საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე ფასები მაღალია, ამიტომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ გარბიან. ამას ემატება ჩვენს კურორტებზე დაბალხარისხიანი მომსახურება და წვიმიანი დღეები, რაც ზღვაზე დასვენების სურვილს გიკარგავს.
ტურისტული კომპანია „მოგზაურთა კლუბის“ ხელმძღვანელი ზურაბ ვაშალომიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველებს განსაკუთრებით თურქეთი (ანტალია) და ეგვიპტე იზიდავთ. ამის ძირითადი მიზეზი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო სისტემა და მომსახურების მაღალი პირობებია, რასაც საქართველოში ვერ შეხვდებით.
„ეგვიპტეშიც ისეთივე სიტუაციაა, რაც თურქეთში - პირდაპირი ჩარტერული რეისები, კარგი ფასები და მომსახურება, წითელი ზღვაც შესაბამისია. სხვა ზღვისპირა კურორტებზეც არის მოთხოვნა - ესპანეთი, იტალია, მაგრამ ამ კურორტებზე საქართველოს მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ. ამას გარკვეული დრო ესაჭიროება, ვიზის მიღების ასპროცენტიანი გარანტიაც არ არსებობს და შეიძლება, ვერც მიიღონ ვიზა. ამიტომაც, ქართველი კაცის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება და მისი რეალიზება სწრაფად სჩვევია, უფრო უვიზო ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას“, - გვითხრა ზურაბ ვაშალომიძემ.
ჩვენს შეკითხვაზე, თურქეთის უპირატესობა იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ თურქები მზად არიან, ანაზღაურების საფასურად, ტურისტის მოთხოვნა მაქსიმალურად შეასრულონ, საქართველოში კი თანხის აღების მიუხედავად, მომსახურება მოიკოჭლებს, ზურაბ ვაშალომიძე აცხადებს: თურქეთს ერთ-ერთი საუკეთესო სერვისი აქვს მსოფლიოში. ზღვის კურორტებთან მიმართებით, ამაში თურქებს ვერ შევეცილებით. ინფრასტრუქტურაც მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, რადგან, დიდი ხანია, ამ სფეროში მუშაობენ. ამასთან, სახელმწიფოებრივი პოლიტიკაც თავიდანვე ასეთი იყო, რამაც გამოიწვია, რომ სერვისი ძალიან მაღალ დონეზეა.
„ამ კურორტებს ბუნებაც ხელს უწყობს, რადგან, პრაქტიკულად, 6-7 თვის განმავლობაში წვიმა არ იცის. ეს ძალიან სერიოზული ფაქტორია ზღვის კურორტისთვის. ეგვიპტესა და თურქეთში ფასები 600 დოლარიდან ზემოთ მერყეობს და ამ ფასად, შეიძლება, ერთმა ტურისტმა თურქეთში ნორმალურ, კარგ სამვარსკვლვიან სასტუმროში ერთკვირიანი ტურით დაისვენოს. ამაში შედის თვითმფრინავის ბილეთი, სასტუმროში ცხოვრება და კვება. ეგვიპტეშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა“.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე დასვენებას, ზურაბ ვაშალომიძე აცხადებს, რომ შიდა ტურიზმისთვის ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად აკითხავენ ტურისტულ კომპანიებს და პირდაპირ უკავშირდებიან ზღვისპირეთის სასტუმროებს.
თუ თურქეთში კარგი მომსახურებაა, მაშინ თურქები ან სხვა ეროვნების ხალხი რატომ ჩამოდიან საქართველოში?! ამის საპასუხოდ ზურაბ ვაშალომიძე აცხადებს, რომ ეს გემოვნებაზეცაა დამოკიდებული. ზოგიერთს შავი ზღვა ძალიან მოსწონს. თურქეთს კი შავი ზღვის სანაპირო კურორტები ნაკლებად აქვს განვითარებული. ძირითადად მაინც ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის კურორტებზე არის მაღალი კომფორტი. რაც შეეხება სინოპს და სხვას, ამ ადგილების ინფრასტრუქტურა, ტურისტული თვალსაზრისით, სათანადო დონეზე ჯერ არ არის მოწყობილი. ამიტომაც, ვისაც შავი ზღვა უყვარს და აინტერესებს საქართველო, ბულგარეთი, სწორედ ასეთ ქვეყნებში მიდიან.
