კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაინტერესდა, რატომ არ ახდენენ ისინი რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე. მეტიც, ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უკითხავს დიპლომატებისთვის, თუ რას ელოდებიან ისინი და რატომ არაფერს აკეთებენ აღნიშნულთან დაკავშირებით?! ამის შესახებ ივანიშვილმა დიპკორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ყველა უკანონობის შესახებ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა.
„მათ ვუჩვენე ეს ვითარება და ვკითხე – რას ელოდებიან და ხმას რატომ არ იღებენ. გავახსენე აშშ-ს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის, ასევე, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი საქართველოსგან დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს მოელიან“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და აქვე განმარტა, რომ ხელისუფლების ძალადობისა და „უბადრუკი ქმედებების“ მიუხედავად, იგი არჩევნებში გაიმარჯვებს, რისი მოლოდინიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.
სხვათაშორის, დიპლომატების მხრიდან ასეთივე პრინციპულობის გამოჩენის მომხრე იყო ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ადრინდელი შეხვედრისას, როცა მას ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პრობლემა შეუქმნეს. მაშინ ივანიშვილმა ღიად მოუწოდა დიპლომატებს, გამოეხატათ პრინციპული პოზიცია მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველში სასამართლო არ არსებობდა. ამდენად, დიპლომატებს არ უნდა ჰქონოდათ მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
ამჯერადაც რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის შედარებით კატეგორიული ტონი?! ამის შესახებ For.ge იმ პოლიტიკოსებს ესაუბრა, რომლებიც, კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ესწრებოდნენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებთან შეხვედრისას ძირითადი აქცენტი წინასაარჩევნო გარემოზე, კერძოდ, იმ უკანონო ქმედებაზე გაკეთდა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ეს კი ცალსახად მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში თანაბარი წინასაარჩევნო პირობები არ არის შექმნილი.
„ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავად ჩაატარა ეს შეხვედრა უცხოელ დიპლომატებთან, პირდაპირ თხოვნით მიმართა უცხოელ დიპლომატებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სწრაფად და ღიად განახორციელოს თავისი გზავნილების გამოგზავნა ხელისუფლების მიმართულებით. დროულად უნდა გაკეთდეს განცხადებები, რათა დარჩენილ დროში მაინც შესაძლებელი გახდეს ვითარების გამოსწორება და ნორმალურ პირობებში არჩევნების ჩატარება. დიპლომატები ჩვენი ხელისუფლების ყველა ქმედების შესახებ ჩავაყენეთ საქმის კურსში - პარტიების ანგარიშების დაყადაღება, ჩვენი აქტივისტების პირადი ქონების დაყადაღება თუ წართმევა, აქტივისტების დაპატიმრება და სხვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, „ქართული ოცნება“ მივიდეს არჩევნების დღემდე, გამარჯვებისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის“.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი კამპანია გრძელდება. თუმცა პეტრიაშვილმა ამ დაბრკოლებებსაც ერთგვარი „ახსნა“ მოუძებნა. კერძოდ, ხელისუფლებას რეალურად აღარ დარჩა არც რესურსი, არც ფანტაზია და, სხვათაშორის, არც უკანონო ქმედებების არსენალში მოეპოვებათ რაიმე. ისინი აგონიური შიშის მდგომარეობაში იმყოფებიან.
„ამიტომ ხელისუფლების ჩარჩოებში მოქცევისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგრობრობის მხრიდან პრინციპული, მკაფიო და ღია პოზიციების დროულად დაფიქსირება“, - მიიჩნევს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ცალსახაა, რომ დიპლომატები საქმის კურსში აყენებენ თავიანთ დედაქალაქებს, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს. მეტიც, საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციები ჩამოდის და დელეგაციებისა და დამკვირვებლების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. უახლოესი დღების განმავლობაში კი, ეს რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება.
