მესტიის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ ხელისუფლება ახალ მეთოდს მიმართავს. კონკრეტულად, ვიქტორ ჯაფარიძის მომხრეებს, რომელთაც ახლობლები დაკავებულები ჰყავთ და მრავალწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, გათავისუფლებას ჰპირდებიან, ხოლო „ქართული ოცნების“ მომხრე ახალგაზრდებს მასობრივად ჯარში იწვევენ. გარდა ამისა, სვანეთის სოფლებში გამგებლები დადიან, პირადობის მოწმობებს აგროვებენ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებს არ უბრუნებენ, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.
For.ge-ს ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრება.
- ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანია წინანდელისგან იმით განსხვავდება, რომ პრაქტიკულად, პიროვნულად ჩემზე ზემოქმედებას არავინ ახდენს, მაგრამ ჩემს გამო ჩემს გარემოცვაზე ზემოქმედება მიმდინარეობს. მაგალითისთვის, ოთხი წლის წინ ვცდილობდი, როგორმე ჩემი დის შვილები ჯარში გაეწვიათ, მაგრამ, რატომღაც, არ გაიწვიეს. ახლა კი, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაა, შეტყობინება მოვიდა, რომ ჩემი დის შვილები უნდა გაიწვიონ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. თუმცა ეს ვერ მოხდება, რადგან ერთი მათგანი იტალიაშია გადასული საცხოვრებლად, მეორე კი დოქტორანტია, სწავლობს და სტუდენტის გაწვევა არ შეიძლება. ახლახანს ჩავედი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში და რვა ახალგაზრდაზეა მოსული ჯარში გაწვევის ცნობა. თანაც, ისინი აბსოლუტურად ჩემი მომხრეები არიან. ასე ხდება თითქმის ყველა სოფელში, რატომღაც გაწვევა აგვისტოს თვეში მიმდინარეობს, მაშინ, როცა შემოდგომასა და გაზაფხულზე უნდა ტარდებოდეს. ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით იწვევენ ჯარში, თუ ვინ არის ჩემი მომხრე.
ჯარში გაწვევის გარდა, ძალოვანები ხომ არ აშინებენ თქვენს მომხრეებს?
- პოლიციელებზე მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ასეთი კაცი, გვარად ჩხეტიანი, კუდის თანამშრომელი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ. მათ ეუბნებიან - შვილს დაგიჭერ, სოციალურ დახმარებას შეგიწყვეტ, თუ „ქართული ოცნების“ მომხრე იქნები. ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.
ბიძინა ივანიშვილი როცა იყო ამოსული სვანეთში, სოფელ ბეჩოს სკოლის დირექტორი მასთან პოლემიკაში შევიდა და სკოლის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ქალბატონს ადგილობრივი ჩინოსნები მოხსნით დამუქრებიან. რიგითი სვანებისთვის მოსაწონი იყო სტუმართან ასეთი შეხვედრა და ამ ინციდენტის შემდეგ თუ დალაპარაკებიხართ ამ ქალბატონს?
- წინა დღით ჩემი თვალით დავინახე, რომ ამავე სოფლის სკოლის დირექტორი და, ასევე, მეორე სკოლის დირექტორი პოლიციას ჰყავდა დაბარებული. მეორე დღეს კი მოხდა ის ფაქტი, რაც სოფელ ბეჩოში იხილეთ. სამწუხაროდ, ყველა მამაკაცი ვერ უძლებს ამ ტიპის ზეწოლას და იმ ქალბატონისგან არ მწყინს, რადგან ის ქალბატონი ორი დღით ტყუილად ჰყავდათ დაპატიმრებული. დაახლოებით სამი-ოთხი თვის წინ აბსოლუტურად უაზროდ დააკავეს, რაღაც უაზრობას ედავებოდნენ. ასე რომ, ტერორი გრძელდება.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მომხრე უბრალო მოსახლეობა როდესაც ერთმანეთს ხვდება, ხომ არ უჭირთ ურთიერთობა?
- მაგალითად, გუშინწინ სოფელ ცხუმარში გვქონდა შეხვედრა. როგორც კი დაგვინახეს, რომ მოსახლეობას ვხვდებოდით, დარწმუნებული ვარ, ჩხეტიანმა დაურეკა ერთ-ერთ მათ მომხრეს და ორი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან. რამდენიმე შეკითხვა დაგვისვეს, მათ შორის, იყო ასეთი კითხვაც - მაშინ სად იყო ბიძინა?! თავის მხრივ, მეც ჩავეკითხე, მაშინ თქვენ სად იყავით?! რატომღაც, ზოგიერთს ასეთი მენტალიტეტი აქვს ჩამოყალიბებული, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოსთან აიგივებს. ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილიც რიგითი მოქალაქე იყო, ისევე, როგორც - ჩვენ. სხვა თუ არაფერი, ბატონმა ბიძინამ 537 ეკლესია-მონასტერი აღადგინა. ამაზე მეტი ერთ კაცს რა უნდა გაეკეთებინა?!
მას მართლაც საყვედურობენ, რატომ ეხმარებოდა მდიდრებს და არა ღარიბებს!
- ადამიანებს ფენებად ვერ დავყოფ. მაგრამ როგორ არის, იცით? მაშინ ყველაზე მეტად დედაქალაქსა და ქალაქებში დარჩენილ ინტელიგენციას უჭირდა. სოფლად როდესაც ხარ და ხელს გაანძრევ, შემიძლია გითხრათ, რომ ლუკმა-პურის პრობლემა არავის აქვს, გარდა ზარმაცებისა. გადარჩენაზე იყო მაშინ საუბარი, ფიზიკურად რომ გადარჩენილიყვნენ და შიმშილისგან არ დახოცილიყვნენ. მახსოვს ის შემთხვევა, როდესაც რომელიღაც პროფესორი შიმშილით გარდაიცვალა. ისიც მახსოვს, რომელიღაც პროფესორი სანაგვე ყუთში იქექებოდა და ეს პრობლემები მაშინ, პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა მოაგვარა მთელს ქვეყანაში. ახლა მთელ მოსახლეობას ვერ გასწვდებოდა და ვერ დაეხმარებოდა.
