სალომე ზურაბიშვილი: ომი დაიწყო 7 აგვისტოს ღამეს. ის, რაც დაიწყო ვით ზღაპარი - მშვიდობიანი რევოლუციით, დასრულდა კოშმარით. რაკეტებით "გაბჭყვრიალებულ" ღამეში ქართული ტელევიზია გადმოგვცემს.... აი, ის ტანკები და ის რუსული ჯარისკაცები - მე რომ მოლაპარაკებების საშუალებით ჩვენი ტერიტორიიდან სამუდამოდ გაყვანილი მეგონა, ვით რევანში წარსულზე და ჩემი წინაპრების გაძევებაზე წითელი არმიის შემოჭრის გამო, ისევ შემობრუნდნენ შუაგულ ქართულ ტერიტორიაზე და მოაქვთ ხელახლა ნგრევა. ამ რეალობის შემყურეს ყველას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: ვისი ბრალია? შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება?
პასუხისმგებლები და დამნაშავეები ბევრნი არიან. პირველ რიგში კი გაუგებარი იყო და არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. დასაბამიდან ორი სტრატეგია ირევა ერთმანეთში - კონფრონტაციისა და ნორმალიზაციისა. პირველი ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი ჩქარ-ჩქარა ცვლის მეორეს. მკაცრი პოლიტიკის სამოსელში გახვეული სხვა ორიენტაცია ჩნდება: ქვეყნის რესურსების მიყიდვა რუსეთზე, ფარული გარიგებების ცდუნება და ამით პოლიტიკის ღერძი ბუნდოვანი და გაუგებარი ხდება.
ნორმალიზაცია დაუმთავრებელ მცდელობად შეგვრჩა. "ვარდების რევოლუციის" წინა დღეს ივანოვის თბილისში ჩამოსვლის ფაქტი ერთის მხრივ შევარდნაძის რეჟიმის უგულველყოფად და მეორეს კი ახალი რევოლუციურ რეჟიმის დადებით ჟესტად აღიქმება. ინაუგურაციის დროს სააკაშვილის რუსეთისადმი გაწვდილი ხელიც საპასუხო ჟესტად იკითხება. ეს ნორმალიზაცია ხანმოკლე აღმოჩნდა.
უკვე 2004 წლის ზაფხულში ქართულ პოლიტიკას ცხინვალში პირველი დაძაბულობის ნიშნები და პირველი მსხვერპლი მოჰყვა. აგვისტოს იერიშის შედეგად ქვეყანა ლამის კონფრონტაციის მარწუხებს დაუბრუნდა.
2005 წლის დასაწყისში ყველაზე ცუდ დროს განახლდა დაძაბულობა. მაშინ, როცა მოლაპარაკებები პოზიტიურ დინამიკაში შევიდა, საქართველოს პარლამენტი გაუფრთხილებლად და უმიზეზოდ იღებს რეზოლუციას და ულტიმატუმის ენით ითხოვს რუსეთის გასვლას სამხედრო ბაზებიდან და ეს მაშინ, როდესაც ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შესულია. ეს ნაბიჯი ძალიან ჰგავს რუსეთის გამოწვევის მცდელობას და პროვოკაციას. რეზოლუცია ისე მიიღეს, რომ მე, საგარეო საქმეთა მინისტრს, ანუ მთავარ მოლაპარაკეს, არაფერი მკითხეს და არც გამაფრთხილეს. მოულოდნელად პრეზიდენტი მიბარებს თავისთან და მიბრძანებს პარალამენტში მისვლას, რათა მაია ნადირაძეს (მაშინდელი უმრავლესობის თავჯდომარე) ულტიმატუმზე უარი ვათქმევინო! პარლამენტამდე არ მისულს უკან მაბრუნებს და მეუბნება: „არ ღირს, უმრავლესობის გადაწყვეტილება შეუქცევადიაო!"... და მართლაც, 22 მარტს ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მთელი რიგი მუქარებით: "წყლის გადაკეტვა და სხვა უფრო სერიოზული ზომების მიღება არის გათვალისწინებული თუ კი რუსეთი არ დანებდება და არ "გაეთრევა". ალბად ეს ეპიზოდი ჩემს მიამიტობაზე მეტყველებს: ნუთუ პრეზიდენტს თავის უმრავლესობაზე იმდენი გავლენა არ ჰქონდა, რომ საკუთარი ბრძანება სისრულეში მოეყვანა? ეს ხომ ის უმრავლესობაა, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში სააკაშვილის სიტყვას ბოლომდე ასრულებს! ან რაში სჭირდებოდა ჩემი ჩართვა მასთან შეუთანხმებელი ინიციატივის დასაბლოკად?! სამაგიეროდ, ამ რეზოლუციას ჩემი პოლიტიკური განადგურების ან როგორც მინიმუმ, მოლაპრაკებების ჩაშლის რეალური შანსი ჰქონდა. საერთოდ დიპლომატიაში ასეთი ნაბიჯი იკითხება როგორც მოლაპრაკების ჩაშლის მცდელობა და ასევე აღიქმება მოპირდაპირე მხარისაგან. მაშინ ჩემს სასარგებლოდ ითამაშა პირადი ნდობის ფაქტორმა და ალბათ, რუსეთის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ ეს საქმე დადებითად დამთავრებულიყო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამჯერად მეც და მოლაპრაკებაც დაგებულ ხაფანგს გადავურჩით.