„დიპლომატებმა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა ყურადღებით მოისმენეს. სხვათა შორის, ამ შეხვედრის გარდა, საელჩოების წარმომადგენლებთან მუდმივად გვაქვს შეხვედრები, კონტაქტები, მსოფლიოს წამყვან დედაქალაქებში ხორციელდება ვიზიტები. რა თქმა უნდა, აქ ჩამოდიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, მისიების ხელმძღვანელები, რომლებიც ინდივიდუალურად ხვდებიან ბიძინა ივანიშვილს და აქაც მთელი სიმძაფრით არის წარმოდგენილი არსებული სურათი“.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის თქმით, დიპლომატებთან შეხვედრისას იმ აბსოლუტური უსამართლობის ფაქტები დაფიქსირდა, რასაც ხელისუფლება მიმართავს. მათ შორის, ხელისუფლების ძალადობის ახალი თემა, რაც დღესასწაულებთან მიმართებით შექმნილ პრობლემაში გამოიხატება.
„ეს ახალი თემა გახდა, როცა ცდილობენ, ყველა სახალხო თუ რელიგიური დღესასწაული ნაცების დღესასწაულად აქციონ და სხვა ადამიანებს მასზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილმა ეს პირდაპირ შეადარა კომუნისტურ წყობას. სწორედ კომუნისტური წყობის რელიქტია ის, რასაც დღეს აღიარებს მიხეილ სააკაშვილი. ასევე, დიპლომატებმა შეიტყვეს იმ გამონათქვამების შესახებ, როცა, სააკაშვილი, პრაქტიკულად, წყევლაზეა გადასული. იგი პირდაპირ იწყევლება - „ფუი ეშმაკს“, „მუმიფიცირებულები“, „უწმინდურები“ და ა.შ. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ცივილიზებული კამპანია ვაწარმოობთ. გარდა ამისა, ჩვენთვის პრობლემაა ინკასოები პარტიის ანგარიშებზე, რაც თუნდაც ერთი თეთრის დახარჯვის საშუალებას არ გვაძლევს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, საარჩევნო კამპანია ჩაშალოს და არჩევნები ჩაკლას. ამის მიუხედავად, ჩვენ დინჯად, თავგამოდებით მივეშურებით არჩევნებისკენ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, მათ იმიტომ სთხოვეს რეაგირება დიპკორპუსს, რომ არ შეიძლება, ეს ყველაფერი შეფასების გარეშე დარჩეს. სუბარის განმარტებით, არის საკითხები, როცა განცხადებების გაკეთება, შეიძლება, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს, მაგრამ, როცა საქმე ეხება საარჩევნო გარემოს, დემოკრატიულ პრინციპთა დარღვევას, ამ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ვალდებულია, ხმა ამოიღოს. მეტიც, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საშუალება არ უნდა მივცეთ, ხაზი გადაუსვას კანონს და კონსტიტუციას, რითაც, პირველ რიგში, დატყმას მიაყენებს საერთაშორისო საზოგადოებას.
„ამიტომაც იყო ბიძინა ივანიშვილის მოწოდება ასეთი მკაფიო. დიპლომატებმა ეს ყველაფერი ჩაინიშნეს და გარკვეულ ფაქტებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება გვთხოვეს. კონკრეტულად, მათ დეტალურად აინტერესებთ დაჯარიმების, დაყადაღებების, ცემის, დევნის ფაქტები, რომლებმაც მასობრივი ხასიათი მიიღო. მართალია, ადმინისტრაციული დაპატიმრებები რამდენიმე დღიანია, მაგრამ ის რამდენიმე დღე, ზოგ შემთხვევაში, 80 დღეს ნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ ეს ადამიანები საარჩევნო კამპანიას აკლდებიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ დიპლომატები უთუოდ გამოხატავენ რეაქციას.
„სხვაგვარად შეუძლებელია, თვალი დახუჭო, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ნასახიც არ არის და საარჩევნო გარემო კვდება“, - მიიჩნევს სოზარ სუბარი.