კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ, მაგრამ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ამ შეხვედრებზე მოწყობილი პროვოკაციების რიცხვიც მატულობს. თუ აქამდე რაიონებში ჩასულ კოალიციის წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხვდებოდნენ და მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ახლა ამის გაკეთებას, უკვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩინოვნიკებიც აღარ ერიდებიან.
ამასთანავე, რაიონებში მცხოვრებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლაც არნახულ მასშტაბებს აღწევს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი ეს აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა, რასაც ხელისუფლება ელის. ამგვარი ზეწოლა და პროვოკაციები ხალხს ხელისუფლებისდმი უფრო კრიტიკულად განაწყობს და კოალიციას მხარდამჭერებს მატებს.
ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ადიგენში, სადაც იმის გამო, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ოფისის მიქირავება ვერავინ გაბედა, კოალიციის ადგილობრივი საარჩევნო შტაბი უკვე ორი დღეა კარავშია განთავსებული. როგორ for.ge-სთან საუბარში „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, კოალიციის წევრებმა ადგილობრივი პოლიციის შენობის წინ პროტესტის ნიშნად კარავი დასცეს და საარჩევნო შტაბიც სწორედ ამ კარავში ფუნქციონირებს.
„პოლიციის შენობასთან კარვის დადგმა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძალოვანი სტრუქტურების და გამგეობის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას ისე ატერორებენ, რომ ვერც ერთმა მათგანმა ჩვენთვის საოფისედ ფართის მოქირავება ვერ გაბედა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს ვანო მერაბიშვილის ნათესავი და მარჯვენა ხელი, დათო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს (რომელიც ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის უფროსია). ეს ადამიანი პირადად, თავის თანამშრომლებთან ერთად ატერორებდა იმ პირებს, ვინც გადაწყვეტდა ჩვენთვის ოფისის მოქირავებას. მაგალითად, დილით გადაწყვეტილი საქმე შუადღისას ჩაიშლებოდა ხოლმე, ან შუადღისას რომ მოვილაპარაკდებდით, საღამოს შეშინებული მოსახლეობა ფართის მოქირავებაზე უარს გვეუბნებოდა და ა.შ.“, - აცხადებს ბიძინა გუჯაბიძე.
მისი თქმით, ახლა იგი მოსახლეობას ხვდება და ადგილობრივების განწყობის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. გუჯაბიძე ამბობს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 75% „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს. დანარჩენები კი უთვლიან კოალიციის წარმომადგენლებს, მართალია შეხვედრებზე ღიად ვერ გამოვდივართ, მაგრამ მხარს „ქართულ ოცნებას“ ვუჭერთ და ხმასაც თქვენ მოგცემთო. გუჯაბიძის თქმით, ეს ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილია, ვისაც ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში ჰყავს დასაქმებული, ან პატიმარი ჰყავს, ან რაიმე სოციალურ დახმარებას ღებულობს და ამის გამო, თავიანთი პოზიციის ღიად გამოხატვას ერიდებიან.
„ხელისუფლებას რომ სამცხე-ჯავახეთი მუდამ თავის სატელიტად მიაჩნდა და აქაურ მოსახლეობას არაფრად თვლიდა და მათი პრობლემებით არც კი ინტერესდებოდა, ახლა მოსახლეობა ხელისუფლებას სამაგიეროს უხდის იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. მხარდაჭერა კი იმაში გამოიხატება, რომ 1 ოქტომბერს, 100%-ით შეიძლება არა, მაგრამ დაახლოებით 90%-იანი გამარჯვება გვექნება“, - აღნიშნავს გუჯაბიძე.
