„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში როგორი იქნება ნინო ბურჯანაძის მომავალი პოლიტიკური როლი?! ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, ბურჯანაძეს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაღალი თანამდებობა შესთავაზოს.
ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის პირველმა შეხვედრამ საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა. სამების საკათდრო ტაძარში ხელის ჩამორთმევას თუ არ ჩავთვლით, ეს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და ბიზნესმენს შორის მართლაც პირველი შეხვედრა იყო. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოალიციის წევრები ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის გაყოფას მოერიდა, ბიზნესმენისგან მეტი პატივისცემა დაიმსახურა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა მას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსიც უწოდა.
ეკა ბერიძის გადაცემაში სტუმრობისას ნინო ბურჯანაძე ირწმუნებოდა, ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, არანაირ თანამდებობებზე საუბარი არ ყოფილაო. მეტიც, ბურჯანაძის განმარტებით, მათი მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობა იქნებოდა, პირველივე გაცნობითი შეხვედრის დროს, იმ უმძიმესი და უსერიოზულესი ბრძოლის წინ, რომელიც ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს, 1-ელ ოქტომბერს გველის, თანამდებობების განაწილებაზე ესაუბრათ. ბურჯანაძის თქმით, უპირველესად მნიშვნელოვანია, მოვიგოთ არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება რაიმე აზრი თანამდებობების განაწილებას.
ნინო ბურჯანაძის ამ განცხადების მიუხედავად, აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ, ადრინდელთან შედარებით, ბევრად კეთილგანწყობილია. ივანიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ბურჯანაძისთვის თანამდებობის მინიჭების შესახებ არ უფიქრია და კონკრეტული გეგმაც არ აქვს, მაგრამ იგი ცდილობს, რომ არათუ ნინო ბუჯანაძე, არცერთი ქართველი არ დაკარგოს და ყველამ მიიღოს აღმშენებლობაში მონაწილეობა.
ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ახსოვს, რომ ორი საუკეთესო კანდიდატურა წამოიყვანა მისი პარტიიდან - სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.
ბიზნესმენს არც იმის შეხსენება დასჭირვებია, რომ ნინო ბურჯანაძეს აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან შეხვედრა და რუსული ჰიმნის მოსმენა შესაძლოა, შეეშალა, რაც პირადად არ მოსწონებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მრწამსია, რომ ადამიანს პატარა და საშუალო შეცდომები უნდა ვაპატიოთ.
„შეცდომები, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და მის იდეოლოგებს, მსგავსი ნინოს არ ჩაუდენია. ყველაზე დიდი შეცდომები სააკაშვილს აქვს ჩადენილი. 2007 წლის ამბავთან დაკავშირებით, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს - ბურჯანაძეს რატომ ვუტრიალებთ?! მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ვინც გადაწყვეტილება მიიღო დარბევაზე“.
ბურჯანაძისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნებში არ მონაწილეობს, ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო. მეტიც, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც, მეტ-ნაკლებად, მნიშვნელოვანია. ექსპერტის აზრით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბურჯანაძემ იმით, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, შეინარჩუნა შანსი, მონანიების შემდეგ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ყველა იმ შეცდომებისა და სხვა ტიპის ქმედებების გამო, რაც მას ჩადენილი აქვს ამ პერიოდის საქართველოს ისტორიაში.
„ბიძინამ ეს შანსი მას მისცა. ეს მისთვის დამახასიათებელია, რადგან იგი არის შემნდობი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ბურჯანაძეს, რომელიც თანამონაწილეა იმ ყველაფრის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებდა ამ წლების განმავლობაში, არამედ დღევანდელ, არსებულ ხელისუფლებაში მყოფ ბევრ ადამიანსაც მისცემს ასეთ შანსს. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ამ ხელისუფლებაში ბევრ სხვასაც შეეძლება, სამომავლოდ ასეთივე შანსი მიეცეს, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ამიტომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს. ამ შეხვედრის უკან მეტს ვერაფერს ვხედავ“.
რაც შეეხება ბურჯანაძისთვის თანამდებობის შეთავაზებას, გია ხუხაშვილი ამ თემას არასერიოზულად მიიჩნევს. მისი აზრით, იმისთვის, რომ ბურჯანაძე დაბრუნდეს რომელიმე თანამდებობაზე, მან ძალიან კარგად უნდა მოინანიოს ყველაფერი, რაც დაშავებული აქვს და შეცდომებზეც პასუხი უნდა აგოს.
„გავიხსენებ 2007 წლის აქციას, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას, 2007 წლის დარბევის ლეგიტიმაციას და ა. შ. ბურჯანაძეს აქვს გარკვეული უფლება, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. მას ეს შანსი ბიძინა ივანიშვილმა მისცა. ვფიქრობ, დღეს ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა ამ ფაქტს უნდა შეხედონ ამ კუთხით, რომ მათაც მიეცემათ შანსი, იყვნენ წყნარად და შეეცადონ ამ ყველაფრის გამოყენებას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამ შეხვედრაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, შეხვედრას, პრინციპში, წინ არაფერი ედგა, მით უმეტეს, ასეთი გადამწყვეტი არჩევნების წინ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია თუ არა, კონსულტაციები მაინც აუცილებელია.
„ამ შეხვედრამდე, ალბათ, ბურჯანაძეს პირობა წაუყენეს, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და მხოლოდ შემდეგ შემდგარიყო შეხვედრა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბურჯანაძე ივანიშვილს შეხვდა, როგორც იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს“.