მაგრამ ეს მცდელობა განმეორდება. მახსოვს, 2005 წლის ოქტომბერია და უფრო სერიოზული მოლაპრაკება იმართება აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, ვიდრე ოდესმე გამართულა. ჯორჯ ბუშის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა სამხრეთ ოსეთის საკითხზე, სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართა, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რასაც სწრაფად მოჰყვა სერგეი ლავროვის და კონდოლიზა რაისის შეხვედრა. ამერიკელებს უნდოდათ გაერკვიათ იყო თუ არა რუსეთი მზად იმ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომლის გასაღებიც მოსკოვში მოიპოვება, რათა ერთობლივად მოეძებნათ გამოსავალი. ეს საკითხი პრიორიტეტულ საკითხად უნდა დასახელებულიყო ეუთო-ს მომავალ სამიტზე. ვითარება ისეთია, რომ ბუშის ადმინისტრაცია ძალიან დაინტერესებულია ამ საქმით და რუსეთიც უარზე არ არის. ეს უკვე დიდ პროგრესად ითვლება. ჩვენსკენაც იგრძნობა პროგრესის ნიშნები: 2005 წლის ზაფხულში, როდესაც შეთანხმების თანახმად, დაიწყო ბათუმის სამხედრო ბაზის დაცლა, რუსეთმა შემოგვთავაზა ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ გაგვემართა კონსულტაციები. აგვისტოს ბოლოს ასტანაში გამართულ დსთ-ის სამიტზე პუტინი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს. თანხმდებიან ისევ შეხვედრაზე, ამჯერად საქართველოში. პუტინის ვიზიტი საქართველოში რთველის დასასრულს უნდა შემდგარიყო. თვითმფრინავში პრეზიდენტს ვარწმუნებ, მოპატიჟების წერილის გაგზავნა არ დააყოვნოს და თბილისში ჩასვლისთანავე პროექტი კანცელერიაში სამინისტროდან იგზავნება, მაგრამ ეს პროექტი პროექტად რჩება და არ იქნა გაგზავნილი.... ვიღაცამ ჩვენი ვარიანტი დაბლოკა, მიუღებელი შეცდომებით სავსე შეცვლილი ვარიანტი მომზადდა, რომელსაც დაადეს პრეზიდენტის "ფაკ სიმილე", რაც დიპლომატიურ შეურაცხყოფად აღიქმება, როცა მეორე ქვეყნის პრეზიდენტს წერ... ბოლო წუთში ეს ვარიანტიც დაიბლოკა და ზოგს ეჭვი დაებადა, რომ ვიღაც ამ ვიზიტის ჩაშლით იყო დაინტერესებული...
პროგრესის ნაცვლად, სიტუაცია სწრაფად დაიძაბა. ოქტომბერში პარლამენტი ახალ რეზოლუციას იღებს, კვლავ ულტიმატუმის ტონით. ამჯერად ეს ულტიმატუმი სამშვიდობო ძალებს ეხება. კერძოდ, მათი ცხინვალიდან გაყვანას თებერვლამდე, ხოლო აფხაზეთიდან ივლისამდე. ულტიმატუმის არშესრულების შემთხვევაში საქართველო იმუქრება, რომ ამ ძალებს გააძევებს და მონათლავს საოკუპაციო ძალებად. ამჯერად ულტიმატუმი აღწევს თავის მიზანს, ანუ შლის ამერიკას და რუსეთს შორის დაწყებულ მოლაპრაკების პროცესს და ასევე "კლავს" ჯერ არშედგენილ ეუთო-ს გეგმას. თბილისი ყველა საერთაშორისო აუდიენციას იყენებს სამშვიდობო ძალების რუსეთის როლის გასაკრიტიკებლად და განცხადებების ომიც გაჩაღებულია.
