ლონდონის ოლიმპიადაზე 39-ე ადგილი საგრძნობი უკუსვლაა

ლონდონის ოლიმპიადაზე 39-ე ადგილი საგრძნობი უკუსვლაა

სპორტული და პოლიტიკური ბატალიებით გადაღლილი ქართველი ოლიმპიელები ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდებს ოლიმპიადის წინ საკუთარ სპორტულ სრულყოფაზე ეზრუნათ, მათ საქართველოდან გაყოლილი „მეთვალყურეებისგან“ შეურაცხყოფის მოსმენა და მუქარისა თუ ზეწოლის გადატანა უწევდათ. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ამიტომ გამოიქცა ლონდონის ოლიმპიადიდან ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც მსაჯის არაობიექტურობაზე მეტად, მეთვალყურე ქართველების დამოკიდებულებამ გააოცა, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ მის საქომაგოდ. პირიქით, თავი ტყვეობაში აგრძნობინეს და „ფსიქოლოგიურად მოშალეს“. უფრო მეტიც, შუკვანი იხსენებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართული დელეგაციის წევრი გია უდესიანი მას საქმის გასარჩევად იბარებდა და მობილურშიც კი აღწევდა მისი მაღალი ტონი - შუკვანი აქ მომითრიეთო.

უკვე ცნობილია, რომ ბეთქილ შუკვანი ლონდონში დაბრუნდა და საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს. მისი განმარტებით, არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია და იგი ამის ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა.  

თუმცა, ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ მისი პრობლემით არ შემოიფარგლება. ამდენად, შუკვანი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს და როგორც აცხადებს, გამოააშკარავებს იმ მძიმე რეალობას, რაც  ქართულ სპორტში არსებობს.  

როგორც For.ge-სთვის გახდა ცნობილი, შუკვანის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა და ანალოგიური ზეწოლა განუცდია მეორე სპორტსმენს - ვარლამ ლიპარტელიანს, თუმცა ამ ეტაპზე სპორტსმენები თავს იკავებენ ლონდონში გადატანილი ემოციების გამომჟღავნებისგან.

რაც შეეხება მიღწეულ შედეგს, ადრინდელი ოლიმპიადისგან განსხვავებით, როცა ქართველები სამი ოქროს მედლით დაბრუნდნენ, წელს მხოლოდ ერთი ოქროს მედლის მფლობელნი გავხდით. არადა, ამ სფეროს წარმომადგენლები წლეულს ხუთ ოქროს მედალს მაინც ელოდნენ. საბოლოო შედეგი ასეთი აღმოჩნდა: საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ლონდონურ ტატამზე ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჯამში 7 მედალი მოიპოვა. აქედან 1 ოქრო (ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი), 3 ვერცხლი (რევაზ ლაშხი, დავით მოძმანაშვილი და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი) და 3 ბრინჯაო (დავით მარსაგიშვილი, გიორგი გოგშელიძე და მანუჩარ ცხადაია).    

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ოლიმპიადაში სულ 35 ქართველი სპორტსმენი  მონაწილეობდა და გულშემატკივრები სწორედ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ელოდნენ წარმატებას, თუნდაც, - ტყვიის სროლაში, თუმცა ქართველებმა მხოლოდ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამოიჩინეს თავი და მთლიანობაში არც ისე მაღალი შედეგი აჩვენეს.

ცნობისთვის, 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე საქართველომ 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2004 წელს პირველი ოქრო საქართველოს ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოუტანა, რომელიც ოლიმპიადებზე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოქროს მედალი იყო. იმავე წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძალოსანი გიორგი ასანიძე, ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობას დაემთხვა, საქართველომ სპორტის 11 სახეობაში მიიღო მონაწილეობა და სულ 6 მედალი მოიპოვა: 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს და იგი 27-ე ადგილზე გავიდა საერთო ჩათვლაში. პეკინის ოლიმპიური ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი გახდნენ.
რატომ ვერ იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა ლონდონის ოლიმპიადაზე ისე, როგორც ამას მიჩვეულნი ვიყავით? ამ კითხვაზე გამოცდილ სპორტსმენებს ერთადერთი პასუხი აქვთ, რომ საქართველოში სპორტი პოლიტიზირებულია და სპორტსმენების ფსიქოლოგიას უშუალოდ ოლიმპიადის წინ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ზეწოლა ვნებს. 

For.ge შოთა ხაბარელსა და ზურაბ ზვიადაურს ესაუბრა.

ლონდონის ოლიმპიადის შედეგებს სპორტის დამსახურებული ოსტატი, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი საგრძნობ უკუსვლად მიიჩნევს, რადგან 12 ადგილით გადავიწიეთ უკან. მაშინ, როცა წინა ოლიმპიადაზე 27-ე ადგილზე ვიყავით და გვქონდა სამი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი.

