„ალბათ, ღმერთმა ასე ინება, რომ ჩვენთვის სიცოცხლე უფრო მძიმე გამხდარიყო, ვიდრე ღიმილით გასვლა“

„ალბათ, ღმერთმა ასე ინება, რომ ჩვენთვის სიცოცხლე უფრო მძიმე გამხდარიყო, ვიდრე ღიმილით გასვლა“

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს ქართულმა არმიამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა და ეს თარიღი ქართულ-აფხაზური ომის დასაწყისად ითვლება, ომისა, რომელიც 13 თვე გაგრძელდა და რომელმაც ათობით ათასი სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2 500-დან 4 000-მდე აფხაზი, 20 000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

აფხაზეთის ომის დროს სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

აფხაზეთის ომის დაწყებასა და ქვეყანაში იმ დროისთვის შექმნილ მდგომარეობაზე for.ge-ს გენერალი კობა კობალაძე ესაუბრება.

კობა კობალაძე: „ამ ყველაფერს გარკვეული წინაპირობები უძღოდა წინ. იმ მოვლენების განვითარების დინამიკა რომ გავიხსენოთ, მართალია, ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ 2003 წლამდე ხდებოდა, მაგრამ რეალურად ხდებოდა. თუ გახსოვთ, ჩვენი მეზობლის ხელშეწყობით ჩამოყალიბებული იყო კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც შანიბოვი იყო. კავკასიელ კონფედერატთა დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა. ეს იმის წინაპირობა იყო, რომ შეიქმნა ე.წ. კონფედერატებისგან დაკომპლექტებული ბატალიონი, რომელსაც სათავეში ჩვენთვის ნაცნობი (შემდეგში საველე მეთაური) შამილ ბასაევი ჩაუდგა. ამ ბატალიონის შემდეგი მოქმედების ზონა იყო სოხუმი და მიმდებარე ტერიტორიები.

ამას ასევე წინ უძღოდა ის, რომ მაშინ საქართველოსკენ, აზერბაიჯანისკენ და სომხეთისკენ მომავალი ტვირთები ხშირად იძარცვდებოდა. შესაბამისად, იყო შეთანხმება, რომ რკინიგზაც და სატრანსტორტო საშუალებები ერთობლივი ძალებით უნდა გაკონტროლებულიყო, რათა ისინი ადრესატებამდე უსაფრთხოდ მისულიყვნენ. ერთხელ ზამთრის პერიოდში ურთიერთშეთანხმებით გადასროლილი იყო იქ პირადი შემადგენლობა, პოლიციის ნაწილები. შემდეგ, თითქოს, ეს პრობლემა დარეგულირდა, მაგრამ მოგვიანებით, ამ სირთულეებმა კვლავ თავი იჩინა. მე მაშინ შავნაბადას ბატალიონს ვხელმძღვანელობდი და ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომ დისლოკაციის ადგილიდან დავძრულიყავით და გაგრა-ლესელიძე-განთიადის მიმართულებით მარში განგვეხორციელებინა. ეს განკარგულება უკვე იმის შემდეგ მივიღეთ, რაც შინაგანი ჯარის ნაწილებს წინააღმდეგობა გაუწიეს, იყო პირველი მსხვერპლი და ფაქტობრივად, ეს ყველაფერი უკვე ნელ-ნელა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ძმათა მკვლელ ომში გადაიზარდა.

ჩემი აზრით, ორივე მხრიდან ღირსეული შვილები იყვნენ დაკარგულები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივუსამძიმრო ქართველებსაც და აფხაზებსაც, ყველას, ვინც ამ თანასწორ თუ უთანასწორო ომში ტკივილი განიცადა. როგორც შემდგომში პროცესებმა და ისტორიის მიმდინარეობამ გვანახა, ჩვენ, კეთილი მიზნებით თუ შემართებით, მაინც ვიღაცეების თამაშის მსხვერპლნი ვიყავით. სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი.

შემართება როგორი იყო? შემართება იყო ამაღლებული, ბრძოლისუნარიანი, ყველა მზად იყო თავგანწირვისთვის, ყველას თვალებში სხივი იყო. აგრესია არ იყო იმდენად, რამდენადაც ძალიან დიდი სურვილი იყო ქვეყნის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობისა.

