კონკურენტული არჩევნები კავკასიაში

კონკურენტული არჩევნები კავკასიაში

ახლახანს კავკასიაში საინტერესო არჩევნები ჩატარდა, რომლისთვისაც ყურადღება ფაქტობრივად არ მიუქცევიათ, არადა აშკარად იმსახურებდა მას. მთიანი ყარაბახის პატარა არაღიარებულ ტერიტორიაზე (ის მთლიანად სომხურია, მაგრამ მსოფლიოს მიაჩნია, რომ იურიდიულად აზერბაიჯანის ნაწილია) პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა განსაკუთრებულად კარგი შედეგები აჩვენა.

ვიტალი ბალასანიანმა, რომელსაც არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა არ აქვს მთიან ყარაბახში, სადაც სახელმწიფო კონტროლის ტრადიცია ძლიერია, ხმების 32% მოიპოვა ამ ტერიტორიის მოქმედ მმართველთან, ბაკო სააკიანთან ბრძოლაში, რომელიც კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად. ადგილობრივი სტატისტიკის თანახმად არჩევნებში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ყველა თვალსაზრისით ბალასიანმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში ოპოზიციური კანდიდატები ვერასდროს ვერ აგროვებენ ამომრჩეველთა მესამედის ხმებს. ეს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავია თუკი გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რომელშიც მთიანი ყარაბახი ცხოვრობს. სომხეთის ბოლო (და სადაო) საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყოფილმა პრეზიდენტმა და ოპოზიციის ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა ხმების 21% დააგროვა. დამდეგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომლის ჩატარებაც 2013 წლის თებერვალში იგეგმება, ამ ფაქტმა სომხური ოპოზიცია შეიძლება გაამხნევოს.

ამ არჩევნებში ბრძოლა მიმდინარეობდა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ. მთიანი ყარაბახის სტატუსზე იქ საერთო აზრი არსებობს, და ორივე კანდიდატი აცხადებდა, რომ ტერიტორია აზერბაიჯანისგან გამოყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. 1991-1994 წლების კონფლიქტების დროს ბალასანიანი ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო მეთაური იყო და მისი რეპუტაცია, როგორც პატრიოტისა, უმწიკვლოა. მან მეტოქეზე მკაცრი პოზიციაც კი დაიკავა. ბალასანიანმა განაცხადა, რომ ყარაბახმა უნდა მოითხოვოს მისი წარმომადგენლის ყოფნა მოლაპარაკებათა მაგიდაზე და მტკიცედ უარყო ყარაბახის ირგვლივ ოკუპირებული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნების იდეა, რომელიც განხილვის პროცესში მყოფი სამშვიდობო შეთანხმების ცენტრალური შემადგენელია და რომელსაც ერევანიც ეთანხმება.

კანდიდატებს შორის აზრთასხვადასხვაობა საშინაო პოლიტიკის პრობლემებს ეხებოდა, თუმცა ამომრჩევლების უკმაყოფილება, როგორც ჩანს, არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერმინისტრ არაიკ არუთიუნიანის არაერთგვაროვანი ფიგურის წინააღმდეგ იყო მიმართული. ყველაზე დიდი მხარდაჭერა ოპოზიციურმა კანდიდატმა სამ რაიონში მიიღო, ესენია ასკერანი, მარტაკერტი და მარტუნი, სადაც ყველაზე ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.

ყარაბახის არჩევნები ერთ ძალიან საინტერესო ტენდენციაზე მიუთითებს – პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე კონკურენტული არჩევნები არაღიარებულ ან ნაწილობრივ აღიარებულ ტერიტორიებზე ტარდება.

სეპარატისტულმა დნესტრისპირეთმა ახლახანს თავის ახალ ლიდერად პარლამენტის ახალგაზრდა დეპუტატი ევგენი შევჩუკი აირჩია. მან დაამარცხა ყველა ის კანდიდატი, რომელსაც ძველი გვარდია და მოსკოვი უჭერდა მხარს. 2004 და 2011 წლებში აფხაზეთში ბრძოლის და კონკურენციის თვალსაზრისით განსაკუთრებულად მწვავე არჩევნები იყო, და ორივე ჯერზე ის კანდიდატები იმარჯვებდნენ, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ ისეთ პოლიტიკოსებად, რომლებიც ძალაუფლების წრეებში არ შედიოდნენ. სამხრეთ ოსეთმაც კი, რომლის მოსახლეობა ამ ეტაპზე 40 ათას ადამიანს არ აჭარბებს, ხოლო მისი ბიუჯეტი 99%-ით რუსეთის მიერ ფინანსდება, შარშან დრამატული და ისეთი არჩევნების ჩაატარება შეძლო, რომელიც ოდნავ ფარსსაც წააგავდა, მაგრამ რომელშიც ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. მაშინ კენჭისყრის შედეგები გაუქმდა, თუმცა ბოლოს გამარჯვებულმა და ადგილობრივი გათვლებით საკმაოდ დამოუკიდებელმა პრეტენდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჯიოევა საკუთარ მინისტრთა კაბინეტში დანიშნა.