მისი თქმით, მოსახლეობასთან კოალიციის შეხვედრების დროს სამცხე-ჯავახეთშიც არის გარკვეული მცდელობები, რომ ეს შეხვედრები ჩაშალონ, მაგრამ ხელისუფლებას იქ იმდენად თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ჰყავს, ვინც ასეთ რამეს გააკეთებს, პრაქტიკულად არაფერი გამოსდით. გუჯაბიძე ამბობს, რომ კოალიციის საარჩევნო შტაბ-კარავს ელექტროენერგიითა და სხვა კომუნიკაციებითაც ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფს, თუმცა კარავში შტაბის ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან სულ ორიოდე დღეში ადიგენში „ქართულ ოცნებას“ უკვე ოფისი ექნება. გუჯაბიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ადგილობრივებთან მოლაპარაკება უკვე შედგა და ეს პრობლემა ორ-სამ დღეში გადაწყდება.
რაც შეეხება ამ დღეებში კიდევ ერთ რაიონში, კერძოდ ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ხელისუფლების მხრიდან შევიწროვების ფაქტს, ამის შესახებ for.ge-ს კოალიციის ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ მოუთხრო. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შესახვედრად სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მივიდა და მოუთხრო მათ, რომ ხელისუფლებამ ორი სოფელი ერთმანეთს დაუპირისპირა. კერძოდ, კურტანიძის თქმით, ერთ-ერთ სოფელში, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, თითო ოჯახზე 1000 ლარიანი კომპენსაცია გაიცა, ხოლო მეორე სოფელში, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, 500-500 ლარი დაარიგეს.
„ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაახლოებით 10 000 ლარის ზარალი მიაყენა, ხელისუფლება ევაჭრება, 500 ლარს მოგცემთო, ხოლო თუ კარგად მოიქცევით 1000 ლარსაც მიიღებთო. იმათ, ვისაც 500 ლარს ალძევენ, გამგებელი პირდაპირ ეუბნება, ამის ღირსებიც არ ხართო. რა უნდა უპასუხოთ ასეთ ადამიანს? ჩემი აზრთი, ასეთი პიროვნებები უბრალოდ ხელისუფლებას უნდა ჩამოაშორო“, - ამბობს ლუკა კურტანიძე.
იგი ასევე ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ სტიქიით დაზარალებულებისთვის საკმარისი არ იქნება ის 80 მილიონი, რომელიც მან ბიუჯეტში გადარიცხა, მზად არის ბიუჯეტში კიდევ დამატებითი თანხები ჩარიცხოს. სწორედ სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრა ჰქონდათ „ქართული ოცნების“ წევრებს, როდესაც იქ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შელაპარაკებაც ამ ნიადაგზე მოხდა.
„დაპირისპირება ყველაფერში იქნება, რადგან ხელისუფლება ყველას ატყუებს, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, ასევე ზოგადად მოსახლეობას. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ აქაური ადგილობრივი ხელისუფლება მეცოდება კიდეც, ვინაიდან მათ არაფერი აქვთ მოსახლეობისთვის სათქმელი, მთელი ამ წლების განმავლობაში აქ არაფერი გაკეთებულა. რაც დასანგრევი იყო, კარგად დაანგრიეს, ახლა კი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ატყუებენ. გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი პოლიციის თანხლებით დადიან და მოსახლეობას ატერორებენ, რათა ჩვენთან შეხვედრაზე მოსვლა ვერ გაბედონ. მაგრამ ამათ ერთი რამ ავიწყდებათ. ბატონმა ბიძინამ მოსახლეობას იმედი და რწმენა დაუბრუნა იმისა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველას მიეზღვება მისი შრომისა და დამსახურების შესაბამისად. აქვე შეგახსენებთ, რომ ბატონმა ბიძინამ განაცხადა, კილოგრამი რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი ერთი ლარი უნდა იყოსო და მოსახლეობა ხვდება, რამხელა ძალა აქვს წესიერი ადამიანის სიტყვას, რომელიც თავის დანაპირებს ასრულებს.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში „ქართული ოცნება“ არნახულ პროექტებს განახორციელებს, რაშიც თქვენი მონა-მორჩილი ლუკა კურტანიძეც მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნავს კურტანიძე და აქვე კახეთის დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პროექტებში რიგითი მშრომელების სახით მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.