თორთლაძე პოლიტიკიდან წავიდა.

თორთლაძე პოლიტიკიდან წავიდა.

"რამდენიმე წლის წინ გია თორთლაძეს ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა, ყველას გული დასწდებოდა. 4 წლის წინ მას საზოგადოებაში ძალიან კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. ის საქართველოში ყოველთვის უყვარდათ, ნაციიონალებიდან წამოსვლის შემდეგ კი ის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მერე ბევრი რამ შიცვალა. პარლამენტში შესული თორთლაძე ძალიან შეიცვალა. ზოგიერთი ოპოზიციონერის თქმით, ის ნაციონალებზე მეტი ნაციონალი გახდა. აშაკარად უწერდა მხარს ხელისუფლებას და ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მისმა ამგვარმა ქცევამ, მმართველი გუნდი გააბრაზა. ზუსტად როგორ არის საქმე, ვერ გეტყვით. ბოლო პერიოდში თორთლაძე დიდად აღარ აქტიურობდა. თვეში ერთხელ თუ გალანძღავდა ივანიშვილს და ეგ იყო. ამბობდნენ, რომ მას ნაციონალები საარჩევნო სიაში ჩასვამდნენ, გუშინ კი გაირკვა, რომ თორთლაძე პოლიტიკიდან მიდის, ოღონდ მხოლოდ დროებით", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით თორთლაძე პოლიტიკიდან წავიდა.

"ის 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. არჩევნებში კენჭს არც მისი პარტია იყრის. თავის ფანებს თორთლაძე ამშვიდებს, რომ პარტიის ლიკვიდაცია არ მოხდება და ის კვლავ აღდგება - ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ თორთლაძის პარტიას "დემოკრატიული პარტია" ჰქვია. პოლიტიკურ აქტიურობაზე უარი ჯერ კიდევ დეპუტატმა თორთლაძემ რუსეთის გამო თქვა. გუშინდელ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ იწყებს ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის. გაირკვა, რომ მან ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი" რომელიც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით აქტიურ მოქმედებას დაიწყებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ცენტრის მიზანი იქნება საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება არსებული ვითარების შესახებ, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთში ქართულ დიასპორებთან და ასევე აფხაზურ დიასპორასთან აქტიური მუშაობა. ეს იქნება ღია ორგანიზაცია და მის საქმანობაში ჩართვა შეუძლია საზოგადოების ჯანსაღ და პატრიოტ ნაწილს", - განაცხადა გუშინ თორთლაძემ. მისი თქმით, "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის" პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება, მისი დემოკრატიული პარტია კი დროებით დაისვენებს - "დემოკრატიული პარტია არ არის კვალიფიციური სუბიექტი, მას არ აქვს დაფინანსება და არ აქვს უფასო საეთერო დრო და ამიტომ, მისთვის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება რთული იქნება. პირადად მე არ ვაპირებ არც ერთი პოლიტიკური ძალის საარჩევნო სიაში შესვლას. ვიღებთ ტაიმ-აუტს, სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე", - განაცხადა თორთლაძემ, რომლის განმარტებით, "ეს არ ნიშნავს პარტიის ლიკვიდაციას", - დასძენს გამოცემა.

"პოლიტიკიდან მიმავალმა თორთლაძემ ერს პატარა რამეც დაუბარა - ის ქართველ ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ძალის გარდა, ხმა ნებისმიერ პარტიას მისცეს. - "ეს პარტია და ალიანსი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რუსეთიდან იმართება და ფინანსდება. მივმართავთ ამომრჩეველს, ხმა მისცენ ნებისმიერ პარტიას, ივანიშვილის გარდა. ეს პოლიტიკური ძალა ამტკიცებს, რომ 2008ნ წლის აგვისტოს ომი არ იყო რუსეთ-საქართველოს ომი. ივანიშვილმა გარკვეულწილად მოახერხა პოლიტიკურ ძალებს შორსი მეორე პოლუსის შექმნა. ამდენად, საზოგადოებას არჩევნებზე გააზრებული და ფრთხილი გადაწყვეტილების მიღება მართებს", - დაიბარა თორთლაძემ. მისმა განცხადებამ მეოცნებეები გაახარა - თორთლაძეს შეუთვალეს: შენ გაიხარე ჩვენი ლანძღვისთვისო. მეოცნებეების მტკიცებით, თორთლაძის ლანძღვა ყველა პარტიისთვის მისწრებაა: როგორც "ოცნებაში" ამბობენ - "როცა თორთლაძე გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა გეზრდება" - წერს სტატიის ავტორი.