მიხეილ სააკაშვილისგან ოპონენტების ლანძღვა და უშვერი სიტყვებით მოხსენიება აღარავის უკვირს, განასკუთრებით, თუ საქმე „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ეხება. ამჯერად კი სააკაშვილმა კორუმპირებული და ცრუპენტელა უწოდა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ამჟამად „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელს, ვაჟა ლორთქიფანიძეს. უცნაურია, რატომ გადასწვდა პრეზიდენტი მაინცდამაინც ლორთქიფანიძეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამის მიზეზი, ვაჟა ლორთქიფანიძის მიერ „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.
რამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება და რას ფიქრობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ვაჟა ლორთქიფანიძე ესაუბრება.
ვაჟა ლორთქიფანიძე: „საერთოდ ისტერიკამდე მისული აღგზნება და გაღიზიანება, ასევე ისტერიული და აღვირახსნილი ცილისწამება მას სჩვევია ხოლმე, მაგრამ ამჯერად ეს იმან გამოიწვია, რომ წინა საღამოს ბაღდადში გვქონდა შეხვედრა ამომრჩევლებთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან მასშტაბური, ძალიან ხალხმრავალი, ემოციური და ძალიან თბილი. ჩემი აზრით, შეხვედრას სამიდან ოთხი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ბაღდათისთვის ეს ძალიან დიდი ციფრია. მიუხედავად დაშინებისა და ხელის შეშლისა ეს რაოდენობა მაინც მოვიდა. რამდენადაც მე მახსოვს, ბაღდათში სულ თექვსმეტი ათასი ამომრჩეველია. ამდენად, მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი, დამეთანხმებით, ასეთ რიგითი შეხვედრისთვის ძალიან ბევრია.
ეს შეხვედრა იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და გამოსვლებიც იყო, მათ შორის - ჩემიც. როგორც ჩანს, ეს სააკაშვილს ან აჩვენეს, ან მოუყვნენ და მე მგონი მისი ეს ისტერიკა ამან გამოიწვია.
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მას ასეთი მძაფრი რეაქციები ჰქონდა, როდესაც ამდენი ხალხი გამოვიდა ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში და ა.შ. ასე კონკრეტულ რაიონში არ ჩასულა ბიძინა და ამ რაიონში ასეთმა შეხვედრამ სააკაშვილი წონასწორობიდან გამოიყვანა. მან მეორე დღესვე გააკეთა ამგვარი განცხადებები და ალბათ, თავისი აზრით, გადაფარა ის პოზიტივი, რაც ბიძინას იქ ჩასვლამ გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა იმან, რომ მეც ვიყავი ბიძინასთან ერთად და მეც იქ სიტყვით გამოვედი და ჩემი აზრით, ვთქვი ის რისი თქმაც მე მინდოდა და ეს, ალბათ, მისთვის კრიტიკული იყო.
გარდა ამისა, პალიკო კუბლაშვილს ვუსმენდი ორი დღის წინ და მან ჩემზე ასეთი რამ თქვა - ბაღდათში მთავარი მამოძრავებელი ძალააო. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ასეთ განსაკუთრებულ შეხვედრაში ჩემი წვლილიც იყო. აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ალბათ, სააკაშვილის გაღიზიანება. ამასთანავე, ჯერ ხომ ნახეთ როგორ ნაზად, „ჩემი ვაჟიკოთი“ მომიხსენია დიდი სიყვარულით ჩემმა მიშიკომ.
