Must Carry-ის პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი განათავსონ, ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამ დღეში, 3 აგვისტოს შევიდა და მაშინვე თავისუფალი მედია-საშუალებების წარმომადგენლები მათთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაზე ალაპარაკდნენ.
ამჯერად, პრობლემებზე ტელეკომპანია „მაესტროს“ მესვეურები საუბრობენ. მათი განცხადებით, კომპანია „სილქნეტი“ პოლიტიკური გემოვნების გამო თავის ქსელში „მაესტროს“ არ რთავს.
„სილქნეტი“-ში განმარტავენ, რომ კომპანია Silk TV-ს ქსელში ჩასართავად ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კომპანია Silk TV–ს ქსელში კანონით გათვალისწინებული ყველა სატელევიზიო არხის ჩართვის ვალდებულების შესასრულებლად მზადყოფნას აცხადებს და ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია და 65 000 აბონენტს მიეწოდება ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელმაც „სილქნეტს“ წერილობითი განცხადებით ყველაზე ადრე მიმართა და „სილქნეტის“ სათაო სადგურამდე სატელევიზიო სიგნალის მიტანა უზრუნველყო.
„ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტელეკომპანიებთან „თრიალეთი“ და „ოცდამეხუთე არხი“. მათი წარმომადგენლები „სილქნეტის“ ტექნიკოსებთან მუშაობენ და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს დღეებში Silk TV–ის ბადეში ამ ტელეკომპანიებსაც ვიხილავთ“ - აცხადებენ „სილქნეტში“. მათივე თქმით, „მაესტროსთვის“ ქსელში ჩართვის პარამეტრები უკვე გადაცემული აქვთ.
როგორც „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „მაესტროს“ ინფორმაციით, იმის გამო, რომ „სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის სათაო სადგურამდე მიტანის ტექნიკური საშუალება არ გააჩნია, „სილქნეტმა“ მზადყოფნა გამოხატა შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის მიწოდება უზრუნველყოს იმ აბონენტებისთვის მაინც, ვისაც მათი სიგნალის მიღება შეუძლიათ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კი „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ საქმე არა სიგნალის მიწოდებას, არამედ მის გარდაქმნას ეხება. როგორც ღლონტი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, დამოუკიდებელ ტელევიზიას არ აქვს იმის საშუალება, რომ საკაბელო კომპანიის ქსელში ჩასართავად ამ კომპანიას სიგნალის გარდამქმნელი მოწყობილობა შეუძინოს.
მამუკა ღლონტი: „კანონში წერია, რომ ჩვენ მათ სიგნალი უნდა მივაწოდოთ. არსად არ წერია, რომ ეს სიგნალი უნდა იყოს კოდირებული, ან რომელიმე კონკრეტული სისტემის და ა.შ. ამჟამად „მაესტროს“ სიგნალი საქართველოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს მიეწოდება. ჩვენი არხის დაჭერა შეუძლია დიასახლისს, პენსიონერს, პატარა ბავშვსაც კი. გარდა ამისა, „მაესტრო“ საკუთარ პაკეტში უკვე ყველა საკაბელომ ჩართო, ერთადერთი რჩება „სილქნეტი“, რომელსაც სპეციფიური სიგნალი აქვს. ამდენად, ჩვენი სიგნალი მან უნდა გარდაქმნას და თავის სტანდარტებზე უნდა დააყენოს და „სილქნეტი“ გვეუბნება, რომ ამ სიგნალის გარდამქმნელი ჩვენ უნდა შევუძინოთ. მინდა მოგახსენოთ, რომ კანონში არსად წერია, რომ ჩვენ ვინმეს რამე უნდა შევუძინოთ. აქვე გეტყვით, რომ ეს აპარატი დაახლოებით 3000 დოლარამდე ღირს და წარმოიდგინეთ, ასი საკაბელოდან ასივემ რომ გვითხრას, ეს აპარატი შეგვიძინეთო, გამოდის, რომ იმისთვის, რომ ორი თვით ამ საკაბელოების პაკეტში ჩავერთოთ, „მაესტრომ“ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ არც ჩვენ, არც მაგალითად ტელეკომპანია „თრიალეთს“ და კიდევ ბევრ სხვას, უბრალოდ არ გვაქვს საიმისო სახსრები, რომ ყველა საკაბელოს ეს აპარატურა შეუძინოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საკაბელო კომპანიას, რომელიც განსხვავებული ფორმატით გადის, თავად უნდა გააჩნდეს ეს აპარატურა, ან კეთილი ინებოს და რომელიმე უინტერესო რუსული არხი, ჩვენი „მტრების“ არხი გამორთოს და ჩართოს „მაესტრო“. მაგრამ პრობლემა ამაში არ არის, საქმე გვაქვს პოლიტიკურ გემოვნებასთან. ყველას კარგად გვახსოვს, „სილქნეტი“ არის კომპანია, რომელმაც პირველმა განაცხადა, რომ „მაესტროს“ პოლიტიკური მიზეზების გამო არ ჩართავდა და დღესაც ამ პოლიტიკას აგრძელებს. ამდენად, „სილქნეტი“ თავის მაყურებელს არ აწვდის ობიექტურ და სრულ ინფორმაციას.