„გლობალ თრეველის“ მენეჯერი თიკო მარგალიტაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თურქეთსა და ეგვიპტეში მგზავრობას ვიზები არ სჭირდება და მომსახურებაც იაფია ქართველებისთვის, ამიტომ შავ ზღვაზე დასვენების მიზნით, მათ კომპანიას თითქმის არ აკითხავენ.
„თურქეთში დასვენების მსურველთათვის ფასები სხვადასხვანაირია. გააჩნია, რითი წავლენ, თუ ავტობუსით _ 350 დოლარს გადაიხდიან. თუ გადაფრინდებიან, არის სხვადასხვა ალტერნატივა_ ტრაპიზონიდან ფრენა 490 დოლარიდან იწყება. უცხოეთში მომსახურება უკეთესია, რადგან ისინი „ოლ ინქლუზივის“ _სრული პანსიონის სისტემით მუშაობენ, ანუ ტურისტებს სასმელები, საჭმელი უფასოდ აქვთ, რამდენსაც უნდათ, დალევენ და მიირთმევენ“.
თიკო მარგალიტაშვილის თქმით, ქართველი ტურისტების 99 % მათ საზღვარგარეთ გამგზავრებას სთხოვს, ვიდრე შავ ზღვაზე დასვენებას. ეგვიპტესა და თურქეთს გარდა, ისინი ევროპაშიც მიემგზავრებიან. თუმცა, ევროპაში გამგზავრების თადარიგი 3-4 თვით ადრე უნდა დაიჭირონ, რათა იაფი დაუჯდეთ და ვიზის პრობლემაც მოაგვარონ. ევროპისთვის იაფი ფასები კი, თიკო მარგალიტაშვილის განმარტებით, 580 ევროდან იწყება და ზემოთ ადის.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბათუმისა და ადლიის აკვატორია დაბინძურებულია. კერძოდ, ადლიის 14 წერტილში იქნა სინჯები აღებული, რამაც ცხადყო, რომ დაბინძურება მაღალია. კერძოდ, დაბინძურება დაფიქსირდა შემდეგ წერტილებში_ ობელისკი, მეათე გემის სადგომი, საზღვაო სადგური, სასტუმრო „რედისონი“, კიროვის ქუჩის კოლექტორთან, ლერმონტოვის ქუჩის კოლექტორთან, არდაგანის ტბის არხთან, ხიმშიაშვილის ქუჩის დასახლებასთან, მეჯინისწყლის შესართავთან, ახალი ბულვარის პირთან.
_ შემოწმება განხორციელდა ამიაკზე, ქრომზე, სპილენზე, მიკრობიოლოგიურ ელემენტებზე, ამონიუმზე, ნიტრიტებზე. დაფიქსირდა, რომ ამონიუმი 18-ჯერ აღემატება ნორმას, ამიაკი_ 15-ჯერ, ნიტრიტი_5-ჯერ, ქრომი_140-ჯერ, სპილენძი_40-ჯერ, სულფიდი_ 2-ჯერ. ეს არის ობელისკის მონაცემები, დანარჩენ ადგილებშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ზოგან უფრო მეტი დაბინძურებაა. ადლიაში 2007 წლიდან დაიწყო გამწმენდი ნაგებობის გაკეთება, 120 მილიონი აიღო საქართველოს ხელისუფლებამ სესხის სახით ამ გამწმენდი ნაგებობის გასაკეთებლად. ბათუმის მთლიანი კანალიზაცია ერთ მთლიან სისტემაში უნდა მოქცეულიყო და მერე ერთიან სისტემაში თავმოყრილი კანალიზაცია უნდა შესულიყო გამწმენდ ნაგებობაში, სადაც ფეკალიები იწმინდება მექანიკურად, ბიოლოგიურად და გაწმენდილი წყალი შავ ზღვაში ჩაედინება. დღეს რეალურად მხოლოდ მცირე რაოდენობით შედის ამ გამწმენდ ნაგებობაში ეს კანალიზაცია, დანარჩენი კი მიედინება შავ ზღვაში და დაბინძურებაც ამიტომ გვხვდება. ამ დაბინძურების შედეგად შემდეგში ჩნდება სხვადასხვა დაავადება_ კუჭნაწლავის, ვირუსული, A ჰეპატიტი. ქრომისა და სპილენძის არსებობა კი ონკოლოგოურ დაავადებებს იწვევს. ეს ქრომი და სპილენძი კი იმიტომ ხვდება შავ ზღვაში, რომ მახინჯაურში უამრავი ქიმიური დანიშნულების საწარმოა, რომელიც მშენებლობისთვის გამოიყენება_პლასტმასის, ქიმიურ ელემენტებს აწარმოებს და აქედან გამოსული წყალი ჩაედინება შავ ზღვაში. ამიტომაცაა ქრომისა და სპილენძის მაღალი მაჩვენებელი. 