სააკაშვილმა მოგიხსენიათ როგორც „ქართული ოცნების“ წევრი
- მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, მე ვარ „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე და ჩვენი პარტიის გეგმებში არ შედის ამ კოალიციაში გაერთიანება, მაგრამ მე ამ თვეების მანძილზე არ დამიმალავს, პირადად თქვენთვისაც მითქვამს, თქვენი კოლეგებისთვისაც, რომ მე მხარს ვუჭერ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“. თუ რატომ, მე ამისი არგუმენტები არა ერთხელ მომიყვანია და მითქვამს. ეს ძალიან მკაფიოა და ამას მე ვადასტურებ. მე მხარს ვუჭერ ასევე მათგან წაყენებულ დეპუტატს, არჩილ კბილაშვილს. ის რაღაც პერიოდში პირადად ჩემი ადვოკატიც გახლდათ. მე მას პირადი თვისებებითაც ვიცნობ, საზოგადოება იცნობს მის პროფესიონალიზმს და გულწრფელობას, იგი ძალიან პატიოსანი ბიჭია. ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ წლების მანძილზე ბაღდათში ვიყავი დეპუტატი. ბაღდათთან მე ბევრი რამ მაკავშირებს, იქ ძალიან კარგად მიცნობენ და როდესაც შემომთავაზეს, მივიღე მოპატიჟება რომ ჩავსულიყავი, თავი მოვალედ ჩავთვალე, რომ იქ ჩავსულიყავი და მხარი დამეჭირა „ქართული ოცნებისთვისაც“ და არჩილ კბილაშვილისთვისაც. ეს ძალიან გულწრფელად გავაკეთე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამის უკან არ დგას ჩვენი მისწრაფება შევიდეთ „ქართულ ოცნებაში“, არც არჩევნებში მონაწილეობის მისწრაფება გვაქვს და არც რაიმე, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო ინტერესები ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია.
ის, რომ პრეზიდენტმა უარყოფით კონტექსტში მოგიხსენიათ, ამით, თითქოს, „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, „გაშავება“ სცადა.
- მის ლაბირინთებში შესვლა ძალიან რთულია, მე ძალიან გამიჭირდება ამის გაკეთება, მაგრამ საერთოდ ერთი რამ მინდა ვთქვა და შეიძლება ეს გამოდგეს თქვენ კითხვაზე პასუხად. ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის შეცდომა (შეიძლება ეს შეცდომა ჩვენთვის ტრაგედიად არის მოტრიალებული) ის გახლავთ, რომ მათ თავიანთ მთავარ პრობლემად კონკრეტული პიროვნება, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ან კიდევ რომელიმე სხვა ოპოზიციონერი მიაჩნიათ. ხელისუფლების მთავარი პრობლემა და მთავარი მოწინააღმდეგე რეალურად არის ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზე და მოგვარებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ ფიქრობენ ამის შელამაზებაზე, ფასადური მხარის წარმოჩინებაზე და თუ ვინმე განსხვავებულ აზრს იტყვის, ფიქრობენ მის დისკრეტიციაზე, იმის ცინიკურ შეურაცხყოფაზე, აღვირახსნილ ცილისწამებაზე და ჰგონიათ, რომ ამითი საქმეს ეშველება. ახლაც ასეთ მცდელობასთან გვქონდა საქმე, მაგრამ მათი ეს ქმედება მიზანს ვერ აღწევს.
გავიხსენოთ 2007 წელს იყო მასობრივი უკმაყოფილების პირველი ძლიერი ამოხეთქვა. მაშინაც მივეცი ინტერვიუები და სწორედ ეს ვთქვი, რომ პრობლემა კი არ გადაწყვიტეს, არამედ მაშინაც ყველაფერი დააბრალეს ხან ბადრი პატარკაციშვილს და ხან ვის. სცენარი ისევ მეორდება - მაშინ ბადრი იყო რუსეთის გამოგზავნილი, თუმც რუსეთისგან იყო დევნილი. ასე უწყალოდ სცემეს ადამიანები და დაარბიეს ტელევიზია და რა მოიტანა ამ ყველაფერმა? მოიტანა ის, რომ ზუსტად ორ წელიწადში (მე ომის თემას საგანგებოდ ვტოვებ) 2009 წელს კიდევ უფრო დიდი აზვირთებით გამოვიდა ხალხი ქუჩებში და გახსოვთ, ორი თვე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, ასეულობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მაშინაც ჭკუა ვერ ისწავლა ხელისუფლებამ და მაშინაც ასეთი მეთოდებით, შავი პიარით, დაბრალებებით, დაშინებებით შეეცადა ამ პრობლემის გადაწყვეტას. პასუხი იყო ის რომ 2010-2011 წლებში ტრაგიკული მოვლენები გაგრძელდა და გახსოვთ, როგორი სასოწარკვეთილი გამოსვლები იყო.
