევან რაზიკაშვილის წინააღმდეგ. დღევანდელმა ნეობოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეს ჭრილობა გახსნა.

1-ელი ოქტომბრისთვის როგორი განწყობაა ფშავში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით?

- ზუსტად იგივე ხდება ჩარგალში, რაც მთელ საქართველოში. განწყობა იმედიანია და ამბობენ, რომ ერთადერთი პატრონი გამოუჩნდა საქართველოს. ამას თან ახლავს ამათი მოქმედებები, ყველა ჭიშკარში შესვლა, ყველა ეზოში შესვლა და დაშინება. ეს პატარა სოფელი ზუსტად ქსეროასლივით ასახავს იმას, რაც საქართველოში ხდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ვინც ხმამაღლა თქმას ბედავს, სათქმელს ამბობს კიდეც; ვინც ხმამაღლა ვერ ამბობს, მაინც ყველა ერთ პოზიციაზეა-ჩვენ მივალთ ყუთთან და ჩვენს არჩევანს გავაკეთებთ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ, წესით, მთაში შალვა ნათელაშვილის მიმართ უფრო უნდა იყოს სიმპათია, მისი იქაური წარმომავლობიდან გამომდინარე?

- სხვათა შორის, ნათელაშვილს ჩვენში ძალიან ბევრი ენდობოდა და იგი იყო ფავორიტი,მაგრამ ახლა ეს განწყობა აღარ არის.