თუ კანონში წერია, რომ საკაბელო კომპანიაში მოდიფიცირებული სიგნალი უნდა მივიტანო, ან მას გარდამქმნელი უნდა შევუძინო, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ამას შევასრულებდი, მაგრამ ამგვარ მუხლზე ვერავინ მიმითითა.
ბატონო მამუკა, „სილქნეტისთვის“ თქვენი სიგნალის გარდაქმნა ტენიკური თვალსაზრისით პრობლემურია?
- რა თქმა უნდა, მისთვის ეს პრობლემა არ არის. მეტსაც გეტყვით, დაბეჯითებით ვამბობ, „სილქნეტისთვის“ არც ერთ ქართულ არხს, მათ შორის „მეცხრე არხს“ ასეთი აპარატი არ შეუძენია და მიუხედავად ამისა, მან ყველა ქართული ტელეკომპანია თავის პაკეტში ჩართო. „მაესტრო“ კი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჰყავს. აქ საქმე ეხება კანონის შესრულებას, კანონი კი ყველამ უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის ხარჯზე უნდა მოხდეს ყველაფერი.
ამ თემასთან დაკავშირებით „მაესტრომ“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრით მიმართეთ. რა იყო თქვენი მოთხოვნა და რა შედეგით დასრულდა მისი განხილვა?
- ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ „სილქნეტი“ “must carry”-ს კანონს არღვევს და ვითხოვდით, მარეგულირებელს ამასთან დაკავშირებით ზომები მიეღო, მაგრამ მარეგულირებელი კომისია, „სილქნეტი“ და ხელისუფლება, როგორც იცით, ერთი კომპანიაა და მათ ჩვენს მოთხოვნაზე უარი გვითხრეს.
ბატონო მამუკა, თუკი „სილქნეტმა“ თავის პაკეტში „მეცხრე არხი“ ჩართო, მაინცდამაინც „მაესტროს“ რატომ უქმნის პრობლემებს?
- ჩემი ვარაუდით, მათ შორის რაღაც მოლაპარაკება შედგა, შეიძლება „მეცხრე არხი“ „სილქნეტს“ დაპირდა, რომ ამ აპარატს მიუტანს და ამიტომაც იგი ჩართეს, ჩვენ კი არ ვყიდულობთ „სილქნეტისთვის“ ამ გარდამქმნელს. სხვა რა უნდა იყოს, მეეჭვება „სილქნეტს“ „მეცხრე არხი“ მოსწონდეს.
რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ „სილქნეტის“ პაკეტში ჩაერთოთ?
- ახლა მარეგულირებელ კომისიაში მისივე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ, შემდეგ კი მარეგულირებელს საქალაქო სასამართლოში ვუჩივლებთ და ასე გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას.
დრო გადის და არჩევნები ახლოვდება და როგორ ფიქრობთ, მოესწრება მანამდე ამდენი დავის განხილვა და „მაესტროს“ ჩართვა?
- თუ უკანონობას დავუშვებთ და კანონისთვის არ ვიბრძოლებთ, მაშინ სხვისი უკანონობა არ უნდა გაგვიკვირდეს. კი ბატონო, „რესივერს“ და თეფშს მივუტანთ, რადგან ბევრ სხვა საკაბელოსაც მივუტანეთ ეს მოწყობილობები, მაგრამ რაც საკაბელო კომპანიის სპეციფიური აპარატურაა, ამის ყიდვა ჩვენ არ გვევალება, ეს თვითონ „სილქნეტს“ უნდა ჰქონდეს.
აქვე მინდა ორი სიტყვით შევეხო იმ თემას, რომლითაც სპეკულირება მიდის, რომ თითქოს ამ ყველაფრით „სილქნეტის“ აბონენტები ზარალდებიან. მათ თავის დროზე აირჩიეს ეს კომპანია, რომელშიც „მაესტრო“ არ იყო ჩართული და ახლაც გააგრძელონ „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ ყურება. თუ მათთვის ძვირფასია „მაესტრო“, ძვირფასია სიმართლე და კანონიერება, არსებობს უამრავი სხვა კომპანია, რომელიც თავისუფალ ტელეარხებს აჩვენებს და გახდნენ ამ კომპანიების აბონენტები. ვინც ზარალდება, შეიძინოს „გლობალი“, ან უსმინოს რადიო „მაესტროს“, FM94.7-ზე. ამ ადამიანებმა თავიდანვე ძალიან კარგად იცოდნენ, ვის კომპანიასთან აფორმებდნენ კონტრაქტს და ვის ჯიბეში წავიდოდა მათ მიერ გადახდილი ფული. ამდენად, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ „სილქნეტის“ აბონენტები არ მეცოდებიან, არა იმიტომ, რომ რამე დააშავეს, უბრალოდ იმიტომ, რომ უამრავი ალტერნატივა აქვთ. ამას იმ სპეკულაციების საპასუხოდ ვამბობ, რომ თითქოს „სილქნეტის“ აბონენტები ზარალდებიან.