რაა მამული?..

რაა მამული?..

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან,- წერდა ილია, - მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?”

დღეს, საუკუნე-ნახევრის გადასახედიდან, ამ სიტყვების მთქმელიც და მისი თანამოსაგრეებიც შეგვიძლია უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიოთ: კაცებიც ისინი ყოფილან და ნამუსის ქუდიც იმათ ჰხურებიათ, ბოლომდე დაიხარჯნენო ერის სამსახურში.

ჩვენზე კი იტყვიან ამას? სამწუხაროდ, ვერა: მამული დავაცოტავეთ, ენა წავახდინეთ, ხოლო სარწმუნოება, საფიცარი და ერთადერთი, პირიქით,  „გავამრავლეთ“ - მართლმადიდებლობას თანასწორ კონფესიებად ამოვუყენეთ გვერდში ნაირ-ნაირი სექტანტური სწავლებები.

მერედა, საზოგადოება რა შუაშია, კანონებს ჩვენ ხომ არ ვიღებთო, - გაიკვირვებს ზოგი მკითხველი. ჩვენ არ ვიღებთ, ჩვენ ვირჩევთ იმ ორგანოს, პარლამენტს, რომელიც კანონებსაც იღებს და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც აყალიბებს. ამდენად, სწორედ ჩვენ მოგვეკითხება პასუხი საერო გადაწყვეტილებებზე.

არადა, ორ თვეზე ნაკლები გვრჩება იმ დღემდე, როცა ახალი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ. როგორი იქნება იგი? როგორც წინა, წინისწინა, იმისწინა, თუ ზვიადისწინა, რომელსაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ერქვა და რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არავინ ეკითხებოდა არაფერს (როგორც ახლა!), ამდენი დაყოვნებული მოქმედების ნაღმი დაგვიტოვა? ზოგი - საკუთარი ინიციატივით, და ზოგიც, - მორიგი პარტიული თავკაცის ნებით (ესეც,- როგორც ახლა).

ამ „დაყოვნებულ ნაღმებს“, რომლებიც ენას - და, მაშასადამე, მამულს ეხება, ერთი-ორი აბზაცის შემდეგ დავუბრუნდები. ახლა კი პატარა წიაღსვლა ჩვენს მტერ-მოყვარე ჩეჩნებთან.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს საქართველოს მთავარ გაზეთში - „კომუნისტში“ მოვიდა ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბლანკზე ქართულად(!) დაბეჭდილი წერილი, რომელსაც ხელს აწერდა პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. „ჩვენში ოდითგან უდიდესი პატივისცემით ეკიდებოდ-ნენ ქართველ ძმებს,- წერდა იგი, და ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის ყოველმა მცხოვრებმა იცის ქართული. მთელ მსოფლიოში იხმარება „ჩეჩენი“ და „ჩეჩნეთი“, გარდა საქართველოსი. ჩვენ კი ვიცით, რომ „ჩაჩანი“ თქვენში სალანძღავ სიტყვად ითვლება, და ამავე დროს „ჩეჩენს“ ნიშნავს.

მოგმართავთ თხოვნით, თუკი ეს არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, თქვენც სხვებსავით გეხმარათ „ჩეჩენი“, „ჩეჩნეთი“, და არა „ჩაჩანი“, „ჩაჩნეთი“, რისთვისაც უაღრესად მადლობელი დაგრჩებოდით“.

ვისაც შემორჩენილი გაქვთ ძველი (1978-წლამდელი) სსრკ კონსტიტუცია ან რუსულ-ქართული ლექსიკონის სამტომეული, ჩახედეთ, და ნახავთ, რომ წერია ჩაჩნეთ-ინგუშეთი.

