ვეტერან სპორტსმენებს კახი კალაძის წინააღმდეგ ამზადებენ

ვეტერან სპორტსმენებს კახი კალაძის წინააღმდეგ ამზადებენ

„ვეტერანი ფეხბურთელების გამოყენებით ხელისუფლება კახი კალაძის დისკრედიტაციას ამზადებს“, - ამის შესახებ For.ge-ს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება კალაძის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ვეტერან ფეხბურთელებს ამზადებს, თავად სახელისუფლებო წრეებიდან მიიღო.

მართალია, ექსპერტისთვის კახი კალაძის დისკრედიტაციის გეგმის კონკრეტული შინაარსი უცნობია, რადგან, ჯერჯერობით, ხელისუფლებამ თავად არ იცის, რა შინაარსის უნდა იყოს ეს გეგმა, მაგრამ ამგვარი რამ იდეის დონეზე უკვე არსებობს. იდეა კი ასეთია – რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი უნდა შეიკრიბოს და კალაძის წინააღმდეგ გაილაშქროს.

ამ ეტაპზე მამუკა არეშიძე იმ ფეხბურთელების ვინაობის დასახელებას ერიდება, ვის დათანხმებასაც ხელისუფლება ცდილობს, რადგან ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.

თუ რატომ ამოიღო სამიზნედ ხელისუფლებამ კახი კალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ამის შესახებ მამუკა არეშიძის პასუხი მარტივია: ხელისუფალნი ვერაფრით უხსნიან მსოფლიო საზოგადოებას, თუ რატომ შეიძლება კახი კალაძეს საკუთარი ფეხებით ნაშოვნი ფული წაართვან?! ამიტომ, საჭიროა მისი დისკრედიტაცია, რასაც, ხელისუფლების თვალთახედვით, ყველაზე უკეთ მისივე კოლეგები მოახერხებენ.

„ერთხელ უკვე იყო ამის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ, იტალიელებმა მხარი არ დაუჭირეს. ჩვენმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ირბინეს აქეთ-იქით იტალიაში, იხვეწებოდნენ, ფულიც ჩაიტანეს, მაგრამ არ შედგა ეს ამბავი, რადგან, როგორც ჩანს, კახისაც აღმოაჩნდა გავლენის სფეროები. ეს მცდელობა ჩაეშალათ, მაგრამ კიდევ აქვთ სურვილი, კახი კალაძის დისკრედიტაცია ამჯერად ქართველი ვეტერანების ხელით განახორციელონ, რადგან კახი კალაძე ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა დღევანდელ საარჩევნო სივრცეში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე და დარწმუნებულია, რომ ჩვენი დიდი ფეხბურთელები, გარკვეული ყოფითი პრობლემების მიუხედავად, საკუთარ იმიჯზე ხაზის გადასმას არ მოინდომებენ. 

ცნობილი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კახი კალაძე ოქროს ასოებით ჩაეწერა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიც.

„ჩვენ ვართ იმ დიდი ქართული ფეხბურთის წარმომადგენელნი, რომლებიც კალაძისნაირ პიროვნებებს ყოველთვის დიდი სიამაყით ვახსენებთ და მის გამო თავაწეულნი დავდივართ. ამიტომ, ჩვენ, სპორტსმენები და უშუალოდ ფეხბურთელები, ვალდებულნი ვართ და ყოველთვის ვიდგებით კახა კალაძის გვერდით. სწორედ კახა კალაძის მსგავს სპორტსმენებთან ერთად დავიწყებთ ქართული ფეხბურთის პირამიდის აშენებას, როგორც ამას წლების განმავლობაში ვაკეთებდით“, - აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკა პოლიტიკად რჩება, კახა კალაძე კი დარჩება დიდ სპორტსმენად, ამიტომ, ქართველ ფეხბურთელებს უფლება არ აქვთ, ასეთი ხალხი მიატოვონ. მეტიც, რევაზ ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ გამორიცხულია, ქართველი ვეტერანები კახი კალაძის წინააღმდეგ გადაიბირონ.

