ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ თანაბარი კონკურენციის პირობებს ითხოვს

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ თანაბარი კონკურენციის პირობებს ითხოვს

„რამდენჯერაც „თრიალეთმა“ გაცნობათ ტელეკომპანია „დიას“ სიხშირეების ულიცენზიოდ გამოყენების შესახებ, იმდენჯერ კომუნიკაციების კომისიის მხრიდან უკანონო დარტყმა, დაუსაბუთებელი, ცრუ ბრალდებები და დაჯარიმებები მივიღეთ“, - ნათქვამია ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მისამართით დაწერილ წერილში, რომელიც პარალელურად სახალხო დამცველს, ამერიკის საელჩოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ და სხვა არასამთავრობო თუ საქართველოში აკრედიტირებულ უცხოურ ორგანიზაციებს დაეგზავნა.

ჯონი ნანეტაშვილის განმარტებით, მის კომპანიაზე ზეწოლის გამო ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ თვალს ხუჭავდა „დიას“ სხვადასხვა უკანონობასა და იმ უთანასწორო კონკურენციაზე, სადაც ტელეკომპანია „დიას“ ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო „თრიალეთისთვის“ კანონიერი საქმიანობაც კი შეზღუდულია. თუმცა, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის სიტყვით, უკანონო ქმედებამ უკვე ისეთი სახე მიიღო, რომ ჩუმად ყოფნა შეუძლებელია.

საქმე ეხება ტელეკომპანია „დიასთვის“ გამოყოფილ სიხშირეს, რაც ხაშურის მასშტაბით, 10 ვატის სიმძლავრის მაუწყებლობას ითვალისწინებს. თუმცა უკვე სამი თვეა, ტელეკომპანია „დიამ“ გორის ტელეანძის შენობაში უკანონოდ განათავსა 500 ვატი სიმძლავრის მე-10 არხის გადამცემი და ულიცენზიოდ მაუწყებლობს მე-10 მეტრულ არხზე გორის, ქარელის, კასპისა და ცხინვალის რაიონებში. აღნიშნული სიხშირე, კერძოდ, მე-10 არხი, ეკუთვნოდა ტელეკომპანია „ქართლს“, რომელიც რევოლუციის შემდეგ დახურეს.

 „თრიალეთი“ რამდენიმე წელია ითხოვს აღნიშნულ ან სხვა სიხშირეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიისგან ასეთ პასუხს იღებს, თითქოს თავისუფალი მეტრული სიხშირე გორში არ არსებობს. ეს მაშინ, როცა „დიასთვის“ ყველაფერი ხელმისაწვდომია, რაც თანაბარი კონკურენციის პირობებს გამორიცხავს.

For.ge ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელს, ჯონი ნანეტაშვილის ძმას, ბადრი ნანეტაშვილს ესაუბრა.

- ადრე ეს იყო სხვისი ტელეკომპანია, მოგვიანებით კი „დია“ იყიდა გურამ გოგოლაძემ, რომელიც ვანო მერაბიშვილთან და ლადო ვარძელაშვილთან დაახლოებული პირია. მათ ხაშურში განაახლეს მაუწყებლობა. შემდეგ გორში გადმოიტანეს სტუდია და უკვე გორიდან დაიწყეს სიგნალის მიწოდება, რომელიც თავიდანვე ულიცენზიოდ მაუწყებლობდა. ამის გამო მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას, რომელიც ჩამოვიდა და, „დიას“ ნაცვლად, ჩვენ დაგვაჯარიმა. თითქოს, ის ვერ დაინახეს, რომ ისინი უკანონოდ აწვდიდნენ სიგნალს. ამის შემდეგ მათ გახსნეს სტუდია გორში, აწვდიდნენ სიგნალს გორიდან ხაშურს და ხაშურში გადიოდნენ. ამის შესახებ საქმის კურსშია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. დაახლოებით ორი-სამი თვეა, მათ გორში დაიწყეს მაუწყებლობა, გორში ანძაზე დადგეს 500 ვატიანი გადამცემი. არადა, ნებართვა-ლიცენზია აქვთ ხაშურში ათვატიან გადამცემზე, მაგრამ ულიცენზიოდ დაიწყეს გორის ანძიდან 500 ვატიანი სიმძლავრით მაუწყებლობა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს ვაცნობეთ.

