ბანკები დუმან, სასამართლო მათზე ბატონობს

ბანკები დუმან, სასამართლო მათზე ბატონობს

„ერთი კონკრეტული სისხლის სამართის საქმე ტოტალური უკანონო კონტროლის საფუძვლად იქცა“, - ასეთია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პოზიცია, რომელიც მან დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გაახმოვანა. საქმე ეხება 2012 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას, რომლითაც პროკურატურას 2012 წლის 13-დან 20 ივლისის პერიოდში საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში ფიზიკური პირების მიერ მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების უფლება მიეცა.

დაახლოებით ერთი თვის წინ მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გელა გელაშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომლის მიხედვითაც იგი მოითხოვდა ნებართვას, ამოღებული ყოფილიყო საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატების მეშვეობით უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათების გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დეტალური ინფორმაცია.

მოთხოვნის საფუძვლად დასახელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ პირთა წრე საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებების ბანკომატების მეშვეობით უცხო ქვეყნების მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების გამოყენებით ახორციელებდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების განაღდებას და შემდგომში მის ლეგალიზებას.

ამასთან დაკავშირებით მოსამართლე ეკა არეშიძემ დაადგინა: „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტინარკოტიკული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებს მიეცეთ ნებართვა საქართველოს ბანკიდან, თი-ბი-სი ბანკიდან, ზირაათ ბანკიდას თბილისის ფილიალიდან, კორსტანდარტ ბანკიდან, ვი-თი-ბი ბანკიდან, რესპუბლიკა ბანკიდან, პროკრედიტ ბანკიდან, ინვესტ ბანკიდან, პრივატ ბანკიდან, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკიდან, ბაზისბანკიდან, ბანკი კონსტანტადან, ბი-თი-ეი ბანკიდან, კავკასიის განვითარების ბანკის თბილისის ფილიალიდან, ლიბერთი ბანკიდან, ხალილ ბანკი საქართველოდან, ბანკი ქართუდან, პროგრეს ბანკიდან ამოღებულ იქნას ხსენებული ბანკების კუთვნილი ბანკომატების მეშვეობით უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათების გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დეტალური ინფორმაცია, ტრანზაქციის დროის, განხორციელებული ტრანზაქციის ოდენობის და სხვა მაინდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით, როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული ინფორმაციის სახით 2012 წლის 13 ივლისიდან 2012 წლის 20 ივლისის პერიოდის ჩათვლით“.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ის ფაქტი, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, საბანკო საიდუმლოების, ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელყოფა სასამართლოს ერთი რიგითი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, ზიანს აყენებს როგორც საბანკო სექტორის სანდოობას და იმიჯს, ასევე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის მიღების პრეცენდენტი, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე შეიქმნა, ნებისმიერ დროს შეიძლება იქნას მიღებული და ამით სერიოზული ზიანი მიადგება დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის იმიჯს“, - აცხადებს აფბა-ს პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.  

მისი თქმით, საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსი, უცხოელი ტურისტები, ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბანკომატით ახორციელებს ტრანზაქციას, ნებისმიერ დროს შეიძლება პროკურატურის დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდეს.

„სასამართლოს განჩინების მიხედვით, ქართველ გამომძიებლებს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის პირადი საბანკო ტრანზაქციების, ანუ ფულადი მიმოქცევის გადამოწმების საშუალება აქვთ. თავიდან ბოლომდე უგულებელყოფილია Visa-ს და Master Card-ის პრინციპები, რომლებიც კლიენტების კონფიდენციალობას გულისხმობს“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

„ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ბანკების ასოციაციას და ქართულ კომერციულ ბანკებს ღიად დააფიქსირონ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე მთლიანად საბანნკო სექტორის სანდოობა და იმიჯი, რადგან მსგავს ფაქტებზე პასიური რეაგირებით თავად საბანკო სექტორი ზარალდება. გარდა ამისა, „აფბა“ მიმართავს ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატონ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას ქართული საბანკო სექტორი, ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ეს შიშით არის გამოწვეული.

„აქ შეგვიძლია „ქართუ ბანკის“ საკითხი მოვიყვანოთ მაგალითად. კერძოდ, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ნახეს, როგორ „დაისაჯა“ „ბანკი ქართუ“ იმის გამო, რომ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ან თუნდაც განსხვავებული პოზიციის მქონე პირთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე არსებობს შიში, რომ ნებისმიერ ბანკს ნებისმიერ დროს შეიძლება მსგავსი პრობლემა შეეხოს. ამის გამო, ისინი ამჯობინებენ, პასიურ მდგომარეობაში იყვნენ და თავიანთი პროტესტი ღიად არ დააფიქსირონ“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.