ბატონო კობა, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორი იყო იმ პერიოდისთვის მოსახლეობის განწყობა როგორც აქეთ, ასევე მეორე მხარესაც?

- მოსახლეობის განწყობაზე რა გითხრათ, მაშინ ჩემი თავი კი დიდი მეგონა, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დამანახა, რომ მაშინ წლოვანებით არც თუ ისე დიდი ვიყავი, შემართებით კი ვიყავი დიდი. მოსახლეობის განწყობა ასეთი იყო - როდესაც ჩვენთან პირველი დაჭრილები გაჩნდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა მათ სურსათ-სანოვაგით აკითხავდა. ერთი ეპიზოდი მახსენდება, ერთ გლეხს შეშით დატვირთული ურემი მოჰყავდა და როდესაც გაიგო, რომ შეტაკება მოხდა, იყო მსხვერპლი და იყვნენ დაჭრილები, პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ საავადმყოფოს ეზოში თავისი ხარები დაკლა - დაჭრილებს ხორცი და მისი ნახარში მოუხდებათო. ხომ გესმით, რამხელა მსხვერპლი გაიღო მან ამით.

ეს სად ხდებოდა ბატონო კობა?

- ეს ხდებოდა განთიადში. ამასთანავე, ჩვენთან ერთად აფხაზებიც იყვნენ დაჭრილები და პრაქტიკულად, ქართველებსა და აფხაზებს ერთ პალატაში უწევდათ ყოფნა. როგორც ჩვენ გვაკითხავდნენ მნახველები, იმათთანაც ისე მოდიოდნენ, ადგილობრივი ექიმებიც ყველას ერთად მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი და ღვარძლი იყო, არც ერთ ჩვენგანს არ უფიქრია, რომ აქ რაიმე ანგარიშსწორება მომხდარიყო. აი ასეთი განწყობა იყო მაშინ, და დღეს, როდესაც ქვეყნის შიგნით ერთმანეთისადმი ასეთ დაუნდობელ და ღვარძლიან ურთიერთობას უყურებ, ცოტა არ იყოს, ნოსტალგია გიპყრობს.

ფაქტობრივად, ასეთი სიტუაცია იყო - შემართება კარგი იყო, ურთიერთობა კარგი იყო, ბრძოლის დროს ვიბრძოდით, ჩვეულებრივი ურთიერთობის დროს კი, ასე ვთქვათ, ვურთიერთობდით, ერთმანეთთან კომუნიკაციას არ ვკარგავდით. ეს ვითარება ალბათ, უფრო დაქირავებულმა მებრძოლებმა, კონკრეტული რეგულარული ნაწილების პირადმა შემადგენლობამ გააფუჭა. ამ შემთხვევაში ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ომში რუსეთის მხრიდან რეგულარული ჯარის ოფიცრებიც ღებულობდნენ მონაწილეობას და ალბათ, მათი მიზანიც ეს იყო, რომ რაც შეიძლება მეტი სისასტიკე გამოეჩინათ და ეს მეტი ესკალაციის და მეტი დაუნდობლობის გაჩენის წინაპირობა ყოფილიყო.

ანუ თავიდან როდესაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, მათგან აგრესია არ მოდიოდა?

- როცა ომია, იქ, რა თქმა უნდა, აგრესიაც არის, მაგრამ ძირითადში ის ურთიერთობა, რომელსაც რაღაც კავკასური მომენტი ახლავს თან, აგრესიის გამოვლინებას ბევრად სჭარბობდა. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად, ერთი მხარის მეთაურის ცოლ-შვილი მოხვედრილა აქეთ და აქეთა მხარე მათ გაფრთხილებია, როგორც საკუთარ ოჯახს და შემდეგ იქით გადაუგზავნიათ. ასევე იქით მხარეს ჩვენიანებისთვის საკმაოდ ახლობლები მოხვედრილან და იმათ ეს რომ გაუგიათ, საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიუციათ, რომ ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

