15 აგვისტოს დატვირთული დღე ჰქონდათ რუსთავის საჯარო სამსახურში დასაქმებულებს. პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით „სრული მობილიზაცია“ გამოცხადდა. ნაციონალების მხარდამჭერების გარდა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ადგილობრივი შსს. ქალაქის მთავრ სამმართველოსთან დაბურუმლმინიანი მანქანების რიგი დადგა. პოლიციამ ინსტრუქციები მიიღო და მძიმე სამუშაო დღისთვის მოემზადა.
პრეზიდენტთან შეხვედრის ადგილად რუსთავის მერიის წინ მდებარე თავისუფლების მოედანი შეირჩა. სააკაშვილის ჩამოსვლას მოედანზე ახალი შადრევანის გახსნა დაამთხვიეს. პრეზიდენტის მასპინძელმა რუსთველებმა მოედანზე შეკრება 18 საათიდან დაიწყეს.
მოედნის ორივე შესასავლელთან სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები დადგნენ, მათ ხელში სიები ეკავათ. გაირკვა, რომ ამჯერადაც პრეზიდენტს მასპინძლობას მხოლოდ, სპეციალურ სიებში მოხვედრილი რუსთაველები გაუწევდნენ. სიებში კი, საჯარო სამსახურში დასაქმებული რუსთაველები მოხვდნენ.
ჩვენ გადავიღეთ იმ საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნული სიებით შევიდნენ შეხვედრაზე. ასეთი პატივით შემდეგმა დაწესებულებებმა ისარგებლეს: რუსთავის №2 დიაგნოსტიკური ცენტრი, ცენტრალური საავადმყოფო, მე-11 და 21-ე სკოლა, საბავშო ბაღების გაერთიანება, თვითმმართველობის და გუბერნიის თანამშრომლები, სახანძრო სამსახური, ააიპი „რუსთავის კორპუსი“ და მერიის ყველა სამსახური. სკოლებთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ ქალაქის სხვა სკოლის პედაგოგებიც დაეწრნენ ღონიძიებას, თუმცა ჩვენ მათი გადაღება ვერ მოვახერხეთ.
თითოეული ამ დაწესებულის თანამშრომლის შეყვანისას, დაცვასთან დგებოდა აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელები და მისი მითითებით ხდებოდა სიიდან თანამშრომლის გვარის ამოკითხვა და შეყვანა.
პრეზიდენტისთვის საგულდაგულად შერჩეული მასპინძლები მოედნის შუა გულში შეიპატიჟეს. დარჩენილი დაუპატიჟებელი რუსთაველები კი მოედნის გარშემო დადგნენ. პრეზიდენტის მომლოდინე რუსთველებს კი სიურპრიზი „ქართულმა ოცნებამ“ გაუკეთა. კოალიციის აქტივისტების მანქანები მოედანთან გამოჩნდნენ. მათ ავტომობილების ფანჯრიდან საქართვლოს ხუთჯვრიანი და „ოცნების“ დროშები ეკავათ.
„ოცნების“ გამოჩენას ორი რუსთველის შეძახილი მოყვა „ბიძინა! ბიძინა!“. თუმცა კოლაიციის დროშების დანახვამ რამდენიმე იქვე მდგომი ახალგაზრდა ისე გააღიზიანა, რომ აქტივისტებს მანქანებიდან დროშები წაართვეს და მტვრევა დაიწყეს. დროშების წართმევას ადგილობრივი სამართალდამცავები ადევნებდნენ თვალს. მათ ამ ინციდენტის ადგილიდან ერთი მეტრიც არ აშორებდათ. პოლიციას დროშების წართმევაზე რეაგირება არ მოუხდენია. ისინი, ასევე, ურეაქციოდ ადევნებდნენ თვალს თუ როგორ ამტვრევდნენ და ხევდნენ წართმეულ დეროშებს.
ამასობაში, მიშას მომლოდინე საზოგადოებაც დაიღალა. თავისი მხრივ, უკმაყოფილებას სიებში ვერმოხვედრილი რიგითი რუსთაველები გამოხატავდნენ.
„მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ რუსთაველებს, რომელებიც შეხვედრაზე ვერ შემოვიდნენ. ჩვენ ვეცადეთ რაც შეიძლება მეტი სკამი დაგვედგა, მაგრამ ამაზე მეტის დადგმა შეუძლებელი იყო,“ - მიმართა ადგილობრივებს აწ უკვე, „ნაციონალური-მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, მამუკა ჩიქოვანმა.
21- საათისთვის მოედანზე პრეზიდენტიც გამოჩნდა.
„ამბობენ, რომ ამ მთავრობამ ვირტუალური რეალობა შექმნა და ისეთი სიტუაციაა, როცა ყველაფერი ტელეეკრანზე ხდება, ცხოვრებაში კი არაფერი იცვლება. მე კარგად მახსოვს 8 წლის წინანდელი რუსთავი და კარგად ვხედავთ, სად ვართ დღეს. 4 დღეში ერთხელ იყო წყალი, დღეს კი, გარდა ერთი უბნისა, სადაც წყალი 3-4 საათია, 24-საათიანი წყალმომარაგებაა. ეს ვირტუალური რეალობაა, თუ რუსთავის რეალობა? ისინი ამბობენ, რომ ამ მთავრობას ყველაფერი პიარისთვის უნდა და რომ ყველაფერი ყალბია – რუსთავში ყველგან დანგრეული იყო გზა, დღეს კი ყველა ძირითადი მაგისტალი არის მაგრად დაგებული. შემოდგომის ბოლომდე კი ყველა ეზოში, ყველა კორპუსთან მივალთ ისეთი გზით, როგორზეც ევროპაში დადიან. არის თუ არა ეს რეალობა?“ - ეკითხებოდა სააკაშვილი დამსწრე საზოგადოებას.
