პოლიტიკური „დიდგორობა 2012 “

პოლიტიკური „დიდგორობა 2012 “

„დიდგორობა 2012“ გუშინ თეთრიწყაროს რაიონში დიდგორის ველზე გაიმართა. წითელი და თეთრი მაისურიანი ახალგაზრდები ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით დიდგორის ველზე მიიყვანეს. მათ მაისურზე „მე მიყვარს საქართველო“ და მარჯვენა მკლავზე 5 ეწერათ. ახალგაზრდების ჩამოყვანა რუსთავიდან და რაიონებიდან ორგანიზებულად მოხდა. მათი ტრანსპორტირება კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.

რუსთავის მერიის წინ დილის 8:05 გადავიღეთ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები, რომელთანაც „ნაციონალური-მოძარობის“ მაისურიანი მოქალაქეები იკრიბებოდნენ. დაახლოებით 3 საათში კი იგივე სანომრე ნიშნით ავტობუსი დიდგორის ველს მიადგა.

თვითმხილველების თქმით, ასეთივე სიტუაცია იყო მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავე დროს „ნაციონალური მოძარობის“ წევრები არიან, მხარდამჭერების მობილიზება მოახდინეს და ღონისძიებაზე ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

„დიდგორის ველზე“ ქვემო ქართლის მუნიციპლაიტეტებმა საკუთარი რაიონის სტენდებთან, მათი მუნიციპლაიტეტის მახასიათებელი ტრადიციული ნივთები გამოფინეს. ადგილობრივმა საცეკვაო ანსამბლებმა ტრადიციული ცეკვები შეასრულეს, გაიმართა ჭიდაობაც.

ღონიძიებით უკმაყოფილოები დარჩნენ ცხენოსნები. მათი თქმით, დოღის ჩატარებაზე ორგანიზატორებმა უარი უთხრეს. ცხენოსნები „დიდგორის ველის“ მოპირდაპირე მთასთან ჯირითით ირთობდნენ თავს და ცხენების მადევარ ძაღლებს იგერიებდნენ.

„რა დიდი სანახავი ეგაა. ჩავიდე არა, მეტი საქმე არ მაქვს“ - პასუხობდა ცხენოსანი თანმხლებს, რომელიც ხელით აჩვენებდა პრეზიდენტის ვერტფრენს. სააკაშვილი დიდგორის ველის ხელმარჯვნივ მდებარე გორაზე დაფრინდა. ცხენოსნები სააკაშვილის დასახვედრად მთიდან არ დაძრულან.

ხუთ წუთში გაისმა სკანდირება „მიშა! მიშა!“. პრეზიდენტმა შეკრებილებს განუცხადა, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევს. სააკაშვილი დაახლოებით 20 წუთი დარჩა ღონისძიებაზე და ისევ ვერტფრენით დატოვა დიდგორი.

ამასობაში მწვადები შეიწვა და რამდენიმე სუფრა ერთბაშად გაიშალა.

„ჩვენ გენაცვალე, თვითონ ავკრიფეთ ფული და ვიყიდეთ ეს პროდუქტი“ - გვიხსნის ხუთნომრიან მაისურიანი ახალგაზრდა. თუმცა, დიდგორის ველზე გამართულ სახალხო ნადიმზე განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა პარტიის რუსთაველმა სახემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

რუსთავის საკრებულოს წევრმა, კარლო (კახა) ჩხაიძემ ჩვენ კოლეგებს განუცხადა, რომ პროდუქტს პარტიის მხარდამჭრერებს აბსოლუტურად კანონიერად ურიგებს.

„ჩვენ შესაბამისი ხელშეკრულება გვაქვს დადებული რესტორან „მადაგონთან“ - უხსნიდა „მაესტროს“ ჩხაიძე.

„დიდგორის ველზე“ ტრადიციული ქართული სუფრები მალევე დაილაშქარა და საჭმლის ნარჩენები მაწანწალა ძაღლებს დარჩათ. ცარიელი პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის ცელოფნები მთელ ველს მოედო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ტრანსპორტი, რითაც მოქალაქები ჩამოიყვანეს არაორგანიზებულად გადაადგილდა და ბევრი პარტიის აქტივისტი „მიტოვებული“ აღმოჩნდა.

მიტოვებულებს თავისი მხრივ, სირცხვილის დერეფანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმაც მოუწყვეს. ისინი შეძახილებით და ტაშიც შეხვდნენ „ხუთნომრიან“ თანატოლებს. 

„ქართულ ოცნებას“ პოლიციამ ღონიძიებაზე დასწრების საშუალება არ მისცა. „ოცნების“  ახალგაზრდები დიდგორის ველის მიდამოებთან დადგნენ.

„ეს ხომ სახალხო ზეიმია და არა სააკაშვილის ზეიმი?! ჩვენ რატომ არ გვიშვებთ?“ - ეკითხებოდნენ „ოცნების“ მხარდამჭერები პოლიციის თანამშრომლებს.