წელსაც ვხედავთ ხალხის რა რაოდენობა გამოდის ქუჩაში და მივდივართ დასკვნამდე, რომ მათი ეს მეთოდები მართლაც არის გუშინდელი დღე. ახლა სხვა ვითარებაა, ბაღდათში გამოსვლისას ვთქვი (შეიძლება ამანაც გააღიზიანა სააკაშვილი), რომ ბიძინას გამოჩენით ეს საყოველთაო სახალხო მოძრაობა დაიბადა და ახლა ეს მოძრაობა, ხაზს ვუსვამ, მშვიდობიან, მაგრამ საყოველთაო სახალხო ბრძოლაში გადაიზარდა. ასეთ გადამწყვეტ ბრძოლის ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა, ბიძინა კი ამ მოძრაობის უდავო ლიდერი და წარმმართველია. ამიტომ ისევ ცდილობენ არაადეკვატური და მართლაც გუშინდელ დღეში ჩარჩენილი მეთოდებით თავიანთი ჭკუით, რაღაც ჩრდილი მიაყენონ ამ ადამიანს.
სიტყვამ მოიტანა და გუშინდელთან დაკავშირებით მინდა საუბარი გავაგრძელო, მათი მეთოდი იცით რა არის? ქართული ანდაზა რომ არის - „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“, სწორედ ასეა მათი საქმე. გუშინდელს ეძახის ადამიანს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უკვე თვალსა და ხელს შუა მართლაც უკვე გუშინდელი გაგვიხდა. ვინც იქ არიან, უკვე ოცი წელი მაინც არიან პოლიტიკურ არენაზე და თან, წამყვანებად არიან. როდესაც მოქალაქეთა კავშირი და შევარდნაძის მთავრობა დავტოვე, ეს ბიჭები, მიშას თამადობით, მიშა მაჭავარიანი და სხვები და სხვები, ზოგი მინისტრებად დავტოვე, ზოგი პარლამენტში დავტოვე შევარდნაძის პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელებად, ზოგი კომიტეტების თავმჯდომარეებად და ა.შ. აბა გადახედეთ მათ გარემოცვას და ისინი სხვებს უწოდებენ გუშინდელებს, ვითომ თვითონ სულ ახალი და ცინცხალი სახეები იყვნენ. სხვებს რუსეთის მხარდაჭერას აბრალებენ და თვითონ რას აკეთებენ? თუკი ჩვენს დროს რუსეთის სამხედრო ბაზები გავიდა და ბევრი სხვა რამ მოხდა, დღეს პრაქტიკულად ყველაფერი რუსებს გადაულოცეს და მიაღწიეს იმას, რომ უვადოდ და ყოველგვარი სტატუსის გარეშე საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე რუსებს გადასცეს სტრატეგიული ობიექტები და სხვას უყენებენ ამ ბრალდებას.
მე მაგალითად, ძალიან „მომწონს“ მშენებლობაზე საუბარი, რომ თურმე მიშა მშენებელია და ბიძინა დამანგრეველი. არ არის ახლა ეს „ჩემი შენ გითხარი“-ს კონკრეტული მაგალითი? ადამიანს სრულიად უანგაროდ, თავისის სახსრებით, ამდენი წლის მანძილზე ამდენი რამ აქვს აშენებული. არ დარჩა არც ერთი თეატრი, უნივერსიტეტი, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, მონასტრები, რომლებიც ამ ადამიანს პრაქტიკულად თავიდან არ აეშენებინა. ამდენს აშენებს ეს ადამიანი და ის თურმე დამანგრეველია, მიშა კი თურმე აღმშენებელია. არადა ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქით არის.
ცუდ პროპაგანდაში არსებობს ასეთი მეთოდი, რომ ადამიანს უნდა დააბრალო ის, რითაც ის ყველაზე ძლიერია, სწორედ ის უნდა შეუგინო და შეურაცხყო. სწორედ ასეთი შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე არიან ხელისუფლების წარმომადგენლები გადასულები, დამანგრეველი დაარქვეს ბიძინას, კორუმპირებული დამარქვეს მე, ვიღაცას დაარქვეს ჩარეცხილი და ა.შ. ეს სწორედ იმ პოლიტიკის გამოხატულებაა, რაზეც მე ვსაუბრობ და ამ ყველაფერს ძალიან ცუდი და მართლაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს.