ისევ თქვენთვის შექმნილ წინაღობას დავუბრუნდეთ. სანამ თქვენ პრობლემებს გიქმნიან, რას აკეთებენ თქვენი მოწინააღმდეგე კანდიდატები? საბოლოოდ თუ გაირკვა, ვინ იქნება თქვენი მეტოქე ნაციონალებიდან - კანდიდ კვიციანი თუ ივერი სუბელიანი?
- ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ნაციონალები მაჟორიტარად კანდიდ კვიციანის კანდიდატურას აპირებენ, რადგან მას დიდი „დამსახურება“ აქვს სვანეთში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ორი თითით საჩვენებელი ქალბატონი დააპატიმრებინა. ალბათ, ამ „დამსახურებისთვის“ აყენებენ კანდიდატად.
რაც შეეხება მეორე სავარაუდო კანდიდატს - ივერი სუბელიანს, თქვენ მის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი და იგი თქვენი ნათესავია.
- იცით რა, ივერი სუბელიანზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის ახალგაზრდაა, სამხედრო პირია, რომელსაც ყველანაირად დადებითად ვახასიათებ. არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, თუ ვის დააყენებენ კანდიდატად.
შესაძლოა, ხელისუფლება პირადად თქვენს დაშინებას ვერ ახერხებს, მაგრამ ამ ფონზე როგორ გაგრძელდება თქვენი საარჩევნო კამპანია? ალბათ, რთულია არჩევანის გაკეთება, რადგან თქვენს ამომრჩევლებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებიან.
- ნორმალურთან მიახლოებული არჩევნები თუ იქნება, 100 %-ით დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ამ არჩევნებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სვანეთში მიმდინარეობს ბინძური კამპანია პატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით. დაახლოებით 50 პატიმრის გათავისუფლებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, არცერთი პატიმრის გათავისუფლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობას ატყუებენ. ესეც ერთგვარი უბადრუკი ხრიკია, რომ პატიმრების თემით ვაჭრობენ. პატიმრების ოჯახებთან შეხვედრა მქონდა და, სიმართლე გითხრათ, თავადაც ეჭვი ეპარებათ ამ ყველაფერში, რომ მათ ახლობლებს ნამდვილად გაათავისუფლებენ. არა მგონია, ეს ფაქტი მოხდეს. ეს ფაქტი რომც მოხდეს, მერე რა, განა მე დავაპატიმრე ისინი?! ან მე ვარ მათი გამომშვები?! დამჭერებიც თვითონ არიან და გამომშვებებიც. რამდენიმე სოფელში გამგებლები დადიან, პირადობის მოწმობებს აგროვებენ და, სხვათაშორის, ჩვენს მომხრეებს არ დაუბრუნეს პირადობის მოწმობები, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. სამხედროებზე ამის გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, 2008 წელს დანაშაული ჩაიდინა მაშინდელმა ცესკოს თავმჯდომარემ თარხნიშვილმა, როცა ორი დღით ადრე კონსტიტუცია დაარღვია და მაჟორიტარულ კენჭისყრაში ხმის მიცემის ნება მისცა სამხედრო მოსამსახურეებს. დარწმუნებული ვარ, ახლაც იმავეს გაიმეორებენ, რადგან ლაპარაკია, რომ ჩვენი რაიონიდან წასული ათეულობით ჩვენი თანამოქალაქე, სამხედრო მოსამსახურე, ჩამოსული იყო რაიონში და ათი დღის განმავლობაში ატარებდა აგიტაცია-პროპაგანდას. ჩვენი ინფორმაციით, შემდეგი არჩევნების დროს ყველას ჩამოყვანას აპირებენ მესტიაში, მაგრამ მე არ ვიცი, ცესკო წავა თუ არა ამ გადაწყვეტილებაზე.
მესტიაში პრობლემები მრავალგვარია. ახლახანს სამ სოფელში მქონდა შეხვედრა და მოსახლეობას დასალევი წყალი არ აქვს. რა დროს ლაზიკაზეა საუბარი?! ეს თანხები თუ აქვთ, იქნებ, იმ არსებულ ქალაქებსა და სოფლებს მოახმარონ, რომლებიც წყლის გარეშე არიან დარჩენილნი?! დამერწმუნებით, ალბათ, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა მილიარდები დაჯდება. თუ ამისთვის რამდენიმე მილიარდი აქვთ, იქნებ, ერთი მილიარდი გაეღოთ იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობას წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მოხსნოდა?! სოფლები იცლება. ერთ რამეს გეტყვით, კომუნისტების დროს არ მივტირი, რა სისულელეა, მაგრამ 22 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა მესტიის რაიონში. დღესდღეობით კი 12 ათასიც არ არის დარჩენილი. თუ კიდევ დავცლით სოფლებსა და რაიონებს, ამის ფასად არ მიღირს არც ლაზიკის, არც სხვა რაიონის აშენება. სხვათაშორის, ეს თემა, ალბათ, ისევ უკავშირდება ხუდონის აშენებას, რომლის გამოც ორი დიდი სოფელი უნდა დაიცალოს, სადაც მარტო 600-ზე მეტი ამომრჩეველია, ბავშვიც 200-ზე მეტი იქნება. ასე რომ, 800-მა მოქალაქემ უნდა დატოვოს ერთ-ერთი სოფელი.