დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია იყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ნუკრი ქანთარიას ისნის რაიონში მოსახლეობასთან უკვე 16 შეხვედრა ჰქონდა და ამბობს, რომ „ქართლი ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის და პირადად მის მიმართ მოსახლეობა კეთილგანწყობილია და მომავალს იმედის თვალით უყურებს.
ქანთარიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისანს (და ზოგადად საქართველოსაც) „საჩუქრებს“ უტოვებს და ეს საჩუქრებია - უმუშევრობა, დიდი კომუნალური გადასახადები, წყლის გრაფიკით მიწოდება, დაუკანონებელ მიწების დაკანონებაზე დახმარების არ გაწევა, მიწისძვრით დაზარალებულთა მიმართ უყურადღებობა, ავარიული ბინები, რომელთა სარდაფებში, ხშირ შემთხვევაში, წყალია დაგროვილი, მაღლივ კორპუსებში კი წყილს და ლიფტის პრობლემები. ამასთანავე, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ სოციალური დახმარებების გაცემა მოსახლეობაში შერჩევით ხდება, ანუ დახმარებები მოუხსნეს იმ ადამიანებს, ვინც ოპოზიციურად არიან განწყობილები.
„წყლის პრობლემას რაც შეეხება, გუშინ ვაზისუბნის მეცამეტე მიკრორაიონში ვიყავით და იქ ერთ-ერთმა მოსახლემ მითხრა, - წყალი ცოტა ხნის წინ მოვიდა, აბაზანის მიღება მინდოდა და წყალი რომ მოვუშვი, თავკომბალები და ხვლიკები გამოჰყვაო. აი ასეთ სიტუაციაში აცხოვრებენ ხალხს“, - აცხადებს ქანთარია.
ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებულ საჩუქრების ჩამონათვალში იგი დევნილთა პრობლემებს მოიხსენიებს, გარდა ამისა, ამბობს, რომ ისნის რაიონში ძალიან ბევრი ოჯახია, რომელსაც ან პატიმარი, ან პრობაციონერი ჰყავს ოჯახში. ასევე ქანთარია ამბობს, რომ კაჩინსკის (ყოფილი შავი ზღვის) ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ ვინაიდან ხელისუფლებამ იცის ამ კორპუსის ოპოზიციური განწყობის შესახებ, არაფრით ეხმარება.
„ეს არის ის საჩუქრები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს უტოვებს, მაგრამ მოსახლეობაში არის დიდი რწმენა, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ამის მეც ღრმად მჯერა, რადგან ჩვენ სრულ უმრავლესობაში ვართ, ფაქტიურად კონკურენტები არ გვყავს, მაგრამ გვყავს ხელის შემშლელები, რომლებიც უამრავ უკანონობას სჩადიან“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
მან ასევე წარმოდგინა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ ისნის რაიონში აღმოჩენილი დარღვევები. კერძოდ, ამ მონაცემების თანახმად, არსებობს მისამართები, რომლებიც ერთიან საარჩევნო სიაში საერთოდ არ არის შეტანილი, ხოლო მეორე მხრივ, სიაში არის კონკრეტული მისამართები, რომლებიც რეალურად არ არსებობს. ქანთარიამ ეს მონაცემები ჟურნალისტებს გადასცა და მათ ამით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
მან ისნის რაიონში თავის კონკურენტებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ისნის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გიორგი ვაშაძის კანდიდატურაა წამოყენებული, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ისანში მაჟორიტარად ლევან ვეფხვაძე წარადგინეს. ნუკრი ქანთარია ამბობს, საკუთარ თავზე არ ისაუბრებს, მაგრამ ხალხში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ უდიდესი მხარდაჭერაა და ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინც არ უნდა დააყენოს კანდიდატად, მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს.
„ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი მიზეზის გამო არ დაუჭერს მხარს. ახლა მათ დაიწყეს მოსახლეობისთვის ოქროს კოშკების აგება და უამრავ არარეალურ დაპირებას აძლევენ, მაგრამ ხალხი მათ ერთადერთ კითხვას უსვამს (ზოგი პირდაპირ, ზოგიც - გულში) - თუ ადამიანები გიყვარდათ და მათზე ზრუნავდით, სად იყავით რვა წლის განმავლობაში? ეს კი ისეთი კითხვაა, რომელზეც ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. შეიძლება ვაშაძემ მათ უთხრას, რომ იუსტიციის სახლი ააშენა და მისი წყალობით არის პირადობის მოწმობების გაცემაზე ასეთი კარგი მომსახურება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რას ემსახურება ეს სისწრაფე. ისინი ახლაც არიგებენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ გარწმუნებთ, რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენ ისეთ უმრავლესობაში ვართ, რომ უბრალოდ არაფერი გამოუვათ“, - ამბობს ქანთარია.
მაჟორიტარობის კანდიდატი გაოცებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ხელი არ შეუშლიათ, როგორც ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სხვადასხვა რაიონში მისვლისას ხდება ხოლმე. თუმცა აქვე იგი აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან მის შეხვედრებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც ესწრებიან, მაგრამ ისინი უბრალოდ დგანან და უსმენენს მას, რისი წინააღმდეგიც ქანთარია არ არის.
მან კომენტარი გააკეთა გავრცლებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა პრაქტიკულად „ჯიბეში უდევს“. ქანთარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მხარდამჭერები და რიგითი მოსახლეობაც მზად არის იმისთვის, რომ საკუთარი ხმები დაიცვან.