მანამდე ჩვენ ვითხოვდით სიხშირეს, მოდიფიცირებას კომუნიკაციების კომისიიდან. კომისია კი გვეუბნებოდა, რომ არ არსებობს სიხშირე მეტრულ არხზე. დეციმეტრულს კი ვერ მოგცემთ, რადგან რუსეთს უნდა შევეკითხოთ და მათი ნებართვა გვინდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებითო. რუსეთს ჩვენ არ ველაპარაკებით და ამიტომ ვერ მოგცემთ დეციმეტრულ სიხშირესო. ამ დროს კი, სწორედ მეტრულზე იწყებს მაუწყებლობას ხაშურის ტელეკომპანია. მართალია, კომუნიკაციების კომისიის გარეშე დაიწყო მაუწყებლობა, მაგრამ, თუ არ არსებობდა სიხშირე, როგორ დაიწყეს მაუწყებლობა?! ეს სიხშირე ყოფილ ტელეკომპანია „ქართლს“ ეკუთვნოდა, რომელიც რევოლუციის შემდეგ დახურეს და მას შემდეგ ეს სიხშირე არავიზე არ გაცემულა.

ირაკლი ჩიქოვანისგან პასუხი თუ მიიღეთ? რატომ ფიქრობთ, რომ ამ საკითხის გახმიანების გამო პრობლემები ისევ შეგექმნებათ, რადგან წერილში თქვენ მიუთითებდით, რომ ეს თხოვნა თქვენთვის პრობლემების შექმნის საფუძველი არ გამხდარიყო.

- ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია, არც რაიმე სახის რეაგირება ჩანს. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანს წინასწარ იმიტომ ვაფრთხილებდით, რომ პრობლემები არ შეგვქმნოდა. რამდენჯერაც მივმართეთ სხვა კანონდარღვევის შესახებ, აქეთ დაგვაბრალეს ულიცენზიოდ მაუწყებლობა და დაგვაჯარიმეს კიდეც, ოქმიც შეადგინეს. არადა, არავინ დასწრებია ჩვენს შემოწმებას, ყველაფერი იყო ტყუილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოაწყეს, რომ ჩვენ „დია“ ვახსენეთ და „დიას“ წინააღმდეგ ამოვიღეთ ხმა. ამიტომ, ირაკლი ჩიქოვანს თავის დაზღვევის მიზნით მივმართეთ, რათა ჩვენს საწინააღმდეგოდ კიდევ რაიმე არ მოიფიქრონ.

ტელეკომპანია თრიალეთისთვის პრობლემების შექმნა კვლავაც გრძელდება?

- რა თქმა უნდა, პრობლემების შექმნა გრძელდება. ჩვენ მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას, რადგან თბილისშიც გვინდოდა სტუდიის გახსნა, საიდანაც ჩვენს ტელევიზიაში ვაპირებდით სიგნალის მიწოდებას. სარელეო სიხშირეებს ვითხოვდით, რომელიც უამრავია, ათასობით და ათიათასობითაა, მაგრამ კომუნიკაციების კომისიამ მოგვმართა, რომ სიხშირეები ამ ფარგლებში არ არსებობს და ვერ გამოგიყოფთო. ეს მაშინ, როცა სიხშირეები არსებობს და ეს მოგონილი მიზეზია. ერთხელ კიდევ უნდა მივმართოთ, რომ, რაც არსებობს, ის სიხშირე გამოგვიყონ, მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ ამაზეც რაღაც აბსურდს მოგვწერენ და სიხშირეს არ მოგვცემენ, რომ სტუდია გავაკეთოთ თბილისში, აქედან გადავცეთ ჩვენს ტელევიზიას სიგნალი და თბილისიდან სტუმრების ჩაყვანა არ გვიწევდეს გორში. მოკლედ, კომუნიკაციებისგან პასუხს ველოდებით.