"თიანეთის გამგებელს კაბინეტში მაგიდაზე იარაღი უდევს. პრეტენზიით თუ მიაკითხავ, ხელში იარაღს ატრიალებს. ამით ანიშნებს, რომ პრეტენზიებით თავი არ უნდა მოაბეზრონ", - აცნობეს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს თიანეთის მცხოვრებლებმა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "თიანეთის გამგებელს პრეტენზიით თუ მიაკითხავ, ხელში იარაღს ატრიალებს".
"მიწის ნაკვეთის დაკანონებასთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა. გამგებელს მივაკითხე - ვუთხარი, რომ კომისია, რომელსაც ნაკვეთზე საკუთრების მოწმობა უნდა გაეცა, უარს მეუბნებოდა. არადა საკუთრების მოწმობის მისაღებად თბილისიდან თიანეთში რამდენჯერმე ჩავედი. გამგებელს ვუთხარი, რომ დამხმარებოდა და საკითხი მოეგვარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატს დავიქირავებდი და სასამართლოს, ასევე სახალხო დამცველს მოვმართავდი. გამგებელი მეუბნებოდა, საკითხი მე არ მეხებაო, არადა ვიცოდი, რომ კომისიას გამგეობამ უთრა უარი საკუთრების მოწმობის გაცემაზე. ცოტა წავკამათდით, რის შემდეგაც გამგებელმა ხელში იარაღი აიღო და ათამაშებდა, ალბათ, ჩემი დაშინება უნდოდა. ვხედავდი, რომ აღელვებული იყო და გამოვედი. იმის შემდეგ მასთან არც მივსულვარ", - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა რესპონდენტმა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კი თიანეთის მინიციპალიტეტის გამგებელთან ინფორმაციის გადამოწმებას - ჰქონდა თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღი, - ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"გამგებელი დროის არქონის და ხან სხვა მიზეზით კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა. მას შემდეგ რაც საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ გიორგი აბაშვილი ცეცხლსასროლ იარაღს ნამდვილად ფლობს, გამგებელმა კომენტარი გააკეთა: "შენახვის უფლებით ნამდვილად მაქვს იარაღი, მაგრამ სახლში მიდევს და ხელში არ ვატრიალებ. თქვენ გაგიგიათ ეგეთი რამე, რომ საქართველოში ვინმემ დღეს იარაღი ატრიალოს? ეტყობა თქვენ ატრიალებთ რა, ჩვენ არაფერს არ ვატრიალებთ. ცოტა უკეთესი ინფორმაციები მოძებნეთ-ხოლმე", - განაცხადა გიორგი აბაშვილმა. ის თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლის ივლისიდან მუშაობს. 2000-2008 წლებში კი აბაშვილი საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა. გიორგი აბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა გასულ წელს გამგებლის თანამდებობიდან 45 400 ლარი შეადგინა", - დასძენს გამოცემა.