„სამწუხაროდ, მოხდა, ისე რომ აჭარის მაჟორიტარების უმრავლესობა ნაკლებად კონკურენტუნარიანები არიან, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ჩვენ, შესაძლოა, აჭარის ექვსივე მაჟორიტარული ოლქი დავთმოთ. ვიმედოვნებ ეს შეცდომები გამოსწორდება, რადგან კანდიდატთა რეგისტრაციისთვის დრო ჯერ კიდევ არის. ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოზე დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა ადგილობრივი აქტივის აზრის გათვალისწინებით მოხდება და არა ერთი პირის სუბიექტური შეხედულებებით. ექსკლუზიურად for.ge-სთვის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ასლან ლორთქიფანიძე“, - მობილურ ტელეფონზე ასეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღეთ, რის შემდეგაც ასლან ლორთქიფანიძეს ტელეფონით დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.
გისმენთ ბატონო ასლან.
ასლან ლორთქიფანიძე: უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ აჭარაში დასახელებულ ყველა მაჟორიტარ კანდიდატს. თუმცა, რამდენიმე კანდიდატი ნაკლებად კონკურენტუნარიანია, რაც ზემოქმედებას ახდენს აჭარაში „ქართული ოცნების“ რეიტინგზე.
იქნებ კანდიდატების გვარები დაასახელოთ.
- გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან - ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს. ეს მაჟორიტარი კანდიდატი რაიონში ერთ-ერთ საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და საქონლის ქურდებს ლობირებდა.
ესაა იმის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ამ კანდიდატმა, რომელიც რაიონში სათანადო რეპუტაციით არ სარგებლობს, შეიძლება იმოქმედოს მთლიანად რეგიონში „ქართული ოცნების“ რეიტინგზე და ასეთი მაგალითი რამდენიმეა.
მაგალითები მაინც დაასახელეთ?!
- არიან კანდიდატები, რომლებსაც უბრალოდ, არ იცნობენ. მათ შორის ხშირია ასლან აბაშიძისდროინდელი ჩინოვნიკები, რომლებსაც რამდენიმე პარტია აქვთ გამოცვლილი, რაც ბუნებრივია ელექტორატზე ცუდად მოქმედებს. ბატონი ბიძინას პოლიტიკაში შემოსვლას თავიდანვე ძალიან დადებითი რეზონანსი მოჰყვა, მთლიანად საქართველოში და მათ შორის აჭარაში და აი, ამ კანდიდატების ერთი ნაწილის დასახელებამ მოსახლეობაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.
ვინ წარადგინა ეს კანდიდატები ბიძინა ივანიშვილთან?
- რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ წარადგინა, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი ბიძინა შეცდომაში შეიყვანეს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს საკითხი ერთმა პიროვნებამ გადაწყვიტა და ვინ არის ეს ერთი პიროვნება?
- ამის დაკონკრეტებისგან ბუნებრივია, თავს შევიკავებ. არ მინდა შიდა პარტიული სამზარეული გარეთ გამოვიტანო. ბატონ ბიძინასთან უშუალო კომუნიკაცია არ მაქვს და მინდა მან ამის შესახებ შეიტყოს. მადლობელი ვარ, რომ ამ საკითხს აშუქებთ. მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციამდე 14 დღეა დარჩენილი და იქნებ ვითარება გამოსწორდეს და „ქართული ოცნება“ ამომრჩევლების წინაშე ბევრად უფრო სოლიდურად წარდგეს.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ინტერვიუს ივანიშვილი წაიკითხავს, დაგიკავშირდებათ და დანარჩენს მასთან დააკონკრეტებთ?
- ჩემთან დაკავშირება საჭირო არ არის. ჩვენს რეგიონში სხვა ადამიანებიც არიან, ბევრად უფრო სოლიდურები, ავტორიტეტულები და შეიძლება მათ დაუკავშირდეს, ეს ინფორმაცია გადაამოწმოს.
რატომ არ ასახელებთ იმათ ვინაობას, ვინც თქვენივე თქმით, ივანიშვილს შეცდომა დააშვებინა?
- არ მინდა ჩვენი შიდა პარტიული სამზარეულო გარეთ ღიად გამოვიტანო.
რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ესეც ხომ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანაა?
- დიახ, ეს ასეა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, რომ ბატონი ბიძინასთვის ხმა მიმეწვდინა. მე ყველა შიდა რესურსი ამოვწურე და თქვენ ამიტომ მოგმართეთ.
რას გულისხმობთ შიდა რესურსში?
- დარწმუნების მეთოდს, ალტერნატიული კანდიდატების შეთავაზებას, საშუალო რანგის პარტიულ ჩინოვნიკებთან კონტაქტს, ინფორმაციის მიწოდებას. ვიმეორებ, ორი-სამი კანდიდატი, ოთხიც კი მთლიანად ცვლის „ქართული ოცნების“ ფონს აჭარაში და მის რეიტინგს სერიოზულ ზიანს აყენებს.
დაასახელეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატების გვარები.
- წინააღმდეგი ვარ ერთი ადამიანის სუბიექტური შეხედულებებით მოხდეს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ან ამ სურვილის გაჟღერება. ამიტომ, ამ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს შეიძლება იყოს პარტიის შიგნით ერთ-ერთი მუშა ვარიანტი.
ამბობთ, ექვსივე ოლქში შეიძლება წავაგოთო და თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსი აქვს მურმან დუმბაძეს, რომელიც დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე ცნობილია?
- ვფიქრობ, რომ ბატონი მურმანის რეიტინგზე ძალიან იმოქმედებს სხვა მუნიციპალიტეტებში დასახელებული კანდიდატები. ამიტომ, თუ ჩვენ 1 ოქტომბერს მაჟორიტარი კანდიდატების ამ შემადგენლობით გავალთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში წარუმატებლობა გვექნება.
აჭარაში “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ხომ მურმან დუმბაძეა?
- სიმართლე გითხრათ, ასეთი სტატუსი ბატონ მურმანს არ აქვს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ის აჭარაში კურატორობას უწევს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
გქონდათ მასთან საუბარი, კანდიდატებთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, მქონდა და მასაც იგივე ვუთხარი, რასაც ახლა თქვენ გეუბნებით.
თბილისიდან ბათუმის აქციაზე ჩამოსულ კოალიციის ლიდერებს ესაუბრეთ, ამ თემაზე?
- ბატონი ბიძინას გარდა ყველა პოლიტიკურ ლიდერს გავაცანი საქმის ვითარება.
და არანაირი რეაგირება, რომ არ მოჰყვა თქვენს აქტიურობას, ახლა საჯაროდ ამიტომ საუბრობთ?!
- შესაძლოა, ამან ვითარების გამოსწორებას ხელი შეუწყოს.
როგორ გგონიათ, პარტიულ საყვედურს ხომ არ მიიღებთ, ამ თემაზე ინტერვიუს, რომ იძლევით?
- დაე მივიღო, ოღონდ საქმე გაკეთდეს, ოღონდ საქმე გამოსწორდეს და მე ამ საყვედურს ნამდვილად ავიტან, ოღონდ ამ ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღოს და ჩვენ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე ვიყოთ ბევრად უფრო სოლიდურები ვიდრე დღეს ვართ.