ექსპერტის თქმით, კონსულტაციები პოლიტიკური პროცესის ჯანსაღი პროდუქტია. კონსულტაციების არარსებობას კი სადამდე მივყავართ, კარგად ვხედავთ. ლამის ყოველდღიური დაპირისპირებებია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსასვლელად ემზადება, კონსულტაცია, ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელთან, რა მიმართულებაც არ უნდა ჰქონდეს ამ პოლიტიკურ სეგმენტს.
ბურჯანაძესთან შეხვედრის აუცილებლობას კი ექსპერტი იმით ხსნის, რომ, თუ პოლიტიკოსმა არ იცის, რითი საზრდოობს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, მაშინ ძალიან ძნელია, პრეტენზია გქონდეს ამ ქვეყნის მართვაზე. ამიტომ ყველა ძალის - პრორუსული იქნება ეს, პროდასავლური, თუ სამომავლოდ - პროჩინური, სასიცოცხლო ინტერესები უნდა იცოდე იმ ადამიანმა, პერსონამ და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა, რომელსაც სამომავლოდ ქვეყნის მართვაზე გააჩნია პრეტენზია.
„შეხვედრები სრულიად ჯანსაღი პროცესია. თუ ასეთი კუთხით შევხედავთ, რომ ბურჯანაძე ის პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც, სხვებთან შედარებით, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, თუნდაც ამ თვალსაზრისით, ბურჯანაძესთან შეხვედრა საინტერესოა. უნდა იცოდე, ვინ შეიძლება იყოს რუსეთის პოლიტიკური ელიტის დასაყრდენი და რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან“.
რაც შეეხება ბურჯანაძისთვის დაპირებულ თანამდებობას, ხათუნა ლაგაზიძეს დაუდასტურებელ ფაქტზე კომენტარის გაკეთება უჭირს. მით უფრო, რომ ჯერ გადასაგორებელია ოქტომბრის არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი თანამდებობების დარიგება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის არეალში ბურჯანაძის ადგილის პოვნა თვითონ ივანიშვილის გადასაწყვეტია. თუმცა, ძნელია, ბურჯანაძის გამოცდილების იგნორირება მოვახდინოთ იმ პერიოდში, როცა ქვეყანას საკადრო რესურსის სიმწირე აქვს. ამასთან, ხათუნა ლაგაზიძის სურვილია, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ორ ძირითად ძალას, რომელიც სამომავლოდ პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის მართვაზე, ნაკლებად ჰყოლოდათ მძიმე წარსულსა და ასოციაციებთან დაკავშირებული პიროვნებები. მას სურდა, ახალი სისხლი, ახალი იდეები და ახალი სახეები შეეტანათ ქართულ პოლიტიკაში.
„ეს გაცილებით საღი იქნებოდა მათი მხრიდან და გაცილებით ფუნდამენტური შენატანი ამ ქვეყნის მომავალში, ვიდრე ძველი სახეების რეინკარნაცია. თუმცა ამ ტიპის დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ ველით ოქტომბრის არჩევნების წინ, ყველა რესურსის გამოყენება სასურველია. დღეს ამ ორივე პოლიტიკური ძალისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი იყო, მათ ეპოვათ რესურსი და ახალი სისხლი გადაესხათ საკუთარი პოლიტიკური ძალებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. მაგრამ მე ვერ გეტყვით, მათ ეძებეს თუ არა ეს რესურსი. ალბათ, ეძებეს და ვერ მოიძიეს. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ტრაგიკული პრობლემა ქართული პოლიტიკისა, ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე, სწორედ საკადრო რესურსებია“.
მისი აზრით, საკადრო რესურსების სიმწირე, არასწორი შერჩევა, არასწორი აქცენტები, ფუნქციების და პასუხისმგებლობის არასწორი განაწილება, იყო და რჩება იმ კატაკლიზმების სათავედ, რაც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბურჯანაძე-ივანიშვილის შეხვედრას ბუნებრივად მიიჩნევს, რადგან ბიძინა ივანიშვილის მთავარი მესიჯი ქართველი ხალხისთვის ისაა, რომ უნდა გააერთიანოს საქართველო. ეს კი ქართველ პოლიტიკოსებს შორის არსებული განხეთქილების შევსებით უნდა დაიწყოს.
„მათი შეხვედრა სავსებით ნორმალურია, ბურჯანაძე არჩევნებში არ მონაწილეობს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოლიტიკურ ხედვებს, რაც მას გააჩნია, ხოლო თანამშრომლობის მხრივ, არც სააკაშვილის წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, მასთან გვეთანამშრომლა, მაგრამ მან თქვა უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე. თავისთავად, უცნაურია, გვყავდეს ქვეყანაში ისეთი უარყოფითი პირი, როგორიც სააკაშვილია და ამ დროს მასთანაც კი გამოთქვა ივანიშვილმა ლაპარაკისა და შეხვედრის სურვილი, მაგრამ სააკაშვილი უარს ამბობს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ბურჯანაძისთვის თანამდებობის შეთავაზებასთან დაკავშირებით კი ექსპერტი აცხადებს, რომ პირველად ესმის ამის შესახებ, რადგან ამჟამად იგი წყალტუბოშია და ამომრჩეველს ხვდება. თუმცა კი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა არ არის კოალიციის წევრი და, ამდენად, რა თანამდებობა უნდა მისცეს მას ივანიშვილმა, მისთვის გაუგებარია.