„ყველა ოპოზიციური ძალა ერთად უნდა შევეცადოთ სააკაშვილის დამარცხებას და არა ერთმანეთისთვის ხმების წართმევას. მე ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების კონკურენტი კი არა, თანამებრძოლი ვარ“, - აცხადებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელიც ცოტა ხნის წინ „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერს მინდია გულუას შეხვდა.
ჩვენი ბოლო ინტერვიუს დროს განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან აპირებდით შეხვედრას. იყო საუბარი „ქართული დასსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შესაძლო კოორდინაციაზე. ეს თანამშრომლობა რატომ არ შედგა?
- აჯობებს ეს შეკითხვები ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვათ. ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიდის მოლაპარაკებები. ბევრ საკითხზე ჩვენ ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ შევთანხმდით. მათ შორის იყო მოლაპარაკება მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებითაც. ალბათ, ეს კითხვა იმიტომ დამისვით, რომ საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი იგულისხმეთ ძალიან რბილ შეფასებას გავაკეთებ, - ამ საკითხზე გაუგებრობა მოხდა. ორივე მხარე ვმუშაობთ ამ თემაზე. „ქართულ დასის“ მიზანია გამოვრიცხოთ კონკურენცია მაჟორიტარულ ოლქებში მაინც. სადაც ორი მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ოპოზიციიდან, იქ მაღალი ალბათობით „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. სადაც რომელიმე ოპოზიციურ ძალას მომგები კანდიდატი ჰყავს და მას დავუყენებთ კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დავასხამთ წყალს. ამას ჩვენც ვაცნობიერებთ და „ქართული ოცნებაც“. სხვადასხვა ოლქებში (თუნდაც დიდუბესა და წყალტუბოში) გვყავს ძლიერი კანდიდატები, მაგრამ არცერთი არ დაგვისახელებია იმის გამო, რომ გვინდა ოპოზიციასთან კოორდინაცია გვქონდეს. დარწმუნებული ვარ ე.წ. გაუგებრობას მალე გასაგებს გავხდით ქართველი საზოგადოებისთვის.
საბურთალოს ოლქში, სადაც უკვე დასახელებულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი შეიძლება რამე შეიცვალოს?
- აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუკი რომელიმე ოპოზიციონერს ჩემთან აქვს კონკურენციის განცდა და ფიქრობს, - ჯონდის მაღალი რეიტინგი აქვს და სჯობს ჩავყლაპოთო, შეცდომაა. ჯერ ერთი ასე ადვილი ჩასაყლაპი არ ვარ და მეორე, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ორი ერთანეთთან დაპირისპირებული ოპოზიური კანდიდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად ჩაყლაპოს. ეს ეხება არა მარტო საბურთალოს, არამედ ყველა ოლქს და ამას არ დავუშვებ. ვხედავ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის რესურსი არსებობს. არა მარტო საბურთალოზე, ყველგან უნდა გამოირიცხოს ოპოზიციურ კანდიდატებს შორის კონკურენცია. ორი მხარე ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ შედეგები გვექნება.
იყო საუბარი თქვენსა და ნინო ბურჯანაძეს შორის კოალიციის შექმნაზე, მაგრამ ბურნჯაძეს უარი თქვა არჩევნებში მონაწილებაზე. როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას?
- პატივს ვცემ ნინო ბურჯანაძის ამ გადაწყვეტილებას, თუმც მიმაჩნია, რომ ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები გამოაკლდნენ ისეთ მნიშვნელოვან ბრძოლას, როგორც 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. ვისურვებდი, ისინი ყოფილიყვნენ ამ ბრძოლაში. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, მაგრამ ასე გადაწყვიტეს და მათ ნაბიჯს კრიტიკულად ვერ შევაფასებ. „ქართული დასი“ ყველა ძირითად ოპოზიციურ ძალასთან ლაპარაკობს ბევრ საკითხზე. ახლა ერთმანეთთან შეჯიბრის დრო არ არის, რადგან ერთიანი ფრონტი და ერთიანი პროპორციული სია ვერ გაკეთდა, ახლა კონკურენცია მაჟორიტარულ ოლქებში მაინც უნდა გამოვრიცხოთ. დაუშვებელია, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმება არ მოხდეს. ჩვენი შეუთანხმებლობა დამარცხებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ოპოზიციონერებმა ერთანეთის დამარცხებაზე არ უნდა ვიფიქროთ. თუ რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი, ვთქვათ, საბურთალოზე გამარჯვებას ეცდება, ჯერ ჩემს დამარცხებას უნდა შეეცადოს. რატომ ცდილობ ჩემს დამარცხებას, მოდი მე მოგეხმარები, რომ შენ რომელიმე სხვა ოლქში გაიმარჯვო და სააკაშვილი, რომელიც სიძულვილის, ტყუილის, უსინდისობის, ბოროტებისა და არაკაცობის სიმბოლო გახდა, ის დავამარცხოთ ერთად. ჩემთან ჭიდაობა არ იქნება სწორი.