იმ დროს ქართულ პრესაში, განსაკუთრებით „კომუნისტში“, მართლწერას (სიმართლის წერისაგან განსხვავებით) დიდი ყურადღება ეთმობოდა, და გაზეთი ამ საქმეში ავტორიტეტად ითვლებოდა. შევიკრიბეთ ქართული გაზეთების თანამშრომლები, და ვთქვით: რახან ვაინახები ასეთ დიდ პატივს გვცემენ ცალკე ჩვენ და ცალკე თავიანთ ენას, ჩვენც დავუფასოთ პატივისცემა და „ჩაჩანს“ და „ჩაჩნეთს“ ნუღარ დავწერთ, მით უმეტეს, ალექსანდრე ყაზბეგიც „ჩეჩენს“ ხმარობსო.

ახალი სსრკ კონსტიტუციის თარგმანში უკვე „ჩეჩნეთი“ წავიდა...

თურმე, შესაძლებელი ყოფილა, ავადსახსენებელ საბჭოთა ხანაშიც კი ნომენკლატურული მუშაკიც ყოფილიყავი, და არც შენი ეროვნული ინტერესები დაგევიწყებინა.

 ახლა კი ჩვენი უმაღლესი ორგანოს დაგებულ ნაღმებს დავუბრუნდეთ, და ვნახოთ, რას ნიშნავს პრაქტიკულად „ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთაო კბილი“.

მე წინ მიდევს ცნობარი „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა“. მიუხედავად იმისა, რომ ამ კრებულის გამოსვლის შემდეგ უკვე არა ერთი ათეული წელიწადი გავიდა, იგი დღესაც ასრულებს თავის ფუნქციას, და, გარდა ამისა, გვეხმარება, პასუხი გავცეთ ბევრ კითხვას, დღეს რომ გვაწუხებს, სახელდობრ, რა იყო ერთ-ერთი მიზეზი აფხაზეთის მთელი რიგი სოფლების გადარუსება-გადასომხებისა, და საქართველოს ამ ძირძველი კუთხის გადაჯიშების შემდეგ - მისი დაკარგვისა.

ცნობარს ბოლოს დართული აქვს გადარქმეული დასახლებული პუნქტების სია - „წინანდელი სახელწოდება“, „ახალი სახელწოდება“, „რომელ რაიონში შედის“ და „გადარქმევის თარიღი“. ცხრილში ძირითადად აფხაზური სოფლებია შეტანილი (არის სხვა, კონიუნქტურული მოსაზრებებით იოლად ასახსნელი მაგალითებიც: სტალინირი - ცხინვალი, ოზურგეთი - მახარაძე და სხვ., რომლებიც არ შეადგენს ჩვენი ამჟამინდელი კვლევის საგანს). გადარქმევის მოტივი ერთია - ამოაგდოს ქართველთა სახსენებელი. თვალშისაცემია მთავარი ტენდენცია - აფხაზეთის ასსრ დასახლებული პუნქტების ქართული სახელწოდების გარუსულება ან გასომხურება. მაგალითად, ერქვა სოფელს ქართულად აგარაკი (ბუნებრივია, რუსულადაც - აგარაკი), ეწოდა დაჩა, ქართულად (!). ეს იგივეა, რომ რუსეთის ქალაქ ორიოლს უწოდო არწივი, ხოლო დაბა პეტუშკის - ყვინჩილები. შემდეგ, ერქვა სოფელს ალპური, უწოდეს ალპიისკოე (ქართულად).  ერქვა დასახლებულ პუნქტს ვერცხლოვანი, გადაარქვეს სახელი და უწოდეს სერებრიანოე. რომელი ერთი ჩამოვთვალო... თავის დროზე, გადარქმევის მიზეზი რომ ვიკითხეთ, მრავალმნიშვნელოვნად გვითხრეს, მოსკოვმა მოითხოვაო. აქ არ მომიყვანია აფხაზურით შეცვლილი ისტორიული მეგრული სახელები, რასაც კიდევ შეიძლება მოეძებნოს ახსნა, მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს კრემლიდან უბრძანეს, გინდა, თუ არა, ქართულ ქეთევანს სომხური ქოჩარა დაარქვი, ბზისხევს -არმიანსკოე უშჩელიე, ფსოუსხევს - დემერჩენც, მეორე ანუხვას - ანუხვა არმიანსკოე, მეორე ათარას - ატარა არმიანსკოე, ხოლო სალხინოს და სიხარულს - ვესიოლოვკა და ოტრადნოე, კაკლიანს კი ორეხოვოო (რუსებს რომ მოეთხოვათ, ბარემ ორეხოვო-ზუევოს იტყოდნენ). გამოდის, რომ ჩვენი პრეზიდიუმის ლოცვა-კურთხევით, სწორედ მაშინ დაირწა ყოფილ ქეთევანსა და ბზისხევში 1990-ანი წლების „ბაგრამიანის ბატალიონების“ მომავალი წევრებისა თუ ორგანიზატორების აკვანი.