„ვინც ამას გააკეთებს, ის სპორტსმენი არ იქნება. პირადად ჩემთან ასეთი თხოვნით ხელისუფლებიდან არავინ მოსულა. დარწმუნებული ვარ, არც აპირებენ მოსვლას და ჩემს მიმართ ასეთი თხოვნა არც იქნება. სამწუხაროა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩვენ ვერ შევძელით დაგვეცვა ზოგიერთი სპორტსმენი. ისინი  დაიჩაგრნენ, ბევრმა სპორტსმენმა თავისი სპორტული კარიერა ვერ წარმართა ისე, როგორც საჭირო იყო ამ 20 წლის განმავლობაში, გარდატეხის პერიოდში, საბჭოთა კავშირის წყობიდან გასვლის შემდეგ“.

რევაზ ძოძუაშვილის აზრით, იმ სპორტსმენებს შორის, ვინც სპორტული საზოგადოებისგან მიტოვებული აღმოჩნდა და, ვისაც ცუდი რამ შეემთხვა, გიორგი დემეტრაძე იყო. ასეთი ფაქტებისგან კი მომავალშიც არ ვართ დაზღვეულნი. ძოძუაშვილის თქმით, გუშინ მთელ საქართველოს უხაროდა ოლიმპიელი ჩემპიონების ასე მაღლა აწევა, თუმცა ხვალ ის ოლიმპიური ჩემპიონი, შესაძლოა,  დასაჭერთა სიაში ვიხილოთ.

„ასეთი მძიმე გზა არასდროს ჰქონია ქართველ სპორტსმენს. უნდა შეწყდეს ქართულ სპორტში ამ თემაზე საუბარი. რად უნდა კახი კალაძის სპორტულ კარიერას გახსენება?! ეს კარიერა მთელი ცხოვრება თან სდევს სპორტსმენს. ის ბევრი ადამიანის საყვარელი სპორტსმენია. საქართველოს 80%-ს კახი კალაძე გულში ჰყავს ჩახუტებული. არა მგონია, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეაფასოს ის ღირსება, რაც კალაძეს ეკუთვნის“.

რაც შეეხება კალაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, თითქოს სპორტსმენს უზომოდ დიდი თანხა აქვს დაგროვილი, რევაზ ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ დრო იყო, როცა სპორტსმენები ას დოლარად თამაშობდნენ ფეხბურთს. ეს კომუნისტების პერიოდში ხდებოდა, მაგრამ დადგა დრო, როცა მილიონებს აძლევენ წელიწადში ფეხბურთელებს.

„უნდა უხაროდეს ქართველ ერს, რომ ამხელა სპორტსმენები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ, მილიონები ჩამოიტანონ საზღვარგარეთიდან. ამით მდიდრდება ჩვენი ერი“, - გვითხრა რევაზ ძოძუაშვილმა.  

„ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ სპორტსმენების ერთმანეთთან დაპირისპირების აზრი მხოლოდ ანომალიური პიროვნების გონებაში შეიძლება, დაიბადოს.

„ჩვენს ქვეყანაში ასეთი ანომალიები ბევრი გვინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში უარყოფითად არავინ ჩაერევა. ვფიქრობ, თვითონ კახი კალაძეც დარწმუნებულია, რომ ასეთი რამ არ მოხდება. გამორიცხულია, ვინმემ ამას მხარი აუბას, რადგან სპორტსმენები ამ საქმეში არ ჩაერევიან და ვინმეს ბრძანებას არ შეასრულებენ. შეიძლება, ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმით დაპირისპირება წარმოუდგენელია და მე არ მიმაჩნია, ვინმეს ბრძანებით რომელიმე სპორტსმენმა ეს გააკეთოს. სპორტი აერთიანებს და არ თიშავს“, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა For.ge-სთან კომენტირებისას.