ხელისუფლება ოპოზიციის არც თუ კოორდინირებული საქმიანობით ძლიერდება. პრეზიდენტი კი ახალ-ახალ ობიექტებს ხსნის, ახალ მშენებლობებს უყრის საფუძველს.
- საააკშვილმა კი არ ააშენა, დაანგრია ეს სახელმწიფო. უპასუხისმგებლობის გამო დაკარგა ტერიტორიები და დაშალა ქვეყნის ეკონომიკა. 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. სააკაშვილმა შექმნა ძალიან მძიმე სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობა. საგარეო ასპარეზზე ქვეყანა მარგინალიზებულია. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს იმიჯი შეირყა იმის გამო, რომ ჰყავს ასეთი პრეზიენტი. ლაზიკის აშენება სააკაშვილის ფანტაზიაა. ეს კაცი რატომღაც მიიჩნევს, რომ მისი ღამის სიზმარი, დღისით საქართველოს ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს. არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიქცეს სააკაშვილის სიზმრების და პოხონდრიების დაფინანსების საშუალებად, მაშინ როდესაც ხალხი მშიერი კვდება. რა დროს ლაზიკაა, როდესაც 900 ათასი ბენეფიციარია დარეგისტრირებული სოციალურ სააგენტოში, როგორც სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი. კიდევ 600 ათასი ადამიანი ითხოვს ამ სტატუსს და არ აძლევენ იმის გამო, რომ სახელმწიფოს ფული არ აქვს. თუ იმის ფული არ გაქვს, რომ შენს 600 ათას მოქალაქეს 30 ლარი მისცე, შე დალოცვილო, რა იუსტიციის სახლის, რესტორნების და კაზინოების აშენება მოგინდა ჭაობში, როდესაც აშენებულია ამდენი ქალაქი, ისინი განავითარე, იქ ააშენე ფაბრიკა ან ქარხანა, რომ ხალხს სამუშაო ჰქონდეს.
რამდენადაც ვიცი, „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერს მინდია გულუას შეხვდით და რა იყო ამ შეხვედრიც მიზანი?
- როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული სურათი, თუ როგორ თანამშრომლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ამის მერე გავაკეთებ შეფასებებს. დაგიდასტურებთ, რომ მინდია გულუსთან და მის პარტიასთან საუბარი მქონდა. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება ერთმა არასწორად დაწერილმა ან გაგებულმა ინფორმაციამ ვითარება გაართულოს. ძალიან ძლიერად მუშაობს ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები იმისთვის, რომ როგორმე არ შედეგს ოპოზიციური ერთობა და მოახდინონ ოპოზიციის შიგნით კონკურენციის პროვოცირება. ამაზე ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ, რადგან იციან მათი გადარჩენა მხოლოდ ამაშია. თუ ოპოზიციის ერთობა შედგა, არჩევნებამდეც აღარც მივა საქმე. როგორც კი გამოცხადდება, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ დავასრულოთ ეს ძალადობა და უსამართლობა, ხელისუფლებაში ყველაფერი დამთავრდება. ამიტომაც მუშაობენ ოპოზიციის გახლეჩვაზე. წინასწარ გაკეთებულ კომენტარებს იყენებს ხელისუფლება ჩვენს შორის ურთიერთობის დაძაბვისთვის, ლიდერებს შორის დაპირისპირებისა და ეჭვიანობისთვის, რადგან ხელისუფლებას შეგზავნილი ხალხი ჩვენთანაც ჰყავს და „ოცნებაშიც“. როდესაც იქნება კონკრეტული შედეგები და გამოკვეთილი სურათი როგორი სახით ითანამშრომლებს „ქართული დასი“ ოპოზიციურ პარტიებთან, უკვე შემეძლება ამის თაობაზე ვაუწყო საზოგადოებას.
