შეტევა „ქართუ ბანკზე“ გრძელდება. ამჯერად მას მრავალმილიონიანი ჯარიმა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დააკისრეს. კერძოდ, საქმე ეხება ბანკის იძულებითი მმართველის მიერ გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებს, რომელთა საერთო მოცულობა 50 მილიონი აშშ დოლარია.
შეგახსენებთ, 2012 წლის 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სს „ქართუ ჯგუფის“ 100 %-იანი აქციების იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სს „ბანკი ქართუს“ 100%-იანი აქციების მესაკუთრეს წარმოადგენს. იმავე დღეს, ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ზარქუა დაინიშნა, რომელიც ამავდროულად სს „ბანკის ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. საბჭოს წევრები ასევე იყვნენ ვლადიმერ უგულავა და პაატა მესხიშვილი. „ქართუ ბანკში“ აცხადებენ, რომ სასამართლოს განჩინების თანახმად, უგულავა ვალდებული იყო, აღსრულების დაქვემდებარებული ქონება იმგვარად ემართა, რომ კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულიყო. ამის ნაცვლად, 2012 წლის 24 ივლისს, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მათ ბანკისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღეს - ოთხი დეველოპერული კომპანიისთვის, ჯამში 50 მილიონი აშშ დოლარის ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი კრედიტების გაცემის შესახებ.
„ქართუ ბანკში“ განმარტავენ, რომ ბანკის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მოქმედებდნენ არა იმ მიზნით, რომ ბანკისთვის ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიეღოთ და მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაერიცხათ, არამედ იმ განზრახვით, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წამგებიანი და ზიანის მომტანი ყოფილიყო და ბანკს უახლოეს მომავალში ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები შექმნოდა, რაც მომავალში მის წინააღმდეგ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
მართლაც, დღეს „ქართუ ბანკმა“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან 11 მილიონ ლართან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელი მიიღო. ამის შესახებ for.ge-ს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა აცნობა.
„დღეს 11 მილიონზე მივიღეთ სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც გვავალდებულებენ, ეს თანხა გადავრიცხოთ. ეს არის იძულებითი მმართველის მიერ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა, საუბარია 10 მილიონზე, რასაც ჯარიმები დაარიცხეს და ჯამში ჩვენგან 11 მილიონს ითხოვენ“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მისი თქმით, 50 მილიონი დოლარიდან, რომელზეც საკრედიტო ხელშეკრულებები ოთხ კომპანიასთან გაფომრდა, ორ მათგანთან 10-10 მილიონიანი, ხოლო დანარჩენ ორთან 15-15 მილიონიანი ხელშეკრულებები გაფორმდა. დღეს „ქართუ ბანკმა“ სააღსრულებო ფურცელი კომპანია „ბეტა მაქსთან“ გაფორმებული 10 მილიონიანი ხელშეკრულების თაობაზე მიიღო.
„ახლა ჩვენ გვედავებიან იმას, რა ვალდებულებაც თვითონ აიღეს ბანკის მმართველობაში ყოფნის დროს“, - აღნიშნავს ჯავახიშვილი.
კითხვაზე, ელოდებიან თუ არა ბანკში დანარჩენ 40 მილიონზეც სააღსრულებო ფურცლის მიღებას, იგი პასუხობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლების მიზნის მისაღწევად ეს 10 მილიონიც საკმარისი იყოს.
„მათ ბანკის დაქცევა აქვთ მიზნად დასახული და ამ მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, ეს ერთი სააღსრულებო ფურცელიც საკმარისი იყოს“, - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.
მისი თქმით, „ქართუ ბანკი“ აპირებს ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იბრძოლოს.
ბანკის იურისტი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გამოწერის არანაირი კანონიერი საფუძველი და უფლება არ ჰქონდა, რადგან ამ დოკუმენტის გაცემის წინაპირობები არ არსებობდა. იურისტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც სააღსრულებო ფურცელი გაიცა, იძულებითი მმართველის მიერ ბანკის შიდა პროცედურების დარღვევით გაფორმდა.
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დროებითი მმართველობის მიზანი იყო არა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბანკიდან თანხების ამოღება, როგორც ეს ოფიციალურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, არამედ ამის მიზანი ბანკისთვის მაქსიმალურად მეტი ზიანის მიყენება იყო.
„იმისათვის, რომ სანოტარო ფურცელი გაეცა, ნოტარიუსს უნდა ჰქონოდა წინაპირობები, კერძოდ, ამ კომპანიის მიერ (ვისთანაც საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა) გარკვეული ვალდებულებები უნდა ყოფილიყო შესრულებული და მხოლოდ ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ უნდა გაეცა ბანკს სესხი. ნოტარიუსი კი უნდა დაინტერესებულიყო ამ გარემოებებით და თუ ამ კომპანიის მიერ ყველა ვალდებულება შესრულებული იქნებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ თავად ამ საკრედიტო ხელშეკრულებების ნამდვილობა არის გასაჩივრებული, ამჯერად კი ჩვენ ამ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ნამდვილობაც გავასაჩივრეთ“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.