ერთი კითხვა და ორი განსხვავებული პასუხი. "ყველა სიახლე" ახალ რუბრიკას გთავაზობთ. შევეცდებით, გაჩვენოთ "მედლის ორი მხარე", თქვენ კი გადაწყვიტეთ, მათგან რომელია თქვენთვის უფრო მისაღები. ამჯერად ჩვენი რუბრიკის თემა 2008 წლის აგვისტოს ომია. შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? - ამ კითხვას უპასუხებენ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
პეტრე ცისკარიშვილი: "თავიდან ავიცილეთ ის, რომ თბილისში არ ზის რომელიღაც რუსი სამხედრო გენერალი"
- 1801 წლიდან მოყოლებული, რუსეთი ცდილობს საქართველოს დაპყრობას. იქიდან მოყოლებული რამდენი ბრძოლა გამართულა, გადათვალეთ და მიხვდებით რუსეთის მთავარი პოლიტიკურ-სტრატეგიული ამოცანა რა არის. აი, ამის შემდეგ იმსჯელეთ ომის თავიდან აცილება-არაცილებაზე. ჩვენ მართლაც მოვახერხეთ და თავიდან ავიცილეთ ის, რომ საქართველო მთლიანად არ იქნა დაპყრობილი და ახლა თბილისში არ ზის რომელიღაც რუსი სამხედრო გენერალი. როგორც ჩანს, ზოგიერთს ეს სურს. სწორედ ეს ხალხი საუბრობს იმაზე, შეიძლებოდა იმის თავიდან აცილება თუ არა. ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გახდა ცხადი, ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის კრემლის მეპატრონეებისგანაც. ბოლო ხანს არაერთხელ მოვისმინეთ მათგან თითქმის აღიარებითი ჩვენებები. პუტინმა და მედვედევმა ამ ომის გამო თავი არაერთხელ იმართლეს. არაერთხელ მოუხდათ განემარტათ ცივილიზებული მსოფლიოსთვის, რატომ არიან ოკუპანტები, რა ესაქმებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რატომ იქცა ეკონომიკურად ამ ქვეყნისთვის შავ ხვრელებად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვისაც საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ეს მაინც გასაკეთებელი იყო, რადგან ამით ხელი შევუშალეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასო. რუსეთშიც კი ყველას ესმის, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი და ეს აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამას მოწმობს არაერთი რეზოლიცია. როდესაც ხარ ოკუპანტი, ვერ იქნები თანასწორი პარტნიორი სხვა ცივილიზებული ქვეყნებისთვის, ამიტომაც ბუნებრივია, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ეკონომიკურადაც გვარიანი პრობლემები აქვთ, ყველამ იცის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმები რაოდენ კორუფცირებულია, მათი შენახვაც დიდი პრობლემაა კრემლისთვის. რუსეთისთვის ეს მოგებიანი სვლა არ იყო, მოგებიანი შეიძლება იყო მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წლით მართლაც შეფერხდა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია.
პაატა ზაქარეიშვილი: "ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, რომლის ბრმა მოთამაშედაც იქცა სააკაშვილი"
- საქართველოს ომის აცილება შეეძლო ბოლო წუთამდე, ანუ მანამდე, ვიდრე ქართული ჯარი შევიდოდა ცხინვალში. ის მასირებული დაბომბვაც კი, რომელიც 7 აგვისტოს ღამით დაიწყო, შერჩებოდა საქართველოს მთავრობას, ცხინვალის მიმართულებით მძიმე ტექნიკის გადაადგილების გადაწყვეტილება რომ არ მიეღო. თუმცა ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს. დღემდე არავინ იცის, ვინ განახორციელა ეს თავდასხმა. საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, რომ არც გამოიძია, განაცხადა, ეს თავდასხმა განახორციელეს რუსმა სეპარატისტებმაო და დაიკავა სარაბუკის მთა, რომლის დაკავებაც იყო ჟვანიასა და კოკოითის მიერ 2004 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. ამის შემდეგ დაიწყეს ოსებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა. 8 აგვისტოს მოვლენები შეიძლება განვითარებულიყო ნებისმიერ დღეს 4 ივლისიდან მოყოლებული. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი ითრევდა საქართველოს პროვოკაციაში, არწმუნებდა რა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ თმობდა ცხინვალის რეგიონს. ტალიავინის კომისიამ ხომ დაასკვნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვისა და იქ ქართული ჯარის ნაწილების შესვლის შემდეგ გახდა საომარი მოქმედებები შეუქცევადი. დიახ, შემდეგ მედვედევმა აღიარა, რომ ეს ომი რუსეთს სჭირდებოდა საქართველოს ნატოში გაწევრების შესაფერხებლად და ეს მართლაც ასეა, მაგრამ საქმე სხვა რამეა. მოსაზრება, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი, პირველად 2006 წლის მაისში გავიგე. ეს ამერიკაში, ჩვენს საელჩოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე თქვა ქართული წარმოშობის რუსმა დიპლომატმა, რომელიც დღეს საქართველოშია. სხვათა შორის, იქ ჩემთან ერთად იმყოფებოდა დავით დარჩიაშვილიც. რუსეთი დიდი ხანი მუშაობდა იმაზე, რომ ეს დაეჯერებინა საქართველოს ხელისუფლებას. რომ არა ჩვენი დოყლაპიობა, ავანტიურიზმი და ვოლუნტარიზმი, რუსებს დიდხანს მოუწევდათ ამ ხაფანგში სააკაშვილის შესატყუებლად ლოდინი. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, რომლის ბრმა მოთამაშედაც იქცა სააკაშვილი