თუ მაგალითებით არ შეგაწყინეთ თავი, კიდევ მოვიყვან ერთს - ამჯერად, საკუთარი პრაქტიკიდან. საქართველოს დეპეშათა სააგენტოში, სადაც მთარგმნელად ვმუშაობდი, პრეზიდიუმიდან  მოიტანეს საარჩევნო უბნების სიები, სათარგმნად და რედაქციებში დასაგზავნად, 60-ანი წლების შუახანები იყო. ერთ-ერთ გვერდზე ქართული ბიჭვინთის ნაცვლად რუსული პიცუნდა ეწერა, ვიფიქრე, შეეშალათ-მეთქი, და გავასწორე. მეორე დილას პრეზიდიუმიდან დარეკეს, თავმჯდომარეს მთარგმნელთა ჯგუფის ხელმძღვანელთან სურსო ლაპარაკი; არ ვიცი, ასეთი რა უთხრა პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, მაგრამ ჯგუფის უფროსი შანშე ასათიანი, უდარბაისლესი კაცი, ზრდილობისა და თავაზიანობის განსახიერება, რომელიც პატივისცემის ნიშნად  ფეხზე ამდგარი უსმენდა ტელეფონით რესპუბლიკის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, უცბად წამოენთო : დემაგოგიას მოეშვით, თქვენს თანამშრომლებს მიხედეთ, ჭადრაკის თამაშის მეტს რომ არაფერს აკეთებენო, და გულმოსულმა დაუხეთქა ყურმილი. თავმჯდომარეს! იმ წლებში! სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გამოთქმა უხერხემლო ინტელიგენტი“ მოინტელეგენტო მთავრობის მოხელეებს მოუგონიათ თავიანთი ლაჩრობის გასამართლებლად.

არა მგონია, ჩვენს ავისმდომთ ილიას „რა ენა წახდეს...“ ჰქონოდეთ წაკითხული. სამაგიეროდ, საუცხოოდ იციან, რომ დედაენის დავიწყებით იწყება ყოველივე იმის დავიწყება, რასაც მამული ჰქვია. ამიტომაც აიძულებდნენ (ან ქრთამავდნენ) რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, შეეცვალათ დასახლებული პუნქტების ქართული სახელწოდებანი რუსულით თუ სომხურით. გადარქმევის ბრძანებულება 1955 წლით არის დათარიღებული. მას შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელიწადში ქართულთან ერთად ქართველის ხსენებაც მოისპო გადარქმეულ-გადაჯიშებულ სოფლებში - „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“.

ძველი, საბჭოთა უმაღლესი საბჭო იმიტომ გავიხსენე, რომ ბოლო პარლამენტი თავისი „ერთსულოვნებითა“ და პირველი პირისადმი ბრმა მორჩილებით (სხვათა შორის, მნიშვნელოვანწილად - პირადი ერთგულების პრინციპით, და არა საქმიანი თვისებების მიხედვით შერჩეულ დეპუტატთა შემადგენლობითაც) ორი წვეთი წყალივით ჰგავდა საბჭოურს. არადა, ჩვენ გვჭირდება ისეთი პარლამენტი, რომელიც მიიღებს არა სათავისო, არამედ საერო კანონებს, იზრუნებს არა საკუთარი, არამედ საერო სიმდიდრის დაგროვებისა და ზრდისათვის, ეცოდინება მამულის ფასი, მამულიშვილობის ყადრი, ერთი სიტყვით, იქნება ნამდვილად ეროვნული, და არა ნაციონალური.