ბოლო დროს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის საზოგადოების ზურგს უკან გარკვეული მოალაპრაკებები მიმდინარეობს. ეს ეჭვი გააჩინა რამდენიმე ფაქტორის დამთხვევამ. კერძოდ, პუტინის ცნობილმა გამონათქვამმა, რომლითაც მან აღიარა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის დიდი ხანი ემზადებოდა. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ რუსები ძალიან მალე დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას და მათი საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ისე შეიცვლება, რომ ყველანი გაოცებულები დავრჩებით. და ბოლოს, ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემთხვა 27 ივლისს გორის რიონის ერთ-ერთ სოფელში ქართული და რუსული ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფარული შეხვედრა...
- სრულიად გეთანხმებით და ამ ჩამონათვალს კიდევ ერთ ფაქტს დავუმატებდი. კერძოდ, საუბარი მაქვს იმაზე, რაც კომპანია „თელასთან“ დაკავშირებით მოხდა, როდესაც წმინდა წყლის რუსულმა კომპანიამ (რომლის 100%-ის მფლობელი რამდენადაც მე ვიცი, რუსეთის სახელმწიფოა) ხელმძღვანელად მიიყვანა სააკაშვილის მარჯვენა ხელი, გაუშვეს ძველი თანამშრომლები და კომპანიაში სამუშაოდ მასობრივად მიჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც მათი შესანიშნავი კოორდინატორები და ფართო მოსახლეობასთან მათი სიტყვის მიმტანები შეიძლება გახდნენ. ამდენად, თქვენს მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს მე დავამატებდი კითხვას - რუსეთმა სააკაშვილს ასეთი საჩუქარი რატომ გაუკეთა?ასე რომ, თქვენ აბსოლუტურად სამართლიან კითხვებს სვამთ.
ანუ, თქვენც გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის რაღაც ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს?
- რასაკვირველია, და თუ გახსოვთ, ამის შესახებ მინიშნება მე არაერთხელ გამიკეთებია. ამასთან დაკავშირებით, როგორც ახლა მოდაშია თქმა, „საფუძვლიანი“ ეჭვი არსებობს, რადგან მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა. თქვენ ომის თემაც ახსენეთ და მე ასეთი სინქრონულობის არ მჯერა. კერძოდ, როგორ შეიძლება, აქეთ მხრიდან ასეთი უგუნურობა, ხოლო მეორე მხრიდან ასეთი აგრესია დროში ასე დაემთხვეს ერთმანეთს? ასეთი უგუნურია ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცის სიტყვას ენდო? როგორც ახლა, მაშინაც ასე ამბობდნენ, რომ ისინი თვითონ გავლენ, სამხრეთ ოსეთს დაგვითმობენ და ა.შ. მაგრამ ჩნდება გარკვეული კითხვები, როდესაც ასე ყველა ეკონომიკური ობიექტი გადასცეს რუსეთს და ამაზე ხმას არავინ იღებს. დარწმუნებული ვარ, ამ ობიექტებში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აქვთ წილი. ამასთანავე, პუტინი ამბობს ზუსტად იმას და იმ დროს, რასაც სააკაშვილი შემდეგ სათავისოთ იყენებს. რასაკვირველია, ასეთი ფარული შეხვედრების დამადასტურებელი ინფორმაციის მოპოვება უაღრესად რთულია, მაგრამ ასეთი ირიბი მაგალითები ამგვარ კითხვებს გვიჩენს.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას და ჩიხში შეიყვანს. ჩემი აზრით, დღეს რუსეთს არ გააჩნია ის პოტენციალი, რომ საქართველოში პროცესები მართოს. ერთ რამესაც გეტყვით, ჩემი აზრით, ის, რაც მოხდა და ხდება, აწყობს სააკაშვილს. ყველაზე მეტად რუსეთში სააკაშვილს პუტინი აწყობს და პირიქით, პუტინს საქართველოში ყველაზე მეტად სააკაშვილი აწყობს. ამდენად, ამ ყველაფრიდან მოგებული გამოვიდა რუსეთი, რადგან ამხელა ტერიტორიები ჩაიდგო ხელში (თუნდაც დე-ფაქტო) და იგებს სააკაშვილი, რადგან აქვს სალაპარაკო და რუსეთისგან მტრის ხატს ქმნის, ხოლო წაგებული რჩება მხოლოდ საქართველო.