ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და სამეგრელო გათავისუფლდება ახალაიების კლანის გავლენისგან"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია წარუდგინა. სწორედ ამ დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ფოთის შტაბის ხელმძღვანელი ჯემალ მიგინეიშვილი დააკავა. ფოთში განვითარებულ პროცესებზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია გვესაუბრება.

- კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენ ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარგადგინათ. გაქვთ კი ამ ქალაქში გამარჯვების შანსი?
- ვიდრე ბატონი ბიძინა წარმადგენდა დეპუტატობის კანდიდატად, მანამდე სპეციალურმა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, როგორი იყო ჩემი პიროვნების მიმართ ხალხში ნდობა. გამოკითხვებმა დადებითი შედეგი აჩვენა. ერთადერთი მიზეზი ის მომიძებნეს, ფოთელი არ არისო. ეს ერთი მიზეზი გამოვასწორე და უკვე დავრეგისტრირდი, როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ფოთელი. ფოთს ძალიან კარგად ვიცნობ, სამეგრელოში გავიზარდე და სკოლაც აქ დავამთავრე. ჩემი დიდი ბაბუა გიორგი ფილია ძირძველი ფოთელი იყო და ამ ქალაქში ჩემი ძალიან ბევრი ნათესავი ცხოვრობს. დედა გურული მყავს, მამა - მეგრელი, ფოთშიც, ძირითადად, გურულები და მეგრელები ცხოვრობენ. ფოთის მოსახლეობის განწყობა დაადასტურა იმ მრავალათასიანმა შეხვედრამ, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩემი დეპუტატად წარდგენის დღეს მოაწყვეს ფოთელებმა. რაც მთავარია, ფოთის მოსახლეობას შიში დაძლეული აქვს და ეს ცოტა არ არის, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ სამეგრელოში და ფოთშიც დიდი გავლენა აქვს ახალაიების კლანს. ეს კი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა სამეგრელოში. თუმცა, მიუხედავად ახალაიების კლანის გავლენისა, მთავარი მაინც მოსახლეობის განწყობაა. ხალხი დაამარცხებს ახალაიების კლანს - ეს ნამდვილად ვიცი. მოსახლეობას არ სურს იმ პრობლემებით ცხოვრება, რა პრობლემებიც დღეს აქვთ: დანგრეული ინფრასტრუქტურა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. მე ფოთის პრობლემებს დეტალურად შევისწავლი, მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც დარჩენილია არჩევნებამდე, ფოთიდან ფეხს არ მოვიცვლი და ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. ამ ხელისუფლების ხელში გამარჯვება იოლი არ იქნება, მაგრამ რასაც "ქართული ოცნების" ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჰპირდება ხალხს, აუცილებლად შეასრულებს და ამ ხელისუფლების მსგავსად, ტყუილი დაპირებებით არ ამოხდის სულს გაჭირვებაში ადამიანებს. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ფოთიც გათავისუფლდება ახალაიების კლანის გავლენისგან.

- თქვენი წარდგენის დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ფოთის შტაბის ხელმძღვანელი ჯემალ მიგინეიშვილი დააკავეს. ცნობილია, რომ ის "ქართულ ოცნებასთან" აქტიურად თანამშრომლობდა. რა ბრალდებით დააკავა ჯემალ მიგინეიშვილი კუდმა?
- ხელისუფლებას როგორც სჩვევია ხოლმე, სიურპრიზი მოგვიწყო და დააკავა "ქართული ოცნების" აქტივისტი ჯემალ მიგინეიშვილი. როგორც გავარკვიე, მას "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობას ედავებიან. საუბარია 10 ათასი ლარის ჩარიცხვაზე, რომელიც თითქოს მან "ქართულ ოცნებას" შესწირა. როგორც კი შევიტყვეთ მომხდარის შესახებ, ადვოკატთა ჯგუფი მივავლინეთ, მაგრამ ჯემალ მიგინეიშვილი ფოთიდან სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს. მას ჩვენი ადვოკატები დაიცავენ და გაირკვევა, ხელისუფლებამ კიდევ რა მორიგი სიბინძურე შეთითხნა ჯემალ მიგინეიშვილის წინააღმდეგ. "ქართული ოცნება" არც ერთ მხარდამჭერს განსაცდელში არ მიატოვებს და ბოლომდე დაიცავს მათ უფლებებს.