2007 წლიდან დაიწყო ამ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, მაგრამ დღესაც არ დაადგა საშველი, რომ მთლიანად გაკეთებულიყო. შავ ზღვაზე ადამიანი დასასვენებლად რომ ჩადის, იგი შლოპანცებისა და კვერცხების სანახავად არ მიდის. უამრავი თანხა იხარჯება დასვენებისთვის და, ამავე დროს, უამრავი თანხა მიდის ამ ადამიანების სამკურნალოდ. შარშან საავადმყოფოები სავსე იყო ინფექციურ-პარაზიტული დაავადებებით, დღესაც იგივე მდგომარეობაა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას გააგებინოს სიმართლე შავ ზღვაში არსებული მდგომარეობის შესახებ. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ხელისუფლება მოვალეა, ხალხს ჯანმრთელი და უვნებელი გარემო შეუქმნას. ამ დროს კი, პირიქით, განსაცდელში აგდებენ მოსახლეობას. ბათუმის წყლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანალიზაციის პრობლემა სრულად 2017 წლამდე ვერ მოგვარდება. მაშინ ხელისუფლება რისთვის ხარჯავს ფულს უაზრო კონცერტებში, უაზრო ქანდაკებებში?! არ ჯობდა, მიზნობრივად დაეხარჯათ, რაც აუცილებელია მოსახლეობისა და ტურისტებისთვის? კაცი რომ ჩავა ჩვენს სანაპიროებზე და ასეთ პრობლემას წააწყდება, მეორეჯერ აქ აღარ ჩამოვა. უცხოეთიდან იყვნენ ჩამოსულები და ოჯახი დაიწამლა, ინფექციური დაავადებებით საავადმყოფოში მოხვდნენ, მეორედ აქ როგორ ჩამოვალთო?!
მაგრამ თუ ზღვას არ ემჩნევა სიბინძურე, მაინც საშიშია?
_ თავიდან ზღვას არ ეტყობა, მაგრამ მიკრობიოლოგიურად დადგენილია, რომ ადამიანი როდესაც ზღვაში ჩადის, 220 მილილიტრ წყალს ყლაპავს, შხეფებისა და ბანაობის შედეგად ორგანიზმში წყალი შედის. ახლა რეალურად რომ შეხედავ ზღვას, ამას ვერ შეამჩნევ, თუ არ წააწყდი იმ ადგილს, სადაც ფეკალიები ჩადის, რაც დაფიქსირებული გვაქვს ვიდეომასალით და სინჯებიც გვაქვს აღებული ჩვენი კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციის _ „ფლორა და ფაუნა“-ს მიერ. ერთობლივად გაკეთდა ეს ყველაფერი და შედეგები მარტო ახლა კი არ დაფიქსირდა, არამედ ყოველთვის ასე ფიქსირდებოდა. თვეში ერთხელ კეთდება სინჯები და ყოველთვის ასეთი დაბინძურებაა.
ამიტომაც გარბიან ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად?
_ ჯერ ერთი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ფასები კატასტროფულია. ზღვის დაბინძურებაც დიდი ფაქტორია, ადამიანი მეორედ იქ აღარ ჩავა. ახლა 40 თეთრიანი ჩვეულებრივი სასმელი წყალი რომ ხუთი ლარი ეღირება, რა შედარებაა?! მერე უამრავ ბარსა და რესტორანში არ არის ჰიგიენური პირობები, ბიოტუალეტებიც არ არის განთავსებული, რაც ტურისტებში გულისწყრომას იწვევს. ძალიან ცუდი მომსახურებაა, ყველაფერი ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ ნახევარ ფასად თურქეთში 500 ლარიან სასტუმროში დაისვენებ, იქ ბასეინებიცაა და სუფთა წყალიც. აჭარის სანაპიროზე კიდევ ყველაზე კარგი მდგომარეობაა სარფში, მწვანე კონცხსა და გონიოში. ქობულეთსაც არა უშავს, ბათუმი და ადლია კი საშინელ მდგომარეობაშია. ჩადით და ნახეთ, რამდენია დამსვენებელი. მათი რიცხვი რეალურად ნაკლებია, მაგრამ ხელისუფლება გვარწმუნებს, ტურისტების რაოდენობა ბევრიაო.