„ამ დარბაზში ის ადამიანები იმყოფებიან, ვისთანაც ცხოვრებამ დამაკავშირა და, ვისი გვერდით დგომაც აუცილებლად მჭირდება. ახლა იწყება ბრძოლა და ამ ბრძოლაში მარტო ნუ დამტოვებთ,“ - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკოსის ამპლუაში მყოფმა ზაზა პაპუაშვილმა მასთან შესახვედრად მისულ საზოგადო მოღვაწეებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა პაპუაშვილის მხარდასაჭერად დარბაზი შეიქმნა, რომელსაც რობერტ სტურუა, ქეთი დოლიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ჟანრი ლოლაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჯემალ სეფიაშვილი და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. მხარდამჭერთა დარბაზში, ასევე, გაწევრიანდნენ აკადემიკოსები, მწერლები და მხატვრები. შეხვედრაზე მისულმა საზოგადოებამ ზაზა პაპუაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და გვერდში დგომა აღუთქვა.
თავის მხრივ, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დარბაზი მისთვის ძვირფასი ადამიანებისგან დაკომპლექტდა. ამასთან, მსახიობმა წუხილი გამოთქვა, რომ ხელისუფლება უდიერად, ლანძღვით მოიხსენიებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის უზარმაზარი რამ აქვთ გაკეთებული.
„თითოეულ მათგანს თითო შედევრი მაინც აქვს შექმნილი. ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვაგრძნობინო, რომ ამ ადამიანების ჩარეცხილებად, მუმიებად მოხსენიება წარმოუდგენელია. ამ ხალხის გარეშე მომავალი არ გაგვაჩნია. ამ ადამიანებთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიქნები „ჩარეცხილიც“ და „მუმიაც“, - აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.
ცნობილ რეჟისორს რობერტ სტურუას გული სწყდება, რომ ზაზა პაპუაშვილი ტოვებს თეატრს, ტოვებს თავის ხელობას, რომელსაც ასე ბრწყინვალედ დაეუფლა, მაგრამ რეჟისორი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვანაირად არაფერი გამოდის.
„თუ მსხვერპლი არ გავიღეთ და ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძვირფასი არ შევწირეთ, ისე არაფერი გამოვა. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საყვარელი მსახიობი, რომელთანაც ბოლო 20 წელი გავატარე და, რომელმაც ჩემს სპექტაკლებში მთავარი როლები ბრწყინვალედ ითამაშა, დათანხმდა, რომ არჩეულ იქნას საქართველოს პარლამენტში“, - აცხადებს რობერტ სტურუა.
For.ge მსახიობებს ესაუბრა.
ბესო ზანგური აცხადებს, რომ ზაზა პაპუაშვილის მხრიდან პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ მისნაირი ნიჭიერი ადამიანები სჭირდება ქვეყანას. ამასთან, ბესო ზანგური იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ზაზა პაპუაშვილი პოლიტიკაში წავა და თეატრში აღარ იქნება, რადგან ნებისმიერი ადგილი ზარალდება, თუ მას ნიჭიერი კაცი გამოაკლდება.
„მოგეხსენებათ, ხალხის აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა მიტინგია. ვინაიდან დღეს არ არის გადაწყვეტილი ხალხის გარეთ გამოყვანა, ხომ უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და საკუთარ აზრს გამოთქვამენ?! ჩემი აზრით, ამიტომაც გადაწყდა დარბაზის შექმნა. უბრალოდ, არ ვიყავი ქალაქში და ვერ მივედი, თორემ ღიად გამოვხატავ ზაზა პაპუაშვილის მხარდაჭერას“, - აცხადებს ბესო ზანგური.
მისი აზრით, ასეთივე შეხედულებისაა რეჟისორი რობერტ სტურუაც, რომელიც გაჭირვების თუ ლხინის დროს ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა. ამ შემთხვევაშიც, ბატონი რობერტი მისი მეგობრის, მოწაფისა და საყვარელი მსახიობის ზაზა პაპუაშვილის გვერდით რომ დადგებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
„რაც მთავარია, სიმართლის მხარეს რომ დგას ზაზა პაპუაშვილი, რობერტ სტურუაც ამიტომაა მის გვერდით. ზაზა პაპუაშვილს არასდროს უვლია მრუდე გზით. დღესდღეობით ნიჭიერი ადამიანები აკლია საქართველოს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ზაზას მხარდაჭერას ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოხატავს. ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამშობლო. ამიტომ უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მსახიობი იქნები თუ სპორტსმენი, საქართველოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავდგეთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ახლა ხდება“.
ამასთან, ბესო ზანგური რობერტ სტურუას ნათქვამს ეთანხმება, რომ საქართველოში თავისუფლების ნიავიც კი აღარ იძვრის.
„დროა, თავისუფლება ჩავისუნთქოთ. ზაზას ვერავინ ვერ შეუტევს, რადგან ეს სხვა ძალაა, ნიჭიერი ძალაა, და ასე ადვილი არ არის სიმართლისა და ნიჭიერების წინააღმდეგ ბრძოლა“.
ნინელი ჭანკვეტაძე დადებითად აფასებს ზაზა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, რომ რჩევის მისაღებად გვერდით დაიყენოს საკუთარი მეგობრები.