გავიხსენებთ ერთ მომენტს, როდესაც უშუალოდ ტამიშის დესანტის დროს აფხაზებისგან წამოვიდა ინიციატივა (ამაში ალბათ იმ მომენტში გვაჯობეს), რომ მათი დაღუპულები ჩვენს დაღუპულებზე გადაცვლილიყო, მოლაპარაკების დროს ჩვენი მხრიდან მათკენ წავიდა ოფიცერი მიშიკო სადუნიშვილი, რა დროსაც ერთ-ერთი აფხაზი გატრიალდა, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ჰაერში გაისროლა და შემდეგ გზა განაგრძო. შემდეგ აფხაზებმა აგვიხსნეს, რომ წინა დღეს ჩვენთან შეტაკებისას ამ ადამიანს ძმა დაეღუპა, მან კი მათ მხარეს მოსალაპარაკებლად გადასულებს შეურაცხყოფა არ გვაკადრა და თავისი ტკივილი ამ ტყვიას გადაატანა. ამდენად, ასეთი მომენტები იყო, რასაც ვერ უარვყოფ. სხვა რა გითხრათ, კონფედერანტების ბატალიონი რომ გადმოვიდა, იმათი დროშა დღესდღეობით ჩვენს საბრძოლო ნადავლად ითვლება და ჩვენ გვაქვს. მართალია, ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე (ანუ 2003 წლამდე) ხდებოდა და მანამდე გამარჯვებები არ გვქონია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გვქონდა. სხვა დროშებიც გვაქვს და ამასთანავე, შავნაბადას ბატალიონის მიერ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული საზღვაო დესანტი იყო განხორციელებული, ძალიან ღირსეული კაცები იყვნენ, საკმაოდ ძლიერი მებრძოლები, დიდი შემართება იყო, მათ შორის სანდრო ვაჩეიშვილი, კოკა კლდიაშვილი, ზურიკო ჯაშიაშვილი, ლაშა დუნდუა, რომელი ერთი გავიხსენო, არც კი ვიცი.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ კიდევ - ჩვენთან იყვნენ ძმები მალხაზ და დავით კიკოლიშვილები, დავითი უშუალოდ ჩვენთან იბრძოდა, შავნაბადას ბატალიონის პირადი შემადგენლობის ოფიცერი იყო, მალხაზი კი „თეთრ არწივში“ იყო. ერთ-ერთი შეტაკების დროს მალხაზი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, მოვახერხეთ მისი დახსნა, მაგრამ უკვე ცოცხალს ვეღარ მივუსწარით. ჩვენ მისი თბილისში გადმოსვენების ორგანიზება გავაკეთეთ. ნაწილში რომ მივედი, დათო კიკოლიშვილს ვუთხარი, რომ თბილისში იყო წასასვლელი, რადგან ასე პირდაპირ ვერ ვეტყოდი ძმის გარდაცვალების შესახებ. ზუსტად ერთ კვირაში იგი უკან დაბრუნდა, მოვიდა, შემომხედა და მხოლოდ ეს მითხრა - „მალხაზი სასუფეველშია, ჩემი ადგილი კი ახლა თქვენთან არისო“. ეს ბიჭი ტამიშის დესანტის დროს დაიღუპა შავნაბადას დაზვერვის დესანტის ბიჭებთან ერთად, რომლებმაც ფაქტობრივად პირველი ზღუდე გაამაგრეს და საზღვაო დესანტზე წამოსული რეგულარული ნაწილებისა და კონფედერანტების ერთობლიობა შეაჩერეს. აი ასეთი შემთხვევებიც იყო.

ერთ რამეს გეტყვით მხოლოდ, ალბათ, ღმერთმა ასე ინება, რომ ჩვენთვის სიცოცხლე უფრო მძიმე გამხდარიყო, ვიდრე ღიმილით გასვლა.

ბატონო კობა, აუცილებლად უნდა გკითხოთ შეიარაღებასა და ამუნიციაზე, ამ მხრივ როგორი მდგომარეობა იყო?

- შეიარაღება და ამუნიცია გვქონდა ჩვეულებრივი, საერთო-საჯარისო, არაფერი განასკუთრებული. გვქონდა ჩვეულებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (საერთო-საჯარისო), ასევე საარტილერიო დანადგარები. მინდა გითხრათ, რომ არტილერიამ მაშინ საკმაოდ კარგად იმუშავა და ამაში ძალიან დიდი დამსახურება ემზარ ჭოჭუას მიუძღოდა. ამის დაფიქსირებას ჩვენს ვალდებულებად მიგვაჩნია, რადგან ეს ადამიანი საკუთარი საქმის პროფესიონალია, ასევე ვალერი ქვარაიასი, რომელიც ასევე საკმაოდ ძლიერი არტილერისტი იყო. ჩვენც, როგორც ოფიცრები ამ ღირსეული ადამიანების წრეში ჩამოვყალიბდით, ბევრი ღირსეული პიროვნება, სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით აღარ არის.

