რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის მთავარი ოცნების, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, უმშვენიერესი ლაზიკას აღმშენებლობა დაიწყება. უცნობია, რომელი ფინანსებით აპირებს ხელისუფლება ამ გრანდიოზულ პროექტთან შეჭიდებას, მაგრამ პრეზიდენტის განმარტებით, ლაზიკა ჩაფიქრებულია ფოთის გაგრძელებად. იგი გახდება მთავარი ეკონომიკური ცენტრი, საინჟინრო თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქართული პორტი და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, ვინც საოკუპაციო ხაზს იქით ცხოვრობს.
საინტერესოა, ბიუჯეტში არარსებული თანხების ფონზე რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ამ ქალაქის მშენებლობა? იმისთვის ხომ არა, რომ თქვას, რომ ბერიას შემდეგ, პირველად საქართველოში ჭაობზე ქალაქი აშენდა?! ეტყობა, ჩვენი ხელისუფლებისთვის რაღაც მიმზიდველობა მართლაც არის ჭაობში აშენებულ ქალაქებში. ოპოზიციონრები და ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს უმუშევართა მთელ კასკადს ლაზიკელი უმუშევრებიც დაემატებიან. ხოლო ლაზიკის მიწაზე ცათამბჯენების მშენებლობა სერიოზული საფრთხის შემცველია ამ სეისმურად საშიში ადგილისთვის.
For.ge ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც არსებობს ქალაქი ბათუმი, ქალაქი ფოთი, რომელთა პორტებიც სრულად არ არის დატვირთული, და ასევე - ყულევის პორტი, კიდევ ერთი ახალი ქალაქის მშენებლობა გაუგებარია.
„არ გვესმის, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ახალ ქალაქ ლაზიკას, ამ აზრს არავინ გვიხსნის. ვინც შეკითხვას დასვამს, ყველა რუსეთის აგენტია. თუ რამე სხვა მიზანია, უნდა გვითხრან, თორემ, ისე, უბრალოდ, „მე მინდა, ავაშენო ქალაქი“, ამისთვის არ აგვირჩევია პრეზიდენტი. მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სულ რაღაც ერთი წელი დარჩა ხელისუფლებაში და რა ქალაქების მშენებლობა წამოიწყო?! ეს მისი საქმე ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ეს არის პროპაგანდა, რომ სააკაშვილი ხომ ქალაქის მშენებელია, იგი ხომ დავით აღმაშენებელია?! 30 წელი დასჭირდა დავით აღმაშენებელსო. ახლა 30 წელი მოგვთხოვა, ჩვენ კი გვეგონა, ერთი-ორი წლით აპირებდა ხელისუფლებაში კიდევ დარჩენას. თურმე 30 წლით დარჩენა სდომებია. ახლა სააკაშვილი 45 წლისაა, 30 წლის შედეგ იქნება 75 წლის. 80 წლის ასაკში, იქნებ, გავისტუმროთ შევარდნაძესავით. ასე რომ არ მოხდეს და ლაზიკის ექსპერიმენტს არ გადავყვეთ, საჭიროა, წელსვე საპარლამენტო არჩევნებზე უარი ვუთხრათ“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ამასთან, ლევან ბერძენიშვილი იხსენებს სააკაშვილის ნათქვამს, რომ ლაზიკაში სწორედ სოფლის მოსახლეობამ უნდა იცხოვროს. პოლიტიკოსის აზრით, სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების აკვიატებული იდეა, რომ საქართველოში სოფელი არ უნდა დარჩეს.
„ეტყობა, ამ ხალხს „ლაზიკის უმუშევრებად“ ამზადებენ, რადგან ამ ქალაქს არანაირი ფუნქცია არ აქვს, იქ ინდუსტრია არ არის და რით იცხოვრებს ხალხი? ცხადია, ლაზიკიდან ყველა თბილისში წამოვა“.
პოლიტიკოსის თქმით, ქალაქის აშენება მრავალმილიარდიანი პროექტია. საქართველოს მთელი ბიუჯეტი კი არ ეყოფა ამ ქალაქის აშენებას. თუმცა ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოგვიანებით იქ დედაქალაქის გადატანა მოუნდეთ.
„არ ვიცი, რას მოიმოქმედებს. ჩვენი პრეზიდენტი ტყეშია გავარდნილი და ყველაფერს ამბობს, რაც გუნებაში მოუვა. ამიტომ ოპოზიციაში რომ იქნებიან, იქიდან იძახონ მერე, რომ ლაზიკას ავაშენებდით, რომ მოგვეგო, მაგრამ წავაგეთო“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილს აინტერესებს, რა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ლაზიკა მაცხოვრებლებით შევავსოთ და ადამიანები დავასაქმოთ. სად გვაქვს მოსახლეობის სიჭარბე, რომ ახალ ქალაქში დავასახლოთ? ეს მაშინ, როცა ჩვენი ქალაქები - გორი, რუსთავი, თელავი და სხვა, სრულფასოვნად არ არის დატვირთული მოსახლეობით.