„როცა ადამიანი ფიქრობს, რომ, საკუთარი თავის გარდა, სხვასაც უნდა დაეკითხოს აზრს და სხვისგანაც უნდა მიიღოს ისეთ საქმეში რჩევა, რასაც ქვეყნის პრობლემების გადაჭრა ჰქვია, ეს მისასალმებელია. დარბაზის შექმნა თავად ზაზას სურვილი იყო. ამიტომ შეიკრიბა ზაზა პაპუაშვილის ყველა მეგობარი, თანამებრძოლი - მწერლები, მსახიობები, სპორტსმენები, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება მოდის. თუმცა, მისი პროფესიიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სჭარბობდნენ მსახიობები და რეჟისორები“.
ნინელი ჭანკვეტაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ზაზა პაპუაშვილსაც ისეთივე პრობლემებს შეუქმნის, როგორც სხვა მაჟორიტარებს. თუმცა, მსახიობის აზრით, ეს გახლავთ ხელისუფლება, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს საკუთარ მარცხს, რადგან ამ წლების მანძილზე მათ საკუთარი თავი ამოწურეს.
„ნაცმოძრაობა უკვე ერთპარტიულად მართავს ქვეყანას. ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რისთვის არიან მოსულნი ხელისუფლებაში. დაავიწყდათ, რომ სწორედ ხალხის ნება უნდა შეესრულებინათ. ეს არ ახსოვს არც ქვეყნის მეთაურს მიხეილ საკაშვილს, არც ნაცმოძრაობის გუნდის წევრებს და ცდილობენ, დაშანტაჟებით, ძალით, ტყუილით გაიმაგრონ ზურგი. ეს კი უკვე შეუძლებელია, რადგან მათი დრო წავიდა“, - აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.
ზაზა პაპუაშვილს ღირსეულ მსახიობად და პიროვნებად ახასიათებს დიმა ჯაიანიც. მისი აზრით, სწორედ ასეთი ახალგაზრდა კაცი სჭირდება ჩვენს პარლამენტს - მართლის მთქმელი, ობიექტური, რომელიც არ დახლიჩავს საქართველოს და გახლეჩის პროცესს ხელს არ შეუწყობს.
„ქვების გაბნევისთვის კი არა, იგი ქვების შეგროვებისთვის იღწვის. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ერის ეს 20 წლიანი საოცარი გათიშვა უნდა დასრულდეს და ბატონი ბიძინას მობრძანების შემდეგ ერი უნდა შეიკრას. ერი ერთად უნდა სუნთქავდეს, ერთად უნდა უჭირდეს და ერთად ულხინდეს. ამის წინამძღოლად კი, შეიძლება, ზაზა პაპუაშვილი ჩაითვალოს“, - აცხადებს მსახიობი და რეჟისორი.
ამასთან, დიმა ჯაიანის განმარტებით, ახლად დაფუძნებული დარბაზი ერთგვარი მრჩეველთა ორგანო იქნება, რომელიც რჩევებს მისცემს ზაზა პაპუაშვილს, რომელიც ისედაც ყველაფრის საქმის კურსშია, რაც ხდება ქვეყანაში.
„იგი ჩემი უმცროსი მეგობარია და ჩემი საპარლამენტო მოღვაწეობიდან მისთვის ბევრი რამ მაქვს ნათქვამი. ეს კაცი საოცრად დიდ საქმეს გააკეთებს პარლამენტიდან უშუალოდ ქართული ფოლკლორის, ქართული ხელოვნების და თეატრალური ხელოვნების დარგში. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან დარბაზი მას შეუკვეთავს საკითხებს, რაც აწუხებს საქართველოს. თუნდაც რობერტ სტურუა, თუნდაც თემურ ჩხეიძე გავიხსენოთ, ერთი მათგანი ქართულ თეატრში აღარ არის, მეორე კი წასულია და პეტერბურგში მოღვაწეობს. არადა, ეს ორივე ადამიანი ჰაერივით სჭირდება საქართველოს. მათ მსგავსად, ბევრი ხელოვანი გვესაჭიროება, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის დონისაა“, - აცხადებს დიმა ჯაიანი.
მისი აზრით, მართალია, ზაზა პაპუაშვილი პარლამენტში გამოუცდელია, მაგრამ, ჰამლეტიდან დაწყებული, იმდენი როლი აქვს ნათამაშები, რომ თავად მის როლებშივე უფრო მეტი ჭკვიანური აზრი გამოსჭვივის, ვიდრე იმაში, რაც პარლამენტში გამოითქმის ხოლმე. მით უმეტეს, დღევანდელ პარლამენტში.
დიმა ჯაიანის თქმით, აღნიშნულმა დარბაზმა ოქტომბრის შემდეგაც უნდა განაგრძოს ფუნქციონირება, რადგან ხელოვანთა სამყაროში ბევრი პრობლემა დაგროვდა, თუნდაც - თეატრალურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, კონსერვატორიაში. ამასთან, დიმა ჯაიანი მოხარულია, რომ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე ზესტაფონის რაიონში იყრის კენჭს, რადგან, როცა ასეთი ტანდემი პარლამენტში ხვდება, ეს წაადგება ქართულ თეატრალურ ხელოვნებას.