2006 წლის იანვარში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, გაზსადენზე მომხდარი აფეთქება ახალ დაძაბულობაში გადაიზარდა. სააკაშვილი აფეთქების მიზეზების გამოკვლევას არ ელოდება და იმ დღესვე ბრალს დებს "ლილიპუტინს" გაზსადენის განზრახ აფეთქებაში. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და საქართველოს ურთიერთობების ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებს და ლანძღვას პასუხობს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანის აკრძალვით.
ვისი ბრალია? - ორივე მხარის. საქართველო ლანძღვას - ანუ სუსტის იარაღს - გადამეტებულად იყენებს. უზარმაზარი საშუალებების მქონე რუსეთი კი - ზომების ფართე არსენალს: დაწყებული კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებით; აკრძალული ინვესტიციების ჩადებით აფხაზეთში; უვიზო ოფიციალური ვიზიტებით კონფლიქტურ ზონებში და ა.შ. საერთაშორისო კანონის გვერდის ავლით და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების აბუჩად აგდებით, რუსეთი ფარული "ანექსიის პოლიტიკას" ეწვევა. აქით კი - 2006 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილი იძლევა ბრძანებას საქართველოს ტერიტორიარულ წყლებში არალეგალურად შემოსულ გემებზე ცეცხლის გახსნის შესახებ, რაც საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს და შესაბამისად, იწვევს რუსეთის მკაცრ რეაგირებას თბილისის "კრიმინალური" გეგმების წინააღმდეგ.
სანიტარული წესების მომიზეზებით, რუსეთი კრძალავს ქართული ღვინოების იმპორტს, რასაც თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ცნობილი პროვოკაციული გზავნილით პასუხობს. იმავე წლის სექტემბერში დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება: დაჭერილ იქნა რუსეთის ოთხი დაზვერვის ოფიცერი, რომლებიც საჯაროდ გააგდეს ქვეყნიდან, რასაც რუსეთიდან ქართული დიასპორის 400 წევრის გამოგდება, საჰაერო ბლოკადა, ვიზების გაუქმება და ბოლოს, საელჩოების დახურვა ანუ დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა მოჰყვა, რაც იკითხება დიპლომატიურად ომის წინამდე ბოლო ნაბიჯად.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომ 2007 წლის იანვარში ცხინვალში "შევა", რაც ყველას მიერ გაგებულია როგორც ახალი ესკალაციის საწინდარი: საქართველო კონფლიქტის მოსაგვარებლად ომს და საომარ მოქმედებებს აღარ გამორიცხავს. საინტერესო ის არის, რომ ოქრუაშვილის ამ განცხადებას არც არავინ არ შეეწინააღმდეგა. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი.
პროცესები შემდეგნაირად განვითარდა: ესკალაცია ორივე მხრიდან სიმეტრიულად იმართება. თითოეული მხარე თავის პარტიტურას უკრავს და ორივე მხარე სარგებელს პოულობს ამ დაძაბულობაში. რუსული მოსახლეობა მადლიერია პუტინის, რათა რასისტულ მიდრეკილებას გაუხსნა გზა. ყველაფერი, რაც იკითხება როგორც გაკვეთილი ქართველების დასასჯელად, კარგადაა მიღებული რუსებთან. სააკაშვილი თავის მხრივ პატრიოტიზმს იყენებს აქტიურად და რუსი შპიონების გაგდებით იგებს გულებს და 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს; ხელისუფლება იყენებს ძველ ფანტომებს თავის პოპულარობის დასამკვიდრებლად, რითაც საბოლოოდ მჟღავნდება მისი არადემოკრატიულობა და 2006 წლის ბოლოს კონფლიქტების დარეგულირების და საქართველოს და ნატო-ს დაახლოვების სერიოზულ იმედებს საბოლოოდ ეღება ბოლო.
2007 წელს ახალი საფეხურს ვაღწევთ დაძაბულობის შკალაზე: რუსეთი თავის ორმაგ თამაშს ამძაფრებს სეპარატისტებთან. 2014 წლის ოლიმპიადის სოჭში ჩატარების გადაწყვეტილება ახალ საფრთხეს უქმნის საქართველოს, საინვესტიციო გარემოსა და აფხაზეთის მიბმის თვალსაზრისით.
გამკაცრებული რუსული პოლიტიკა გამაგრებულია იმითაც, რომ საქართველო დასუსტებულია, ეკონომიურ და სოციალურ კრიზისს პოლიტიკურიც დაემატა და რევოლუციით მოპოვებული ეროვნული კონსესუსი შეირყა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეცვლილია საერთაშორისო ძალთა თანაფარდობა. საქართველოს მთავარი პარტნორი ამერიკა აღარ არის. 2004 წლის გამარჯვებული ამერიკა, არამედ ავღანეთსა და ერაყში ჩათრეული ქვეყანაა. სამაგიეროდ, პუტინის რუსეთი უფრო ძლიერად გრძნობს თავს. ნავთობის ფასმაც საგრძნობლად აიწია და რუსეთმა საკუთარ თავში ნდობა აღიდგინა.
რუსეთისთვის ცდუნება ძლიერდება: საქართველოსთვის ერთი კარგი მაგალითის მიცემა, ამავე დროს ძალის დემონსტრირების მოხდენა იმ კავკასიაში, რომლის დაკარგვა ჯერაც ვერ მოინელა - მისთვის ძალიან სასურველი ცდუნებაა. რატომაც არა, თუ ამისი შანსი იქნება? _- შესაბამისად, პროვოკაციებს არ ერიდება ... საქართველოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს და გამოსდის კიდეც!!!!!
სააკაშვილი მის თამაშს თამაშობს... რაც მეტად კარგავს პოპულარობას, მით მეტად ცდილობს პატრიოტული რიტორიკით აიმაღლოს თავი, სამხედრო თემატიკას არ ერიდება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებებით სპეკულირებს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი, რაც უფრო ატყობს საქართველოს ან უკრაინის შესუსტებას, ან მათი ამერიკელი მფარველის შენელებას, ან კიდევ დასავლეთის განხეთქილებას, - ხმას უწევს. იმუქრება და განხეთქილებებს ამწვავებს.
დინამიკა შექმნილია, რომელიც კონფლიქტისკენ მიდის და არცერთ მხარეს არ უჩანს ამ პროცესის შეჩერების არც ნება და არც საშუალება. ორივემ იცის, რომ მეორეც ემზადება ომისათვის. 2008 წლის დასაწყისისათვის ყველაფერი მზადაა და "წინასწარ გამოცხადებული ომის" სცენარი უკვე დაწერილია.
საქართველოს კონფრონტაციის სტარტეგია გამაგრებულია "დაძაბულობის კონცეფციით", რის მიხედვითაც ეს ის სტრატეგია რომელიც მოკავშირეების მაქსიმალურ მხარდაჭერას და საქართველოს სტრატეგიულ ღირებულებას უზრდის. ისმის კითხვა, რატომ არ უნდა გაყვეს საქართველო ბოლომდე ამ ლოგიკას და ამით აიძულოს ამერიკელები. ზოგი ამტკიცებს კიდეც, რომ თუ დაიწყო კონფლიქტი, ამერიკა იძულებული იქნება, რომ თავისი პატარა მოკავშირის დასაცავად ომში ჩაერთოს. სხვები იმას ამტკიცებენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა კონფლიქტების გადასაწყვეტად, სხვა შემთხვევაში საქართველო ამ გრძელვადიან ბრძოლაში ილევა და იფიტება; და ბოლოს - ზოგი იმას ამტკიცებს, რომ ეს ხომ იქნება ყველაზე კარგი საშუალება, რათა რუსეთის ნამდვილი სახე გაშიშვლდეს და გამოჩნდეს მსოფლიოს წინაშე. საქართველოს კი ასეთ სიტუაციაში ყველაზე კარგი როლი ერგება - უდანაშაულო მსხვერპლისა!. ანუ არგუმენტების მთელი კორიანტელი მზადაა!
რუსეთის პროვოკაციების შედეგად სააკაშვილი იძულებული ხდება თავის რიტორიკას და დაპირებებს აჰყვეს, რათა მოსახლეობას იმედი არ გაუცრუოს. იმის შემდეგ, რაც თავის მთავარ საარჩევნო დაპირებად ტერიტორიალური გამთლიანება აქცია და ფიცი დადო, რომ გამთლიანების მიღწვეამდე არ დატოვებდა ხელისუფლებას, იძულებული ხდება აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ რუსეთს უმკლავდება. რელაურ გამარჯვებების ნაცვლად, პროპაგანდა იკვებება მოჩვენებითი წარმატებებით და ტყუილებით, რაც შემდგომში ქვეყანას ძვირად დაუჯდება.
ამ მოჩვენებით წარმატებებს ეკუთვნის პოლიციური ოპერაცია კოდორის ხეობაში, რომელიც მართლაც აბრუნებს ბანდების ხელში დატოვებულ ხეობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. იმისათვის, რომ ეს პოლიციური წარმატება ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის პირველ ნაბიჯად დასახელდეს, ხეობა "ზემო აფხაზეთად“ მოინათლება. ხელისუფლების დიდი ტყუილი: - ეს ხეობა არასოდეს ყოფილა აფხაზების ხელში და ამდენად, ვერც წაერთმევათ. და ეს ტყუილი ძვირად დაგვიჯდა 2008 წლის ომის დროს, როცა აფხაზები და რუსები "ზემო აფხაზეთში" შევიდნენ და სახელშეცვლილ კოდორი "ლეგიტიმურად" დაიკავეს ისე, რომ არც არავინ შედავებიათ (სხვათაშორის არც საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხზე საეჭვოდ დუმს).
ცხინვალის რეგიონი ქართული ოფიციალური ტერმინოლოგიის „წყალობით“, მეორე მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. ნახეთ, როგორი ვითარებაა - სააკაშვილი არაფრიდან ქმნის ალტერნატიულ სეპარატისტულ მთავრობას, თბილისის მფარველობის ქვეშ, იმ იმედით, რომ ეს დაუპირსირდება კოკოითის მთავრობას, რომელიც მოსკოვის დაქვემდებარებაშია. ამ ლოიალურ მთავრობას დედაქალაქს (ქურთა), ბიუჯეტს (რამდენიმე მილიონ დოლარიანს), პრეზიდენტს (სანაკოევს) და ტერიტორიას აძლევს. ამ ტერიტორიაში შეჰყავს ლიახვის და ახალგორის ხეობები, რომლებიც 1992 წლის ომის შემდეგ საქართველოს კონტროლის ქვეშ იყვნენ დარჩენილები და სწორედ ამ გაფართოებულ საზღვრებში აწყობს არჩევნებს, ანუ ამით ამ საზღვრებს სრულ ლეგიტიმურობას საქართველოს ხელისუფლების სახელით ანიჭებს . იმისათვის, რომ ამ ორ მთავრობას შორის სიმეტრია დამკვიდრდეს სააკაშვილი უკან არაფერზე იხევს და ცნობს სამხრეთი ოსეთის სახელსაც და ტერიტორიასაც. ეს საზღვრები სულ ცოტა ხანში რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთის საზღვრებად აღიარებული იქნებიან?!
გავყვეთ მოვლენებს: სააკაშვილის პოპულარობა ეცემა და ის უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება პატრიოტულ პროპაგანდის და დაკარგულ ტერიტორიების თემატიკაზე. ვეღარ იტანს ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეების სიფრთხილეს და გაფრთხილებებს. სწრაფი პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების საკითხში უკვე მოსალოდნელი აღარაა და ეს მიზანიც, რომელიც პოპულარობას უფრო უკავშირდება ვიდრე სტრატეგიას, შორდება.
მოსკოვთან გარიგების ცდუნება ჩნდება ჰორიზონტზე, რადგან მოსკოვს უჭირავს ტერიტორიების დაბრუნების და შესაბამისად, სააკაშვილის ძალაუფლების განმტკიცების ერთადერთი გასაღები. მითუმეტეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შენელდა და სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მისი დასავლელი მეგობრები ამ ავტორიტარულ ტენდენციებს დღეს თუ არა ხვალ მკაცრად გააკრიტიკებენ და არც დაინდობენ. გაჩნდა თუ არა ცდუნება მოსკოვთან დაახლოების? - ცხადია, მაგრამ არა საჯაროდ, რადგან რუსული მტრის სახე რჩება ამ პოპულისტური ხელისუფლებისათვის აუცილებელ ინსტრუმენტად. ამიტომ, ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. სააკაშვილმა გაგვამხილა ცოტა ხნის წინ, რომ 2004 წელს, პუტინთან შეხვედრისას მან სთხოვა დრო აჭარაში მომხდარი რევოლუციის მოსანელებლად და სთხოვა 2-3 წელი სამხრეთ ოსეთის საკითხის გადასაჭრელად, ოღონდ ერთი პირობით, სააკაშვილს ტემპის აჩქარება არ უნდა ეცადა. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, არ არის გასაკვირი, თუ პუტინმა ცხინვალზე იერიშის მიტანის მცდელობა 2004 წლის ზაფხულში ამ შეთანხმების უხეშ დარღვევად მიიჩნია. ისევ გავყვეთ მოვლენებს: რაღაც შეთანხმების გეგმა მაინც არსებობს და ის თავს ამოყოფს აფხაზეთში კვიპრისის მოდელის ხსენებით - აფხაზეთის ისეთი დაყოფა, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილს დაუთმობდა, თავისი გალის რეგიონით და აფხაზებს კი ჩრთილოეთ ნაწილი დარჩებოდათ.
რუსეთთან გარიგების თემა არ ქრება და რჩება როგორც უკიდურესი გამოსავალის ვარიანტი. ამასთან, ის აზრი, რომ რუსული ჯარი კორუმპირებულია და მისი მოსყიდვა ადვილი, გავრცელებულია ქართულ სამთავრობო წრეებში. რუსეთთან ომის მოგება რომ შეუძლებელია, ეს ყველამ იცის, მაგრამ გამორიცხული შეიძლება, არ იყოს ლიმიტირებული კონფლიქტის წარმოება, რომლის შედეგი ორივესთვის მომგებიანი იქნებაოდა: საქართველო ნაწილ ტერიტორიებს დაიბრუნებდა, რუსეთი კი საბოლოოდ დამარხავდა საქართველოს ნატოსა და დასავლეთთან შეერთების იმედებს და მის გავლენას აღადგენდა კავკასიაზე. ცხადია, საკითხი ისმება და პასუხი არ არსებობს, თუ რამდენად შეიძლება ენდო რუსულ დაპირებებს, მეტადრე საიდუმლო შეთანხმების ფორმით მიღებულს, ან რატომ უნდა ენდო საერთოდ, გამომდინარე ქართულ-რუსულ ისტორიულ გამოცდილებიდან; ან როგორ უნდა წარმოიდგინო, რომ რუსეთი მზად იქნებოდა ასეთი საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე დაეთმო თავისი პრესტიჟი, როცა ეს ნაბიჯი ყველას მიერ აღქმული იქნებოდა, როგორც რუსეთის უკან დახევა კავკასიაში. აქ 2007 წლის განმუხურის ინციდენტი გავიხსენოთ : სააკაშვილი ქართული ტელეკამერების წინ, შეიარაღებულ სამხედროებთან ერთად უტევს რუსულ სამშვიდობო ძალებს და აიძულებს მათ, უკან დაიხიონ. ეს სიმბოლური უკან დახევა შესაძლოა იყოს ის, რამაც დაარწმუნა სააკაშვილი, რომ ეს რუსული საიდუმლო დაპირება რეალიზებადიც იყო??? ცდუნება იზრდება. შიდა პლანზე კი დემოკრატიული ფასადი იმსხვრევა 2007 წლის ნოემბრის გამოსვლების დარბევის და „იმედის“ შეიარაღებულ დარბევის გამო. ამერიკელები მას გადადგომას ურჩევენ და მედიას განთავისფლებას მოითხოვენ . სააკაშვილი ხედავს, რომ ვერც საპრეზიდენტო და ვერც საპარლამენტო არჩევნებით, თუმცა გაყალბებებით "მოგებული", პოლიტიკური კრიზისის გადალახვის საშულებას არ აძლევს. ის ვერ იბრუნებს ვერც შიდა პოპულარობას და ვერც გარე პრესტიჟს. ვერც ფინანსურ დახმარებას იღებს და ბიუჯეტსაც საარჩევნო გადახარჯვის შემდგომ უჭირს. სხვა გზა აღარ რჩება თუ არა ომისა. 2008 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში ინციდენტები გამვრავლდა. ამერიკის მკაცრი გაფრთხილება (კონდოლიზა რაისის სპეციალური ვიზიტის დროს 2008 წლის ივლისში) მიუთითებს საფრთხის მოახლოვებას. ასეთი გაფრთხილების ფონზე საქართველო არჩევნის წინაშე დგას: დემოკრატიული დეფიციტი, ამერიკული კრიტიკები, კონფლიქტების უიმედო სიტუაცია, ბუდაპეშტის სამიტის შემდეგ ნატოს პერსპექტივის უვადოდ გადადება, აღარ უტოვებს ხელისუფლებას ბევრი ლავირების საშუალებას, რათა თავისი პოზიცია გაიმაგროს. სამაგიეროდ, ჩრდილოელ მეზობელს რამდენიმე გასაღები ხელში უჭირვს: ეკონომიური პროგრესი მის ხელშია თუკი ბლოკადას მოხსნის როგორც მთავარი მფლობელი ქართულ ენეგერტიკულ რესურსების, მას შეუძლია ამ კუთხითაც ან შეუწყოს ხელის ამ სექტორის განვითარებას ან პირიქით, რაც შეეხება , კონფლიქტების მოგვარებას - მთავარი სადავეები ხომ მას უჭირავს, და ბოლოს სააკაშვილმა ისიც იცის, რომ დემოკრატიულობის გაკვეთილებს და კრიტიკას პუტინისგან არ მიიღებს.
მართალია ძნელი წარმოსადგენია, რომ ორ ლიდერს შორის ისეთი სიძულვილი არსებობდეს, როგორც სააკაშვილსა და პუტინის შორის არის და ამავდროულად, საკვანძო ინტერესები გამოჩნდეს, მაგრამ თუკი ეს ინტერესები არსებობს და რეალურად არსებობს, რადგან ორვესთვის ძალაუფლების გამყარებასთან არის დაკავშირებული, ნეოტოტალიტარულ წყობაში ყველაფერი შესაძლებელი ხდება. ყოველ შემთხვევაში ეს ვერსია ყველაზე კარგად ხსნის, რა შეიძლება მომხდარიყო 2008 წლის აგვისტოში. სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ასეთ ავანტურაში ჩაებმებოდა ამერიკელების და ევროპელების რჩევების საწინააღმდეგოდ. მას ისიც კარგად უნდა სცოდნოდა, რომ საკუთარი სამხედრო რესურსებით ვერ დაამარცხებდა რუსეთს. ვერ ექნებოდა თავისი რეზერვისეტების იმედი, რომლებსაც სათანადო მომზადება მიღებული არ ჰქონდათ და ბოლოს მოულოდნელ შოკზე ვერ გააკეთებდა თავის გათვლებს თუ გავითვალისწინებთ იმას რაც ხდებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში ორივე კონფლიქტურ რეგიონში.
მაშ როგორ უნდა აღვწეროთ დაწყებული ოპერაცია, როცა იცი, რომ ვერც შენი ძალის სიურპრიზის ეფექტით ან ვინმეს დახმარების იმედად ვერ იქნები და უეჭველი უპირატესობა მტერს გააჩნია? - ეს ან თვითმკვლელობის მაგალითია და მაშინ მიუთითებს პრეზიდენტის შეურაცხადობაზე, რომელიც თავის ქვეყანას ასეთ უეჭველ მარცხზე უშვებს, ან ეს არის ოპერაცია "პოტიომკინი“, რომელიც სხვა რამეს გვიმალავს, კერძოდ საიდუმლო შეთანხმებას. ოფიციალური პირების მიერ განცხადებები ამაზე მიუთითებს. მაგალითად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბათუ ქუთელია 15 აგვისტოს ფრანგული გაზეთის "ფიგაროსათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: "ჩვენ რუსულ ძალებს ვამცნეთ, რომ "მოვუვლიდით" არალეგალურ მილიცილებს. მწვანე შუქი მოგვცეს ამისათვის... და არ გვეგონა, რომ რუსები ასე შორს წავიდოდნენ (!!!!!)"... სხვა ოფიციალური პირები კი აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე არ ელოდებოდა "ასეთ" რუსულ რეაქციას (!!!!) - ე.ი. რაღაცას ელოდენ.... რაღაც სხვას ????
ასევე დამაფიქრებელია სააკაშვილის ლმობიერი სიტყვები რუსეთის მიმართ, თავის 7 აგვისტოს სატელევიზიო გამოსვლაში, სადაც იგი რუსეთს გარანტორად დადგომას სთავაზობს. მიმართავს უშუალოდ კულახმეტოვს და ავიწყდება, რომ დიდი ხანია, რაც საქართველო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო ძალების ლეგიტიმურობას და ითხოვს მათ ქვეყნიდან გარეკვას!
შესაძლოა, საიდუმლო შეთანხმება მზადებოდა და რუსებმა მისცეს პირობა, რომ ქართული მხარის სწრაფი შეტევის შემთხვევაში თვალს დახუჭავდნენ და რეაგირებას არ მოახდენდენ. ამის კიდევ ერთი ნიშანი სწორედ ცხინვალის მოსახლეობის გაყვანაში იკითხება. ეს გვაფიქრებს, რომ ამით მათ გაუხსნეს კარები ქართულ იერიშს. იმასაც ამბობენ, კულახმეტოვს ნეიტრალობისთვის 4 მილიონი გადაუხადესო.
