ნოდარ ნათაძე:

ნოდარ ნათაძე: "2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა თეთრი ძაფით შეკერილი სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა"

"სააკაშვილის მთავარი ღალატი ისაა, რომ წინა რამდენიმე კვირაში რუსებს არ მოუხსნა სამშვიდობო სტატუსი - ე.ი მტერს, რომელიც საქართველოში დგას და ფაქტობრივად მთელ სოფლებს გინადგურებს არტილერიით, სამშვიდობო სტატუსს არ ართმევ... ვერც იდიოტიზმით, ვერც ბავშვური ტვინით, ვერც სულსწრაფობით სააკაშვილის მოქმედებას ვერ ახსნი. ამას აქვს ერთადერთი ახსნა - რუსული დავალება, მოღალატეობის დავალება", - აცხადებს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნოდარ ნათაძე: "საქართველოს უცხო ქვეყნის აგენტები მართავენ"

"პროფესიული წყაროებიდან ვიცი, ეს არსად დაწერილა და არ გაცხადებულა - სააკაშვილმა რუსებს 4 საათი და 30 წუთის შესვენება მისცა - როკის გვირაბის ვენტილაცია იყო გაფუჭებული, გვირაბი ბრძელია, მაშინ იქ რუსები ჩაიხრჩობოდნენ! ახლა მე ვინმეს დახვრეტას კი არ ვითხოვ, მაგრამ იმ სამარცხვინო მარცხისა და დაკარგული ტერიტორიების გამო პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს? ჩვენ რატომ ვიტანთ ომის წამგები მთავარსარდლის პარპაშს? ჩვენ ქვეყანას მართავს უცხოეთის აგენტურა. ეს არის მთელი ამოცანის თავი და ბოლო - საქართველოში 1991-92 წლების მიჯნაზე მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და მოიყვანეს თავიანთი აგენტურა, რომელმაც მოათრია შევარდნაძე. შევარდნაძეც მათი აგენტი იყო. სააკაშვილიც შევარდნაძის სანქციით ისევ რუსებმა მოათრიეს, მართალია, ამერიკის ფავორიტად ითვლება, მაგრამ მის მოყვანაში რუსეთის ხელი ძალიან ერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ნათაძე.

"რუსეთის ყველა ეკონომიკური მიღწევა საქართველოში დამყარებულია კანონსაწინააღმდეგო აქტებზე, კორუფციულ გარიგებებსა და კარუფციულ შეთანხმებებზე. ამირომ ეს ყველაფერი ექვემდებარება გაუქმებას ყოველგვარის კომპენსაიციის გარეშე - საქართველოს ხელისუფლებას ექნება არგუმენტი - ყველა ის გარიგება არის კორუფციული და დადებულია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც ხელისუფლებაში უკანონო გზითაა მოსული და დარჩენილი - ყველა არჩევნები გააყალბა. შეიძლება ქართული ეკონომიკიდან რუსები გაყარო კომპენსაციის მიცემით - ანუ ის კაპიკები, სიმბოლური ფასი, რომელიც გადაიხადეს უკან გადაუყარო. ამაში საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ვინაიდან კორუფციული გარიგებაა, შეიძლება გაკეთდეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"აგვისტოს ომის თაობაზე ტალიავინის დასკვნაც  იყო გაყიდული. ტალიავინის დასკვნაში 500 გვერდზე მეტი ფაქტებს მოიცავს, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს, დასკვნები კი არ გამომდინარეობს ფაქტებიდან - ესაა თაღლითობა. ხელისუფლებას კი ხმა არ ამოუღია იმიტომ. რომ ტალიავინი არის რუსეთის მოციქული და ამას რუსის აგენტი სააკაშვილი ვერ იტყვის. მაგრამ მსოფლიომ ტალიავინის დასკვნა ფეხებზე დაიკიდა, ეს ფაქტია, ამ დასკვნას სერიოზულად არავინ ახსენებს. იქ წერია, რომ 6 და 7 აგვისტოს რუსების მოძრაობა ჩვენ ვერ დავადასტურეთო - რას ქვია, ვერ დაადასტურე? ამ კომისიას ერქვა ფაქტების დამდგენი კომისია? მსოფლიომ დაადასტურა - ეს ყველაფერი თანამგზავრებიდან არის გადაღებული", - მიიჩნევს ნოდარ ნათაძე და შეკითხვას - "ამბობენ, სააკაშვილი თავისი უგონო მოქმედებით ჩაერთო ამ ბრძოლაში, პროვოკაციას წამოეგო..." პასუხობს:

"სააკაშვილი პროვოკაციას კი არ წამოეგო, არამედ შეასრულად რუსის დავალება. ჩემი ყურით მოვისმინე ტელევიზორში როგორ ეკითხება გერმანელი პარლამენტარი საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს, ქალბატონო მინისტრო, ყველაფერს გიჯერებთ, მაგრამ ამიხსენით, თქვენი პრეზიდენტი ასეთ მარტივ სატყუარას როგორ წამოეგოო. ე.ი. დიპლომატიური ენით ეუბნება - ეს განგებ გააკეთაო! ომიდან 2 თვის შემდეგ ნატო-ს კაცთან მილაპარაკია ამ თემაზე, მან თქვა, ყველანი გაკვირვებული ვართ, სააკაშვილმა ასეთი მარტივი საკენკი როგორ აკენკაო. მათ ესმით სააკაშვილმა რაც გააკეთა - თეთრი ძაფით შეკერილი სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა. ერთი, რომ თავიდან გაჩუმდა, მეორე - რუსებს სამშვიდობო მანდატი არ გაუუქმა, მესამე - რუსებს გვირაბში სულის ამოხდომის საშუალება არ მისცა, მეოთხე - სამხედრო ოპერაციების მართვაში ჩარევის საშუალება სამოქალაქო პირებს მისცა, კერძოდ, უგულავასა და თარგამაძეს. ეგენი ნებისმიერი ქვეყნის კანონით დასახვრეტები არიან, დახვრეტის გარდა მაგათ არაფერი ეკუთვნით"