იმერეთში სააკაშვილის გამოსვლა ჩაწერილი ტაშის ფონზე მიდიოდა

იმერეთში სააკაშვილის გამოსვლა ჩაწერილი ტაშის ფონზე მიდიოდა

პრეზიდენტმა მორიგი შეხვედრა იმერეთში, სოფელ ახალ თერჯოლაში გამართა. რა თქმა უნდა, ისევ ისე ილაპარაკა, როგორც აქამდე ლაპარაკობდა სხვა შეხვედრებზე, რომ საქართველომ არსებობა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის დროს შეძლო, რომ ამ პერიოდში ყველა პრობლემა მოგვარდა და ახლა რუსეთს სურს, ეს ყველაფერი დაანგრიოს “ვიღაც-ვიღაცეების ხელით”, მაგრამ პრეზიდენტი მათ ამის საშუალებას არ მისცემს და ა.შ. 

მთავარი კი ის იყო, რომ სააკაშვილის ამ შეხვედრაზე პირველად გამოიყენეს ტაშის აუდიო ჩანაწერი და შიგადაშიგ რთავდნენ. მართალია, ამის გამო მოსახლეობა ძალიან გაოცებული დარჩა, მაგრამ სამაგიეროდ, შესაძლოა, ეს სოფელი ისტორიაშიც კი შევიდეს, როგორც სააკაშვილის შეხვედრებზე ტაშის აუდიოჩანაწერის პირველად გამოყენების ადგილი.

სოფელი საკმაოდ მრავალრიცხოვანია და რვაასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ სააკაშვილის შეხვედრაზე სამასი-ოთხასი კაცის მობილიზებაც ძლივს მოახერხეს. თანაც აქედან ადგილობრივი ასამდეც კი არ იქნებოდა და ახალთერჯოლებები პირველად მაშინ გაოცდნენ, როდესაც ამდენი „თანასოფლელი“ აღმოაჩინეს.

შეხვედრებზე ხალხის ჩაყვანა და ადგილობრივ მოსახლეობად და რიგით მოქალაქეებად გასაღება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის შეხვედრების ორგანიზატორება განსაკუთრებით იმერეთში მოინდომეს.

მოსახლეობა ყველაზე მეტად იმან განაცვიფრა, რომ აქციის ორგანიზატორები ხანდახან ტაშს უადგილო ადგილას რთავდნენ და შეკრების ადგილი ჩაწერილი ტაშით ინგრეოდა.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაზე ასევე პირველად დააყენეს ხმის გამაძლიერებლები და მთელ სოფელს ესმოდა ჩაწერილი ტაშის ხმა.

ტაშის ფონზე კი სააკაშვილი თავის ოპონენტებს ყოველგვარი ცენზურის გარეშე ლანძღავდა. რა თქმა უნდა, მას გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ახლაც გასაგები იყო, რომ პრეზიდენტი ივანიშვილს გულისხმობდა. მან მოსახლეობას მიმართა, რომ „რუსეთისგან მართული ძალები თქვენ პირუტყვებად მიგიჩნევენო”. რატომ აყენებს პრეზიდენტი მოსახლეობას შეურაცხყოფას, თანაც სხვისი სახელით, ძნელი სათქმელია.

იმერლები ამ სანახაობით საკმაოდ გაოგნებულები დარჩნენ, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ამის შემდეგ, ჩაწერილი ტაში და ხმის გამაძლიერებლები სააკაშვილის მთავარი ატრიბუტი გახდეს და განაგრძოს ჩვენი მოსახლეობის განცვიფრება.