„წელს დავეუფლეთ 7 მედალს, მაგრამ ერთი ოქროს მეტი არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი უკუსვლაა იმ თანხებიდან გამომდინარე, რაც  მზადებისთვის დაიხარჯა. ეს ალბათ, ათჯერ მეტია, ვიდრე წინა ოლიმპიურ თამაშებზე. იმ ბიჭებთან, რომლებიც პრიზიორები გახდნენ, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მათ ძალიან კარგად იჭიდავეს, თავისუფალი სტილისა და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებს შესაბამისი მომზადება ეტყობოდათ, რასაც ვერ ვიტყვი ძიუდოზე. ასე რომ, როგორც არ უნდა მოატყუონ ხალხი და თავი შეიქონ, უბრალოდ, შეხედეთ და ნახეთ, რომ 11 ადგილით უკანდახევა სულაც არ არის ორი-სამი საფეხურით უკან დახევა. ჩემი აზრით, ეს წარუმატებელი გამოსვლა იყო“, - აცხადებს შოთა ხაბარელი.

მისი თქმით, 39 ქვეყანაა ჩვენს წინ. მათ შორის, გასაგებია, რომ წინ არიან „გრანდი“ ქვეყნები, მაგრამ წინა ოლიმპიადის შედეგიდან გამომდინარე, წელს სულ სხვა შედეგი უნდა მიგვეღო. 

„ეს ნიშნავს, რომ სპორტი ნელა-ნელა უკან იხევს. ძალოსნობაში მედალი გვქონდა წინა ოლიმპიადაზე, ასევე, ტყვიით სროლაში, დღეს კი ეს გუნდები მედლის გარეშე არიან, რაც ნიშნავს, რომ სპორტის ამ სახეობებშიც პრობლემებია“.

ლონდონის ოლიმპიადაზე წარუმატებლობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად შოთა ხაბარელი სპორტსმენებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიიჩნევს. მისი შეფასებით,  როდესაც განსხვავებული აზრის გამო  სპორტსმენს აგინებ, ლანძღავ და ამას მთელი გუნდი უყურებს, რა თქმა უნდა, ეს მთელ ოლიმპიურ ნაკრებზე მოქმედებს. მეტიც, ეს უკვე სპორტსმენის პოლიტიკური ნიშნით დევნაა.

„ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა გამოთქვა ამ ადამიანმა და ამის გამო მიუღებელი გახდა. მართალია, ნაკრებისთვის არ გამხდარა მიუღებელი, მაგრამ რამდენიმე ადამიანისთვის მიუღებელი გახდა. თორემ დანარჩენები, ყველანი, მეგობრულად იყვნენ განწყობილნი და მე ვიცი, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან. თვითონ ის სპორტსმენებიც შეწუხებულები, გაგიჟებულები იყვნენ, რადგან ამ ყველაფერს უყურებდნენ. ისინი ხედავდნენ თავიანთ მეგობარს, ძმაკაცს, რომელიც გარიყული და გალანძღული აღმოჩნდა“.

რაც შეეხება გიორგი გოგშელიძეს სპორტიდან წასვლას, შოთა ხაბარელი სპორტსმენის წლოვანებას უკავშირებს. იგი საკმაოდ დიდი იყო სპორტისთვის, თუმცა ხაბარელი არც პოლიტიკურ ფაქტორს გამორიცხავს.

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური აცხადებს, რომ ფაქტია, საქართველოში პოლიტიკა ძალიან ერევა სპორტში, რაც ოლიმპიადაზე გამოჩენილ შედეგზეც აისახა.

„ეს შედეგი არის პოლიტიკის ბრალი, სპორტი პოლიტიზირებული გახადეს. 39-ე ადგილი სწორედ ამის მაჩვენებელია, რადგან წინა ოლიმპიადაზე ჩვენ გვქონდა სამი ოქრო. ვფიქრობ, წელს, მინიმუმ, ხუთი ოქრო მაინც უნდა აგვეღო, რადგან ძალიან ძლიერი ბიჭები გვყავს, განსაკუთრებით, ჭიდაობაში. რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აფათურებენ სპორტში ხელს პოლიტიკოსები, შედეგზეც აისახა,“ - გვითხრა ზურაბ ზვიადაურმა.

მანვე ძიუდოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წარმატებას ელოდა ბეთქილ შუკვანისგან, რადგან იგი ძლიერი სპორტსმენია, როგორც ტექნიკურად, ისე ფიზიკურად, ტურნირებზეც ყოველთვის წამყვან ფიგურად ითვლებოდა. თუმცა, გარდა იმისა, რომ შუკვანს თითი სტკიოდა, სამწუხარო ის იყო, რომ იგი დაიბარეს და ზეწოლა განახორციელეს.

ასევე, ზურაბ ზვიადაური ოქროს მედალს ელოდა ვარლამ ლიპარტელიანისგან. თუმცა, როგორც შეიტყო, ლიპარტელიანსაც ძალიან ცუდი ფაქტი შეემთხვა, რამაც მის ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა.

„მათ ნაცვლად მე რომ ვყოფილიყავი, ფსიქოლიგიურად მეც დავითრგუნებოდი. სანამ ვარლამი გაემგზავრებოდა, მანამდე შეექმნა პრობლემა. ოღონდ არ მინდა, მოვლენებს დავასწრო. ალბათ, მალე გავრცელდება, რაც მოხდა და იმასაც გავიგებთ, ჭორია თუ სიმართლე. თავისთავად, იგი სპორტსმენია, გულთან მიაქვს ყველაფერი. საერთოდ ვერ გამოვიდა ოლიპიურ თამაშებზე, უბრალოდ, მე ვერ ვცნობდი ვარლამს, ის ძველებური ვარლამი არ იყო“, - აღნიშნა ზურაბ ზვიადაურმა.