არქიტექტორის თქმით, ის ტერიტორია, სადაც ლაზიკის აშენებას აპირებენ, ეკოლოგიის თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, ჭაობიანი ნიადაგები ჟანგბადის ყველაზე ძლიერი რეგულატორები არიან, მათი მოსპობა კი დაუშვებელია. ამასთან, ეს არის გადამფრენი ფრინველების დროებითი დასასვენებელი ზონა. ამიტომ გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, თუ ლაზიკა უცხო ტომების ჩამოსასახლებლად კეთდება, ეს დანაშაული იქნება ერის წინაშე. უცხო ხალხის ჩამოსახლება კი, შესაძლოა, გაგრძელდეს. ამის დასტურად ბათიაშვილს ახსენდება ბურების ჩამოსახლება, ჩინელებისა და მეზობლებისთვის მიწების დარიგება. ამიტომ გამორიცხული არ არის, ლაზიკაც ვიღაცისთვის კეთდებოდეს.
რაც შეეხება ფოთს, არქიტექტორის თქმით, ფოთის პორტი არის ჩვენი კარიბჭე. შავი ზღვის სანაპირო ზოლი კი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ პორტს დავუთმოთ.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, საზღვაოსნო ტერიტორია შევიდეს კონტინენტში, მდინარეები - ხევსა და კალაპოტებში, რათა ნაკლები დავიკავოთ შავი ზღვისპირეთი და არ გავავრცელოთ შავი ზღვისპირეთზე ნაგებობები“.
მშენებლობის სპეციალისტი ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ საინჟინრო თვალსაზრისით, ლაზიკა დიდად პრობლემატურია. ნახევარ მილიონიანი ქალაქის ჭაობიან გრუნტზე დაგეგმარების სხვა შემთხვევა ანზორ საკანდელიძეს არ ახსენდება. მართლია, ვენეციაც წყალზეა გაშნებული, მაგრამ იქ არის მხოლოდ ერთ ან ორსართულიანი ნაგებობები. მრავალსართულიანი შენობების აგება კი ძალიან რთულია. მთელი ქალაქის დაგეგმარებას, მშენებლობას წინასწარი საკვლევი სამუშაოების ჩატარება სჭირდება. მით უმეტეს, ჭაობიან გრუნტზე. ამდენად, ლაზიკის შემთხვევაში, გრუნტია შესასწავლი - გეოლოგიური, გეოდეზიური, გეოფოზიკური სამუშოებია ჩასატარებელი. ჯერ სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს და აქ ასაშენებელი შენობების საიმედობა უნდა დადგინდეს.
„ისე არ გამოვიდეს, რომ მიწისქვეშა მშენებლობა უფრო მეტი დაჯდეს, ვიდრე მიწისზედა. ამიტომ უტოპიური პროექტი მგონია. ლაზიკის შემთვევაში, საუბარია მრავალსართულიანი, 50 სართულიანი ნაგებობების აშენებაზე. როგორც ინჟინერ კაცს, მშენებელს, მგონია, რომ ამის განხორციელება ძალიან რთული და ძვირადღირებულია. არ მახსოვს, ჭაობებში მრვალსართულიანი შენობები აშენებულიყოს, რაც აქ მასიურად არის დაგეგმილი. პეტერბურგს რაც შეეხება, იქ ორ-სამ სართულიანი შენობებია. სხვათაშორის, პეტერბურგში ახლაც არის სირთულეები, როდესაც მდინარე ნევა ადიდდება, ხშირად გადმოდის და მთელი ქალაქის უშიშროება და უსაფრთხოება დღესაც არ არის დაცული. რამდენი უჯდებათ ზარალი, არ არის აღნუსხული.“
ანზორ საკანდელიძის განმარტებით, ლაზიკის შემთხვევაში, სეისმომედეგობის დაცვა გართულდება. არადა, ინტერნეტში არსებულ ლაზიკის პროექტს თუ ჩავხედავთ, იქ ძირითადად მრავალსართულიანი ნაგებობებია.
„საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია და რვაბალიან მშენებლობაზე გათვლილი შენობები ჭაობში ძალიან რთული საინჟინრო ამოცანა იქნება. ამერიკელებს წაართვეს ეს პროექტი და თავიდან იგი 30 ათას კაცზე იყო გათვლილი. 30 ათას კაცზე, შეიძლება კიდევ იფიქრო, მაგრამ ნახევარ მილიონიან ქალაქს ისე როგორ ააშენებ, რომ გადამფრენ ფრინველებს საუკუნეების განმავლობაში გაკვალული გზა არ ჩაუკეტო?! ეს ფრინველები აქ ისვენებენ და, შეიძლება, დაიღუპონ, თუ შესასვენებელი ადგილები არ ექნებათ. მოკლედ, ლაზიკა არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს,“ - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.