და მაინც, რა ხდება ამ ტერიტორიებზე? თუკი ამ საკითხზე რაიმე ახსნა გამაჩნია, ის საკმაოდ პარადოქსულია. რადგან სახელმწიფოებრიობა ამ ტერიტორიებზე სუსტია, საზოგადოების რიგითი წევრები დიდწილად საკუთარ თავს ეყრდნობიან და ნაკლებად ექვემდებარებიან ზეწოლას. იქ მეტია პოლიტიკა, რომელიც ქვემოდან იქმნება. მაგრა, სიტყვა „კონკურენტულს“ მაინც ფრთხილად გამოვიყენებდი. იქ სახეზეა დემოკრატიის დეფიციტი, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს ტერიტორიები სუვერენულ სახელმწიფოებად არ არიან აღიარებული (თუმცა, ამან არ უნდა წაართვას მათ დემოკრატიული მისწრაფებები).

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ვერ მონაწილეობს კენჭისყრაში, კერძოდ ის აზერბაიჯანლები და ქართველები, რომლებმაც ომის გამო დატოვეს ეს ტერიტორიები. ბოლო საბჭოთა აღრიცხვის (1988 წელს ჩატარდა) მონაცემების თანახმად, მთიანი ყარაბახის მოსახლეობის 23%-ს აზერბაიჯანლები შეადგენდნენ. დღეს ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის ფარგლებში დევნილები არიან.

როგორი უნდა იყოს ასეთ არჩევნებზე საერთაშორისო ვერდიქტი? უცხოელი მიმოხილველები ძალიან რთულ ვითარებაში არიან – ამ ხალხით უმაყოფილონი არიან როგორც სომხები („რატომ არაფრად გვაგდებთ, თუკი სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებთ?“), ასევე აზერბაიჯანლები („არ შეიძლება იმ ტერიტორიის ნდობა, რომლის სუვერენიტეტს არავინ აღიარებს, მათ შორის სომხეთიც“). ორგანიზაცია Freedom House-მა თვითგამოცხადებული ტერიტორიებისთვის დემოკრატიის რეიტინგების შედგენა დაიწყო, მაგრამ მას ფაქტობრივად არ ჰყავს ადგილებზე წარმომადგენლები, საკუთარი მოსაზრებების და დასკვნების მოსამზადებლად.

ამზადებდა რა 1992 წლის მარტში მთიანი ყარაბახის კონფლიქტზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვის გეგმებს (ოცი წელი გავიდა და ის დღემდე არ ჩატარებულა), ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის იმდროინდელი სათათბირო (დღეს ეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა), შეუძლებლის გაკეთებას შეეცადა, როდესაც განაცხადა, რომ „კონფერენციაზე მთიანი ყარაბახის არჩეული და სხვა წარმომადგენლები დაესწრებოდნენ“ (ანუ სომხები და აზერბაიჯანლები).

ეუთოს დღევანდელმა შუამავლებმა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია შეენარჩუნებინათ თავიანთ ბოლო განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია: „თანათავმჯდომარეები აღიარებენ იმის აუცილებლობას, რომ მთიანი ყარაბახის ფაქტიური ხელისუფლება ასეთი პროცედურის დახმარებით შეეცადა დემოკრატიული გზით მოეხდინა საკუთარი მოსახლეობის საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება. იმავდროულად თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ მათი ქვეყნიდან არცერთი, და ზოგადად მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს მთიან ყარაბახს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ბარონესა ეშტონმა ანალოგიური განცხადება გააკეთა. მან გააკრიტიკა არჩევნების საფუძველი, თუმცა არა თავად არჩევნები: „მინდა კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი არ აღიარებს მისი ჩატარების კონსტიტუციურ და სამართლებრივ მექანიზმს. ამ „არჩევნებმა“ არ უნდა მიაყენოს ზიანი მთიანი ყარაბახის სტატუსის შემდგომ განსაზღვრას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი მიძღვნილი ერთიანი მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში“.

ამ განცხადების ძალიან რთული ენა სიტუაციის სირთულეს ასახავს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასეთი გაჭიანურებული პოსტსაბჭოთა კონფლიქტები და არ გამოიძებნება მათი გადაჭრის გზები, მით უფრო დიდ საერთაშორისო პრობლემად გადაიქცევა ეს არჩევნები. და პრობლემა კი არ შემცირდება, არამედ გამწვავდება.
foreignpress.ge