სჯობს ოპოზიციური ძალები ყველა ერთი მხარე ვიყოთ, რადგან ჩვენ ვართ საქართველო, ეს ხელისუფლება კი საქართველოს ოპოზიციაშია. ერთად უნდა ვებრძოლოთ იმას, ვინც ქართული სახელმწიფოს ოპოზიციაშია. ეს არიან „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური ბანდა და მისი სატელიტი პარტიები, რომლებიც ეხმარებიან ამ კრიმინალურ ხელისუფებას ძალაუფლების შენარჩუნებაში.
ყველა ოპოზიციურ ძალას მობილიზება და თანადგომა მართებს. ხელისუფლებიდან წამოსული პროვოკაციები ცხოვრების წესად იქცა. დილით რომ გაიღვიძებ, ათას პროვოკაციას და შარში გახვევას ელოდები, ყველა ფეხის ნაბიჯზე ხაფანგს აგებენ. შეხვედრაზე რომ მიდიხარ, მოაგზავნიან ვიღაც ნამუსგარეცხილს, ვისაც არაფრის რცხვენია. ან შენ გეტყვის რაიმეს ან შეურაცხყოფას მიაყენებს შენთან მოსულ ამორჩევლს და გამოგიწვევს. ვიღაც ყოველთვის ჩასაფრებულია, რომ თუ მდგომარებიდან გამოხვედი და აღშფოთდი, ეს ვიდეოთი გადაიღოს. როცა პრეზიდენტია N1 პროვოკატორი იმ ქვეყანაში პროვოკაციები უნდა გაგვიკვირდეს? უღმერთოთ ვერავის ვერ გავუძლებთ, მაგრამ ღმერთთან ერთად ყველაფერს გავუძლებთ. ერთად ყოფნა არის ჩვენი ძალა, რადგან ღმერთი აერთიანებს და ბოროტი ჰყოფს. ვინც ერთნი ვართ, ერთნაირები ვართ და სამშობლო გვიყვარს, ღირსების განცდა გვაქვს და სამშობლოს სიყვარული, ერთად უნდა დავდგეთ. არ შეიძლება ჩვენს შორის კონკურენცია, რამაც შეიძლება მერე გამოიწვიოს ხელისუფლება გაარჯვება.
თუ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს?
- უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა აღარ არის, რადგან მერე შეიძლება სახელმწიფო აღარ გვქონდეს. ჩემი გუნდი მუშაობს ეკონომიკის საკითხებზე და ვიცი, რომ ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ ქაღალდზეა. ხელისუფლებას არჩევნებამდე კბილებით უჭირავს სული. არჩევნების მერე მედიკამენტებზე, ბენზინსა და კვების პროდუქტებზე 2-3-ჯერ მოხდება ფასების გაზრდა. ესენი თუ დარჩნენ, ქვეყანაში შეიძლება კოლაფსი დაიწყოს. ჩვენი ეკონომიკა იდგა 4,5 მლრდ-იან გრანტზე, რომლის ნახევარი ამათ შეჭამეს. ახლა ასეთი დახმარება აღარ იქნება, რადგან იმ ფულის მომცემებმაც იციან, რომ თანხის ნახევარი შეიჭამა. ბიზნესმენი, ვისაც თეთრი ფული აქვს, აქ არ შემოვა. კრიმინალური ფული თვითონ ხელისუფლებას აქვს და ისიც გააქვს საქართველოდან. ფიქრიც არ მინდა, რომ შეიძლება ოპოზიციამ წააგოს. მაქსიმალურ კომპრომისებზე მივდივარ, ვფრთხილობ, რომ როგორმე 1-ლი ოქტომბერი მოვიგოთ. ამის მერე ვიკამათოთ ნებისმიერ საკითხზე. საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელმაც ეს ქვეყანა დაშალა და ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. ამის მერე ვიკამათოთ გნებავთ, გაზეთის ფურცლებზე და გნებავთ, ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში.