"პოლიციის თანამშრომლები კახეთში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს მასობრივად აჯარიმებენ. ლაგოდეხში მცხოვრები მერაბ ივანაშვილი სამართალდამცველებმა ორის დღის განმავლობაში 3-ჯერ, სულ 340 ლარით დააჯარიმეს", წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით პოლიცია კახეთში "ქართული ოცნების" წევრებს მასობრივად აჯარიმებს.
"ლაგოდეხიდან სოფელ ულიანოვკაში მივდიოდით 3-4 მანქანით. სულ ბოლოს მე მევდიოდი. სარკეში ვხედავდი, რომ უკან პოლიციის მანქანა მომყვებოდა. არაფერი დამიშავებია, 60-ით მივდიოდი. უცებ პოლიციის მანქანამ გადამისწრო და გაჩერება მომთხოვეს. პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ღერძულა ხაზი გადავკვეთე, რაც არ გამიკეთებია. მანქანაში 5 ადამიანი იჯდა და ყველა დამემოწმა, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია, მაგრამ 200-ლარიანი ჯარიმა მაინც დამიწერეს. 7 აგვისტოს სოფელ კავშირში, ბენზისგასამართ სადგურთან ისევ გამაჩერეს და ისევ ჯარიმა დამიწერეს, 100 ლარიანი - ღერძულა ხაზი გადაკვეთეო. არც ამჯერად გადამიკვეთავს, რადგან ვდევადი, რომ პოლიციის მანქანა მომყვებოდა. მეორე დღეს ლაგოდეხში ვიყავი, "ქართული ოცნების" ოფისში. იქიდან რომ გამოვედი, დავჯექი მანქანაზე და სოფელში წამოვედი. პოლიცია ამედევნა, გამაჩერეს. მანქანაში სხვა მგზავრებიც იყვნენ - უსაფრთხოების ღვედი გადაჭერილი გვქონდა, მაგრამ პოლიციამ, არ გქონდათო - 40 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მერაბ ივანაშვილმა. პოლიციის თანამშრომლებმა ლაგოდეხში "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი კახაბერ კევლიშვილი 400 ლარით დააჯარიმეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"კევლიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არასწორი გასწრების მიზეზით ორჯერ შეუდგინეს. "პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი - გასწრება არ გამიკეთებია საერთოდ და უკანონოდ მაჯარიმებთ-მეთქი. ჩვენს ოქმს შევადგენთ და შენ სადაც გინდა, იქ იდავეო, - მითხრეს", - აღნიშნა კევლიშვილმა ლაგოდეხში 100 ლარით დააჯარიმეს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი გია ბიწაძე. "ღერძულა ხაზის გადაკვეთაში დამადანაშაულეს, არადა, არ გადამიკვეთავს, მაგრამ როგორ დავუმტკიცებ?" - ამბობს ბიწაძე. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა 5 და 9 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" თელავის შტაბის წევრი ლევან ხვისტანიც დააჯარიმეს. ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი მას ავტომანქანის ბუნებრივ აირზე გადაყვანის საბუთის არქონის და მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით შეუდგინეს", - დასძენს გამოცემა.
"ქართული ოცნების" წევრების მასობრივ დაჯარიმებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში და შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. არც ერთ დაჯარიმებულს ოქმი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია - მათი თქმით გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან არაფერი იცვლება", წერს სტატიის ავტორი.