ფაქტი ერთია: თუ საიდუმლო შეთანხმება არსებობდა, რუსებმა სიტყვა არ შეასრულეს და მიზანსაც მიაღწიეს - საქართველოს პრეზიდენტის წაგებულ ომში ჩათრევა შეძლეს!
სცენარი რომელიც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია რომ საქართველოსთვის კატასტროფით დამთავრდა: სამ დღეში საქართველომ ყველაფერი დაკარგა: ტერიტორიების 20 პროცენტი, დაპირებული დაბრუნების და გამთლიანების ნაცვლად; მსხვერპლი უამრავი, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუთვლელი; ნატოში შესვლის იმედების გაქარწყლება; ეკონომიური ნგრევა (დარტყმა ტურიზმზე და საინვესტიციო გარემოზე) საერთაშორისო ნდობის დაკარგვა; მეტადრე, მაშინ რაც ევროკავშირის დასკვნამ საქართველოს პრეზიდენტის პასუხსგებლობა ყველასათვის ნათელი გახადა!
ამავე დროს და სამართლიანად, რუსეთსაც აკრიტიკებენ გადამეტებულ ძალის გამოყენებისა და საქართველოს ტერიტორაზე შემოჭრისათვის. მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის პასუხისგებლლობას ეს არ ანეიტრალებს . რუსებმა მოინდომეს შიშის დათესვა და ინიტიმიდაცია. მათ ფაქტობრივად გასული საუკუნის ტიპის ომი გააჩაღეს, რომელიც პირველ რიგში ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხებზე ფსიქოლოგიური გავლენის მოპოვებაზე იყო გათვლილი (ტანკების და სახმელეთო ჯარების მასიური გამოყენება როცა დესანტი ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა). ისიც ნიშანდობლივია, რომ გარდა გარკვეული სამხედრო წერტილებისა რუსებს არცერთი სტრატეგიული ობიექტი არც საქართველოს ტერიტორიაზე: (არც ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენი, არც ტრანსკავკასიური რკინიგზა) და არც თბილისის აეროპორტი დაუბომბავთ სადაც უპრობლემოდ დაჯდნენ მესამე დღეს უცხოური დელეგაციების თვითმფრინავები, არ დაუბომბავთ არც პრეზიდენტის შავნაბადის საკომუნიკაციო ცენტრი, ესეც უცნაურად ჟღერს!
ეს ომი იყო ტყუილის და ფარული გარიგებების გადაჯვარების მომენტი და ახლა არავინ აღარ იცის, ვინ ვის ატყუებს და ვინ ვის რას უმალავს. არც ის არ არის ნათელი, რა რჩება აქიდან და საით მიდის ყველაფერი. არც ის, კონფრონტაცია რელაური იყო, არშემდგარი გარიგებების და ტყუილის შედეგი, თუ დადგმული კონფრონტაცია, თუ ორივე ერთად?! ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ეს ომი ტყუილში შობილი ყველაზე გრანდიოზული ტყუილით დასრულდა: მოსახლეობისათვის დამტკიცებით, რომ წაგებული ომი თურმე მოგებული ყოფილა ! ცინიზმის მწერვალად შევა ჩვენს ისტორიაში ის შეურაცხმყოფელი ზეიმი თავისუფლების მოედანზე ... ჯერ არ მოშუშებული იარებით და დაუკრძალავი ჯარისკაცების ფონზე !
როცა ლაპარაკია რუსეთის და საქართველოს პასუხისგებლობაზე, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის პერსონალური პასუხისგებლობის ჩვენება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ ეხება და მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს, არც რუსეთის დანაშაულის არდანახვას ნიშნავს, ან პატიებას ან შენელებას, პირიქით. თუკი ვიცნობთ რუსეთს (და ფაქტია, რომ კარგად ვიცნობთ), მის ისტორიას, წარსულს და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც უნდა გვცოდნოდა, რომ მის ამგვარ ქცევაში არაფერი გასაოცარი ან მოულოდნელი არ იყო. სამაგიეროდ, საქართველოს პრეზიდენტის უზომო დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს საკუთარი გეგმების განხორციელების შანსი მისცა. ამისათვის უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს ის, ვინც ტრაგედია არ ააცდინა ქვეყანას და არა მხოლოდ არ ააცდინა, არამედ საკუთარ ამბიციებს და მაქინაციებს გადააყოლა.