დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ შემომწირველების პროცესი გაიმართა. საქმე ეხება იმ 16 ადამიანს, ვინც რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიციისთვის შეწირული თანხების ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. ესენი არიან გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ნატო კოპლატაძე, მაგდა მუშკუდიანი, ნინო უძლიაური, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, ირაკლი ბერაია, ნატო ხანდრავა, ია გამცემლიძე და დავით გალუაშვილი. კოალიციისთვის შეწირული თანხა 100-დან 25 ათას ლარამდე მერყეობს, ჯარიმის თანხა კი მთლიანობაში დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხმაურიანად წარიმართა, რასაც შედეგად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ათამდე წევრის 200 ლარით დაჯარიმება მოჰყვა. მომხდარის შესახებ for.ge ერთ-ერთი დაჯარიმებულის, დავით კაჭახიძის ადვოკატს ლანა ჭანტურიას ესაუბრა.
ადვოკატის განცხადებით, პროცესზე მან მოსამართლის აცილების თაობაზე იშუამდგომლა, რადგან აღნიშნულ მოსამართლეს, ნანა ჭიჭილეიშვილს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საჩივრები მანამდეც ჰქონდა განხილული და ყველა მათგანზე, ადვოკატის განცხადებით, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. ამიტომაც, ლანა ჭანტურიას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე ჭიჭილეიშვილი დავით კაჭახიძის საქმესთან დაკავშირებითაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და ამ საფუძვლით მოითხოვა მისი აცილება. ამ შუამდგომლობას სამართალდამრღვევად ცნობილი სხვა პირების ადვოკატებიც დაეთანხმნენ, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ვინაიდან სასამართლომ აცილების თაობაზე ჩემი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მე მივიჩნიე, რომ ჩემი, როგორც დავით კაჭახიძის ადვოკატის პროცესში მონაწილეობას აზრი აღარ ჰქონდა და პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზი დავტოვე“, - აცხადებს ლანა ჭანტურია.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე მყოფმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მოსამართლის მიერ ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, პროტესტი გამოხატეს. სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები 200 ლარით დაჯარიმდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სასამართლო პროცესი გაგრძელდა და თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნობილი 16-ვე პირის დაჯარიმების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს დავით კაჭახიძე არ ესწრებოდა, რადგან მისი ადვოკატის თქმით, კაჭახიძისთვის თავიდანვე ცხადი იყო, როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი.
სასამართლოსადმი პროტესტის გამოხატვისათვის დაჯარიმებული „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი დავით ფაცაცია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ტიპის სასამართლო განხილვების დროს მოსამართლეებს გადაწყვეტილება უკვე წინასწარ აქვთ მიღებული. მისი თქმით, მოსამართლე ჭიჭილეიშვილის აცილების შუამდგომლობაც იმ იმედით იქნა დაყენებული, სხვა მოსამართლეს იქნებ მეტ-ნაკლებად ობიექტურად განეხილა დაჯარიმებულ პირთა საჩივრები.
„სინამდვილეში ფაქტია, რომ ეს არის სპექტაკლი. სააკაშვილის მმართველობის პირობებში სასამართლო არის დაბრმავებული, დამუნჯებული, ხელებიც მოჭრილი აქვს და ერთადერთი ფუნქცია აქვს - ამ კამპანიის „გაპრავება“, რაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დევნას, არასათანადო პირობებში ჩაყენებას და მათ მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას გულისხმობს. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვეთ“, - აცხადებს დავით ფაცაცია.
„მე ვუთხარი მოსამართლეს, რომ იგი ამ უკანონო გადაწყვეტილებებისთვის აუცილებლად აგებს პასუხს და რომ ამ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამის საპასუხოდ მოსამართლე უკვე ყვირილზე გადავიდა, რასაც ბუნებრივია, მეც იგივე ტონში ვუპასუხე. მე ისიც ვუთხარი, რომ დღეს მასაც და ყველა სხვა მოსამართლესაც აქვთ შანსი, ამ ახალი რეალობის პირობებში თავისი სინდისის, გულის კარნახით იმოქმედონ და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ“, - აღნიშნავს ფაცაცია.
იგი მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან ამბობს, რომ სააკაშვილს ამ უკანონობაში ხელს ვერ შეუწყობს, იბრძოლებს ბოლომდე და აცხადებს, რომ სულ მალე მთელი ეს უკანონობა დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ფაცაციას თქმით, ამ პროცესზე 200 ლარიანი ჯარიმები „ქართული ოცნების“ დაახლოებით ათამდე წევრს დაეკისრა.