„ისინი ამბობენ, ხმას რომ მივცემთ, ღამე დავრჩებით საარჩევნო უბანთან და ჩვენს ხმებს ბოლომდე დავიცავთო. მე მჯერა, რომ ეს მართლაც ასე მოხდება და ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ მართლაც გადამწყვეტ ფაზაში ვიმყოფებით და უკან არ ვიხევთ. მეეჭვება, ხელისუფლებამ ასეთი რამეები ასე მასიურად გაბედოს, ალბათ, იქნება რაღაც პატარ-პატარა ჩაყრები, ესეც თუ მოახერხეს, მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს უპირატესობას ვერ შექმნის“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.
მან წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის აქტიურად გამოყენებაზეც ისაუბრა. ქანთარიას თქმით, ხელისუფლების მოქმედების გეგმა ასეთია - ისინი მიდიან რომელიმე კონკრეტულ რაიონში და თუ იქ, მაგალითად, არის დანგრეული გზა, ამაზე ვიშვიშებენ, ხოლო მეორე დღეს ადგილზე მიდიან გამგეობის წარმომადგენლები და ამ გზას აკეთებენ. მაგრამ ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ასეთი ადგილებიდან მათთან მიდიან ადამიანები და ეუბნებიან - „ეს პრობლემა ამდენი ხანი არსებობდა, ესენი კი ამას ახლა აგვარებენ და ეს მოსყიდვა არ არისო?“ ქანთარიას თქმით, ასეთი ფაქტების გამო მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ გაღიზიანება მატულობს.
„მე არ შემიძლია მთელი ისნის მოსახლეობის სახელით ვილაპარაკო, მაგრამ რამდენიმე ათას კაცს შევხვდი და მათი სახელით საუბარი ნამდვილად შემიძლია და მათი განწყობა სწორედ ასეთია. ამასთანავე, ამ ადამიანებს ჰყავთ მეზობლები, ნათესავები და მეგობრები, რომლებიც თავიანთი პოზიციის გამოხატვისაგან მხოლოდ იმიტომ იკავებენ თავს, რომ ზოგს საჯარო სამსახურში ჰყავს ოჯახის წევრი დასაქმებული, ზოგს შეიძლება რაღაც სოციალური დახმარება ეძლევა და ამის დაკარგვის შიში აქვთ. მაგრამ, რეალურად, ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ სრულ უმრავლესობაში ვართ“, - აღნიშნავს ქანთარია.
მისი თქმით, ასეთი მოსახლეობის სულ დაახლოებით 30-40%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები პრაქტიკულად არ არსებობენ, მათი აქტივისტების გამო. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ჰქონდა ასეთი შემთხვევა დოლაბაურის ქუჩაზე, რომ მოსახლეობა მასთან შეხვედრას ფრთხილობდა. როდესაც ქანთარია ამის მიზეზით დაინტერესდა, მოსახლეობამ მას უთხრა, რომ იქვე ახლოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა საფარი, ძველი თონე, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ იქ მათი აქტივისტები იკრიბებიან ხოლმე.
„მართლაც, ამ ფარდულიდან ვიღაცეებმა გამოიჭყიტეს. მივედი მათთან და იქ რამდენიმე ქალბატონი აღმოჩნდა, რომლებმაც დაიწყეს ყვირილი - „ჩვენ მიშა გვიყვარს“ და ა.შ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთები უკვე თითზე ჩამოსათვლელია და სწორედ ამიტომ მაქვს მე გამარჯვების ძალიან დიდი რწმენა. ბიძინა ივანიშვილი ენდო ამ ხალხს, მათ ეს დაინახეს და ასეთივე ნდობა აქვთ გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ“, - აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.
იგი ასევე ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებშიც ჰქონდა შეხვედრები, არაქართული მოსახლეობა მასთან დიალოგში შედის (რაც ქანთარის თქმით ადრე არ ხდებოდა) და ისინიც „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილები არიან. ქანთარიას თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით ანალოგიური განწყობაა.
„სანამ მაჟორიტარად დავსახელდებოდი, „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში გამართულ ყველა შეხვედრას ვესწრებოდი და თამამად გეტყვით, რომ ყველგან ჩვენს მიმართ უდიდესი მხარდაჭერა იგრძნობა. შეიძლება ზოგ რეგიონში განსხვავებული სიტუაცია იყოს, არ ვიცი. მაგალითად არ ვიცი, როგორი განწყობაა სამცხე-ჯავახეთში, სადაც ჯერ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა. ასევე საინტერესოა, კახეთის განწყობაც, თუმცა, კახეთთან კონტაქტები მაქვს და იქაც ბატონ ბიძინას ძალიან ელიან. ამასთანავე, მათ ძალიან კარგად იციან მის მიერ ბიუჯეტში ჩარცხული 80 მილიონის შესახებ. თუ მისცემენ ამ ფულს, ხომ ეცოდინებათ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს დახმარება, ხოლო თუ ხელისუფლება მათ ამ დახმარებას არ მისცემს, ეს მათ უფრო გააღიზიანებთ, რადგან რეალურად ეს ფული არსებობს და მათ კი დახმარებას არ უწევენ. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ჩიხშია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ არ გაისროლონ, თორემ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ“, - ამბობს ქანთარია.