"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის შესახებ პროვოკაციულ ფილმებს იხილავს და ამ მასალებს პრეზიდენტთან დაახლოებული პირები ამზადებენ. ამ თემაზე გაცხადებები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება, კახი კალაძე კი "შავი პიარის" ახალი ტალღის აგორების შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და ხელს ძალოვნებს და სახელისუფლებო მედიას ადებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილისა და კალაძის წინააღმდეგ სააგიტაციო ფილმები მზადდება.
"სხვადასხვა არხებზე უკვე ტრიალებს "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი პოლიტიკური რეკლამები. ერთ-ერთ მათგანში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, რომ "აქ მისნაირების ადგილი არ არის". მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქალბატონმა საკუთარი განცხადებები აღელვებას დააბრალა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, კლიპი ტელევიზიებში ისევ გადის... მეორე რეკლამის მთავარი მოქმედი პირი პუტინია და კონტექსტი ასეთია: თუ ირჩევ ივანიშვილს - ირჩევ პუტინს. არასამთავრობოები და პიარტექნოლოგები მსგავსი სახის კამპანიას და მმართველი პარტიის ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ამბობენ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი წესებით საარჩევნო კამპანიას უკვე არავინ აწარმოებს. "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელისო ჩაფიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილის და კალაძის საწინააღმდეგო ვიდეოები ტელესივრცეში მალე გამოჩნდება, თუმცა მიაჩნია, რომ მსგავსი კამპანია მათ რეიტინგს ვერ ავნებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"უახლოეს დღეებში ძალიან ბევრი სიურპრიზის მოწმეები გავდებით. როგორ მე მაქვს ინფორმაცია, ისინი ძალიან ბინძურ ფილმებს ამზადებენ და ბევრ სხვა რაღაცასაც. დარწმუნებული ვარ ეს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის წინააღმდეგ იგეგმება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერები. ვინ მოამზადა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კლიპი? აღიარა კიდეც თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ ეს დანაშაული იყო, მაგრამ არავინ არ დასჯილა. კონკრეტული სახელები და გვარების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე გუნდი აკეთებს ამ სიბინძურეს. ეს იქნება პრეზიდენტთან დაახლოებული რამდენიმეკაციანი საბჭო, რომელთა წევრებიც ძალიან ბევრ ბინძურ რამეს კადრულობენ წინასაარჩევნოდ. მათ მანამდეც სცადეს ქალბატონ მანანა კობახიძესთან დაკავშირებით აეგორებინაღ რაღაც სისულეები, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. ყველა ჩვენგანი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვართ დარტყმის ქვეშ, მაგრამ ჩვენს მომხრეებს ასეთი სიბინძურეების არ სჯერათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.
"ცივილიზებულმა დასავლეთმა ასეთი ტიპი რეკლამებზე უარი თქვა - რეალურად, ნეგატივზე აგებული კამპანია საბოლოო ჯამში დადებით შედეგებს არ იძლევა. ეს კამპანია, რომელიც ახლა მიმდინარეობს - ავიღოთ თუნდაც "ქართული ოცნებისა" და რუსების გარკვეულწილად ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა, ერთადერთ კატეგორიაზეა გათვლილი: რეალურად ეს არის საკუთარ ამომრჩევლებში პოზიციების გამყარება და საკუთარი მომხრეებისთვის გარკვეული სტიმულის მიცემა, რომ მათ გადაწყვეტილებაში ეჭვი აღარ შეეპაროთ, მთელი ეს კამპანია მიმართულია სწორედ აქეთკენ. თუ დავეყრდნობით რეიტინგებისა და კვლევების დინამიკას, ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ეცემა და "ქართული ოცნების" იზრდება, ეს თავად "ნაციონალებმაც" აღიარეს და მათტვის ახლა მთავარი არის საკუთარი მომხრეები შეინარჩუნონ. რაც შეეხება კლიპს შვილმკვდარი დედით, მარტივი ფსიქოლოგიური გათვლა აქვთ - გეუბნებიან, რომ შენ აკეთებ არჩევანს ბნელსა და ნათელს შორის - ასეთი ტიპის სარეკლამო კამპანიები პრინციპში დარჩა პოს-საბჭოთა ქვეყნებში, როგორიცაა რუსეტი, ყაზახეთი, უზბეკეთი...", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ცენტრის "ჯეპრას" აღმასრულებელი დირექტორი სოსო გალუმაშვილი.
"შვილმკვდარ ქალბატონს, რომელიც კლიპში ჩანს, ჰკითხეს - აიღო თუ არა ვინმემ მისგან ნებართვა, რომ მისი სახე და ფრაზები პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებულიყო და მან უპასუხა, რომ არა. ეს არის სპეკულირება და ადამიანის საუბრის არასწორად გამოყენება, ასევე არაკორექტული ქმედება და ამ ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც პოლიტიკური რეკლამა, თუნდაც ფასიანი, არ ეყრდნობა არანაირ ფაქტობრივ მონაცემებს და გამოაქვს იმ ადამიანის ემოციები, რომელმაც შეიძლება თქვას ყველაფერი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - რომ მან განიცადა ყველაზე დიდი დანაკარგი. მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს, რადგან მისი უფლებების დარღვეულია, მისთვის არავის არაფერი უკითხავს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი.
"ეს არ არის შავი პიარი. ეს არის პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. შავი პიარი კიდევ სხვა რამეს გულისხმობს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცას ჩუმად აკეთებს ოპონენტი და კონტექსტია მისახვედრი. აქ არაფერი არაა მისახვედრი, ეს არის პირდაპირი დისკრედიტაცია და ადამიანის უსაფუძვლოდ დადანაშაულება იმ საქმეში, რომელიც მას არ გაუკეთებია. ასეთი პოლიტიკური პრაქტიკა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში, რადგან იქ მარეგულირებელი კომისია ასეთ საკითხებს სერიოზულად უყურებს. ხოლო თუკი გადახედავთ საბჭოთა კავშირის ისტორიას, მთელი პრესა აჭრელებულია იმით, რომ ოდნავ შეძლებული გლეხი როგორ არის ქვეყნის მტერი - ასეთ მეთიოდებს მიმართავენ ქვეყნებში სადაც არაა დემოკრატიია", - განმარტავს მარინე ჩიტაშვილი.