ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
„გაათავისუფლეს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია. გარდა ამისა, ორივე მათგანი იყო კონკურსში გასული და ადმინისტრაციულის გარდა, აკადემიურ თანამდებობასაც ფლობდნენ, მაგრამ ორივე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მაია გონაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ფაკულტეტის შენება თავის გუნდთან ერთად დაიწყო, ფეხზე დააყენა, რეიტინგი მისცა. რამდენიმე თვის წინ მოსული დეკანი იბარებს და ეუბნება მას, რომ განთავისუფლებულია ორივე თანამდებობიდან. ასე არ შეიძლება. მითუმეტეს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას თავის პროცედურები აქვს. არ ვიცი რა ინტერესების მსხვერპლი გახდა მაია გონაშვილი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ ფაკულტეტზე არ ხდებოდა ჩაწყობები და ნაცნობობით ნიშნის დაწერები. ვცდილობდით სამართლიანად გვემართა პროცესები“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25 ლექტორის წერილი გაიგზავნა რექტორთან, სადაც ისინი, პროტესტის ნიშნად, აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
„ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილება ბოლო დროს ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე უსამართლოდ, ეთიკური ნორმების დარღვევით, ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შემლახველ ცვლილებებს უკავშირდება. მოგიწოდებთ ყველგან, ყველა ინსტიტუციაში მოითხოვეთ სამართლიანობის აღდგენა და ყოველთვის იბრძოლეთ სიმართლისთვის. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ვეხმარებით მომავალ თაობებს. სხვა არანაირი ინტერესი არ გვამოძრავებს, გარდა იმისა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. თუ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ დაგვსაჯონ!“ - აღნიშნა მიქანაძემ.
ილიას უნივერსიტეტიდან თანამშრომლების წავლის ფაქტს, ილიაუნის რექტორი გიგი თევზაძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ნამდვილად უკავშირდება ერთ-ერთი თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს, თუმცა უნივერსიტეტს კანონი ამით არ დაურღვევია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მათ (25-მა ლექტორმა) უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტეს. ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. უნივერსიტეტს თანამშრომლის გათავისუფლებით კანონი არ დაურღვევია. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც თანამშრომელი რეორგანიზაციის შედეგად იქნა გათავისუფლებული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო დეკანმა. მას სურს, რომ საკუთარი კადრები ჰყავდეს და ამაში უკანონო არაფერია“, - განაცხადა თევზაძემ. მისი თქმით, უნივერსიტეტიდან წასულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და რამდენიმე მათგანი, შესაძლოა, უკან დაბრუნდეს.
რა გახდა ილიას უნივერსიტეტიდან ლექტრების განთავისუფლების მიზეზი, რამაც უნივერსიტეტის თანამშრომლების პროტესტი გამოიწვია? ვინაიდან მაია გონაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა), ილიაუნიდან განთავისუფლებულ მეორე ლექტორს, აკაკი ცომაიას ვესაუბრეთ. მან განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ გაათავისუფლეს ის და მაია გონაშვილი ილიას უნივერსიტეტიდან.
აკაკი ცომაია: „სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გაგვანთავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თუ დაუკავშირდებით, იქნებ გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს რატომ მოხდა ჩვენი განთავისუფლება.
გიგი თევზაძის განცხადებით, უნივერსიტეტიდან რამდენიმე თანამშრომელი რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს
- თუ ხდება სტრუქტურული რეორგანიზაცია, მას თავისი წესი აქვს. ჯერ ერთი, ჩემთვის ეს არ უთქვამთ. მეორეც, სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს აბსოლუტურად ყველა ადამიანს ათავისუფლებენ, უფრო სწორად ყველა თანამშრომელი შტატგარეშედ ცხადდება და შტატებს ხელახლა აკომპლექტებენ. ამას ნიშნავს სტრუქტურული რეორგანიზაცია და მაშინ ჩვენს შემთხვევაშიც ასე უნდა მომხდარიყო. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ძალიან კარგი, თუ სტრუქტურული რეორგანიზაცია ხდება, მაგრამ ასეთ დროს ის ადამიანები, რომლებსაც კონტრაქტი რაღაც ვადამდე აქვთ გაფორმებული, ისინი თავიანთ სამსახურს კონტრაქტის ამოწურვამდე ინარჩუნებენ. ამიტომ, იქნებ ადმინისტრაციამ ახსნას, თუკი ეს სტრუქტურული რეორგანიზაციაა, მაშინ როგორ მიმდინარეობს იგი. სხვა მიზეზი, თუ რის გამო გაგვანთავისუფლეს, მე ნამდვილად არ ვიცი.
თქვენ ვინ გითხრათ, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული იყავით?
- ადმინისტრაციის უფროსმა და დეკანმა დამიბარეს და მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობა. რაც შეეხება მაია გონაშვილს, იგი სტრუქტურული რეორგანიზაციის მიზეზით გაანთავისუფლეს. მაშინ მეც ასე მითხრეს, მაგრამ იმის გამო, რომ ველოდებოდი ტყუპებს, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩამაგდეს, დამთანხმდნენ, რომ ნოემბრის ბოლომდე ავიღებდი ჩემს კუთვნილ ხელფასს, ხოლო ნოემბრიდან აკადემიური თანამდებობაც უნდა დავტოვო. ადმინისტრაციული თანამდებობა კი 6 აგვისტოს ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე.
თქვენი და მაია გონაშვილის გარდა სხვა თანამშრომლებსაც შეეხო ეს სტრუქტურული რეორგანიზაცია?
- არა, ეს მხოლოდ მე და მაია გონაშვილს შეგვეხო.
მაინც რას უკავშირებთ ორი ადამიანის ასე გამორჩევას სხვა თანამშრომლებისგან, ოპოზიციურად განწყობილები ხომ არ ხართ?
- აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და შესაბამისად, არც არასდროს მქონია სურვილი, რაიმე პოლიტიკური განცხადებები მეკეთებინა. მე ყოველთვის ვემსახურებოდი იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ამდენად, ვერაფერს გეტყვით, რადგან მართლაც არ ვიცი, რატომ გამათავისუფლეს. ეს მეც ძალიან მაინტერესებს.
გიგი თევზაძემ ასევე განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები გამოცდილ ლექტორებთან, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებში გამოცდილებით გამოირჩევიან, ასე რომ ახალ სასწავლო წელს რაიმე ზიანი არ მიადგებაო. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ თქვენ კვალიფიკაცია დაგიწუნეს?
- მაია გონაშვილი არის ამერიკის განათლების სააგენტოს მიერ აღიარებული, სერტიფიცირებული ტრენერი. მე კი ვარ ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე და რა გითხრათ, არ ვიცი. საერთოდ, ძალიან კარგია, თუკი ისეთ ლექტორებთან აქვთ ურთიერთობა, რომლებიც ამ წუთას ევროპაში ასწავლიან, მივესალმები ამას, მაგრამ სანამ მე იქ ვიყავი, ასეთ ნიშნებს მე ვერ ვხედავდი. ყოველ შემთხვევაში, ერთი-ორი მაინც ხომ უნდა ჰყავდეთ ისეთი, ვისაც ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის გამოცდილება აქვთ?!