შეიარაღებას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ფინანსებზე, ხოლო როდესაც ამით უზრუნველგყოფს მხარე, რომელიც ამ კონფლიქტის მალე არდამთავრებაში არის დაინტერესებული, შესაბამისად, იგი ხან ერთ მხარეს აიარაღებდა, ხან მეორე მხარეს. შემდეგ მოხდა ისე, რომ როგორც ჩანს, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღება უფრო აწყობდათ და ამიტომ ძირითადი შეიარაღება იქითკენ წავიდა. ამოქმედდა მათი საზღვაო ფლოტი, რომელიც წერტილოვან დარტყმებს გვაყენებდა. ამიტომ, ჩვენ იმპროვიზირება გვიწევდა, ხშირ შემთხვევაში ტყვია-წამალს ჩვენ თვითონვე ვქმნიდით, ოღონდ რეცეპტს ნუ მკითხავთ. ასევე გვიწევდა სიღრმითი მანევრები, რომლებიც ნადავლის სახით ტყვია-წამლით უზრუნველგვყოფდა, მაგრამ ეს ყველაფერი „ჩვენს წელთაღრიცხვამდე“ იყო.

ოცი წელი გავიდა ამ კონფლიქტის დაწყებიდან, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით მას?

- საერთოდ, ამის შეფასება საკმაოდ რთულია. მაშინ სტრუქტურულად ძალიან ბევრი რამ არ იყო ჩამოყალიბებული, აზრობრივად კი ყველაფერი უფრო თავგანწირვის მოტივაციაზე იყო აწყობილი. მოგეხსენებათ, არსებობდა სხვადასხვა დაჯგუფებები, მათ შორის მხედრიონი, ასევე სხვადასხვა საძმოები და ა.შ. ერთობლივი მართვა, რაც ჩვენთვის დღესაც პრობლემაა, მაშინაც არ არსებობდა და არ იყო წახალისებული. შეიარაღების დეფიციტის მიუხედავად, შემართება, ბრძოლისუნარიანობა, ჟინი, იყო საკმაოდ დიდი.

როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შევაფასო - ეს იყო თავსმოხვეული ავანტიურა, ჩვენ ალბათ დროზე ადრე დავიჯერეთ, რომ შეგვეძლო რაღაც პრობლემები იარაღის ძალით გადაგვეწყვიტა და წინ წავწიეთ იარაღის გამოყენების ფაქტორი, ვიდრე დიალოგის რეჟიმი. ეს ყველაფერი საკმაოდ მწარედ ვიწვნიეთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენს მოძმეებთან მისასვლელი გზები დავაშორიშორეთ, ამასთანავე, იმათაც და ჩვენც ბევრი სიმწარე ვნახეთ. და ბოლოს, წარმატებულ პოზიციაზე არ დავრჩენილვართ, მაგრამ ყველაზე მწარე ის არის, რომ უკვე ოცი წელი გავიდა და რატომღაც გვგონია, რომ ამ რიტორიკამ დღემდე უნდა გვასულდგმულოს. ყველაზე უცნაური სწორედ ეს არის, ჩვენ არ გვინდა, რომ ვისწავლოთ. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წინაშე დგება ამოცანა, რომ თავისი სიძლიერე და ერთიანობა უზრუნველყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთის მოშთობის და პერსპექტივის არდანახვის მიზნით. მე ასე მგონია.

ვსარგებლობ შემთხვევით და აქვე მინდა აღვნიშნო, ვიღაც ჩამოვთვალე, ვიღაც შეიძლება გამომრჩა, მათ შორის ჩემი ძმაც დაიღუპა ტამიშის დესანტის დროს, ყველას მინდა მივუსამძიმრო, ჩვენებსაც, აფხაზებსაც, არა იმათ, ვინც დაქირავებულის სტატუსით იყო იქ (იმათ თავი აქვთ კბილებში გადასაჭრელი), მინდა მივუსამძიმრო იმათ, ვინ მართლაც გულით და არგუმენტირებულად იცავდა იმას, რასაც თავის მიწა-წყლად თვლიდა.