მოგვიანებით ჩვენ კითხვაზე, რატომ ისაუბრა დაყვედრების ტონით პრეზიდეტმა 21-ე საკუნეში წყლის და გზის არსებობაზე, დავით კირკიტაძემ გვიპასუხა.
„არანაირი დაყვედრება არ ყოფილა. ჩვენ არავის არაფერს ვაყვედრით. გეკითხებით, იყო მოგვარებული წყლის და გზების პრობლემა 21-ე საუკუნეში, როდესაც ვაჟა ლორთქიფანიძე იყო სახელმწიფო მინისტრი?! მაშინაც, ხომ იყო 21-ე საუკუნე“ - ქვემო ქართლის გუბერნატორმა „უსერიოზულესი“ არგუმნტით „ჩაგვჭრა“.
კირკიტაძემ ასევე, ისაუბრა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე.
„ყველა ადამიანი, რომლის ნაკვეთზეც ან საკუთრებაზეც გაივლის ეს გზა, შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. უკვე, ჩატარებულია ამისთვის წინასწარი სამუშაოები და დადებულია ხელშეკრულებები. რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეებს, არანაირი საფრთხე არ არის. თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ეს გზა არ გაივლის კრწანისის ტყე-პარკს და მისი ნაწილის გაკაფვა არ გახდება საჭირო“, - საუბრობდა კირკიტაძე.
პრეზიდენტის სტუმრობა ახალი გზის თემის გარდა კიდევ ერთი მოვლენით იყო მნიშვნელოვანი. მან „ნაციოანალების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში მამუკა ჩიქოვანი წარადგინა. ჩიქოვანი ამ დღემდე კირკიტაძის პირველი მოადგილე გახლდათ.
„მამუკა არის რუსთაველი მშობლებით, მეუღლით და ის ძალიან მაგარი კაცია. მაგარი პატრიოტია“, - განაცხადა სააკაშვილმა და ქვა „ქართული ოცნების“ ბოსტანში ისროლა. ადგილობრივი ნაციონალების მთავარი კომპრომატი „ოცნების“ რუსთვის მაჟორიტარი კანდიდატის ძიძიგურის წინააღმდეგ მისი არარუსთავლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ძიძიგური უკვე, რუსთავში დარეგისტრირდა, აღნიშნული „კომპრომატი“ მაინც მოქმედია.
„მანონი, რა მნიშვნელობა აქვს რას გეტყვი, მაინც არ დაწერ!“ - პრეზიდენტის ნაქებმა კანდიდატმა ისე დაგვიწყო ლანძღვა მისალმებაც არ გვაცადა. შემდეგ კი საზეიმო დღის პატივსაცემად დაგვდო პატივი და მცირე კომენტარი გაგვიკეთა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რაც პრეზიდენტმა გამომიცხადა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემი რუსთაველების ნდობაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უკეთესი გახდეს. ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას ავაშენებთ“, - განაცხადა, მამუკა ჩიქოვანმა.
ღონსძიების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა მოედნის შემოვლა გადაწყიტა. ხალხში შეერია და ბუნებრივია, მას ჟურნალისტებიც გავყევით. ვცდილობდით გადაგვეღო მისი საუბარი რიგით რუსთაველებთან. პრეზიდენტის დაცვა ტრადიციულად უხეში და აგრესიული იყო.
„მერე რა, რომ ჟურნალისტი ხარ?! არ გადაიღო-მეთქი!“ - მოგვმართავდა პრეზიდენტის დაცვის წევრი. ამ დროს კი სხვა ფოტოაპარატით და კამერით აღჭურვილი პირები სააკაშვილს უპრობლემოდ იღებდნენ.
მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მორიგი კადრის გადაღება ვცადეთ დაგვეტაკა და ხელი გვკრა ქალმა, რომელიც პრეზიდენტს ჩვენგან განსხვავებით უპრობლემოდ დაყვებოდა. ის ასევე, ჩვენი მეორე მცდელობისას დაგვეტაკა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გადაღებაში ხელი შეგვიშალა. მუჯლუგუნების კვრით დაგვსდევდა და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ფერხორციანია, უნდა ვაღიარო, რომ დაგვჩაგრა. ეს ქალბატონი ჩვენს ერთ-ერთ კადრში მოხვდა და საზოგადოებას მის ხილვის საშუალება ექნება.
ჩვენ ვარკვევთ მის ვინაობას. თუმცა უდავოა ის გარემოება, რომ აგრესიული ქალბატონი პრეზიდენტის გარემოცვის წევრია. ის სააკაშვილის მოსვლამდეც გახლდათ მოედანზე და პრეს-სამსახურის ფუნქციებს ითავსებდა. თან ამბობდა, რომ მოედანზე ვერ შეგვიშვებდა, რადგან პრეს-სამსახური არ იყო ადგილზე.
გვესმის ის გარემოება, რომ პრეზიდენტს დაცვა სჭირდება. თუმცა საგანგაშოა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის დასაცავად, უკვე, სისტემატიური ხასიათი მიიღო ჟურნალისტების და რიგითი მოქალაქეების ფიზიკურმა შეურაცხყოფამ.