რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-4 წლისთავზე მოსკოვი თბილისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოთი ემუქრება. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე გამოძიებამ აშკარად გამოკვეთა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი ქმედებები. რა ეტაპზეა შიდა გამოძიების პროცესი საქართველოში და რატომ ითხოვს პროცესის გაქტიურებას არასამთავრობო სექტორი?
იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლები დაისაჯონ, რუსეთის შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ გამოძიების პროცედურის ინიცირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - ამ შინაარსის განცხადება რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა 8 აგვისტოს რუს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და იქვე დააზუსტა, რომ 2008 წლის მოვლენების საგამოძიებო პროცესს რუსეთი 2013 წლის თებერვალში დაასრულებს და რომ შეგროვილი მასალების მოცულობამ უკვე 400 ტომს მიაღწია.
შეიძლება ითქვას, რომ მასალებში, რაც კი რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მოამზადა, პრაქტიკულად მხოლოდ ქართული მხარეა დადანაშაულებული, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული სასამართლო მხარეებს არა მხოლოდ მათ მიმართ, არამედ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიებისკენაც მოუწოდებს. ფრაგმენტებში, რომლებიც რუს ჟურნალისტებს ვლადიმირ მარკინმა 8 აგვისტოს გააცნო, ქართული მხარე არაერთი სახის სასტიკი დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული და ბევრი მათგანი აშკარად მოითხოვს მდიდარი ფანტაზიის მაქსიმალურ მობილიზებას. ასე მაგალითად, მოსკოვი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიისა და რუსი სამხედროების დისკრედიტაციას ცდილობდა და ამ მიზნით ერთგვარ სპექტაკლებს დგამდა. 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებში ვლადიმირ მარკინი საკმაოდ შორს წავიდა და თქვა, რომ ქართული მხარე დაღუპულ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმას ხდიდა, სამოქალაქო ტანისამოსს აცმევდა და ასე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ იყო მნიშვნელოვანი მსხვერპლი ქართული სოფლების მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე მარკინის თქმით, გამოძიება ფლობს მოწმეთა ჩვენებებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ”სპექტაკლი”, საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ასევე იდგმებოდა გორსა და სხვა მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში, ვიდრე იქ რუსეთის არმია შევიდოდა:
”უკრაინელ დაქირავებულებს გადააცვეს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმა და მათი მონაწილეობით გადაიღეს ფოტოები და ვიდეოკადრები, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ძალადობისა და მარადიორობის ფაქტებს ქართულ სოფლებში მცხოვრებთა წინააღმდეგ.”
რუსეთისგან განსხვავებით, რომის სტატუტის წევრ საქართველოს არასოდეს გამოუყენებია შესაძლებლობა და საკუთარი ინიციატივით არ მიუმართავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის. საქართველოს მხარე თავიდანვე აცხადებდა, რომ ის საკუთარი ძალებით შეძლებდა ომის დანაშაულებათა გამოძიების ჩატარებასაც და დამნაშავეთა დასჯასაც, თუმცა ასეთ პოზიციას ზოგიერთები იმითაც ხსნიდნენ, რომ ამით თბილისი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განვითარებული პროცესების თავის საწინააღმდეგოდ შემობრუნებას ერიდებოდა.
იმის გამო, რომ წლების წინ დაწყებულ შიდა გამოძიებას საქართველოში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, აპრილში მე-3 სექტორის წარმომადგენლებმა სპეციალური წერილით მიმართეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს და მას გამოძიების დაწყება სთხოვეს. ამ პროცესში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნათია კაციტაძეც მონაწილეობდა.
”საქართველომ და რუსეთმა ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, რომ მათ ომის სავარაუდო დანაშაულებათა გამოძიება ოფიციალურად დაიწყეს, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელშესახები წინსვლა და ოფიციალური შედეგი არც ერთ საქმეზე არ არის. ამიტომ უკვე აპრილში ჩვენ ვამბობდით, რომ დროა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი მივიდეს დასკვნამდე, რომ შიდა გამოძიებები არ არის ეფექტური და დროა, რომ მან დაიწყოს ოფიციალური გამოძიება”, - უთხრა 8 აგვისტოს ნათია კაციტაძემ რადიო თავისუფლებას. იმისათვის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ ოფიციალური საგამოძიებო პროცესი დაიწყოს, პროკურორი, უპირველეს ყოვლისა, შიდა ეროვნული საგამოძიებო პროცესის არაეფექტიანობაში უნდა დარწმუნდეს.
საგამოძიებო პროცესის სერიოზულ ხარვეზებზე, რაც ორგანიზაციის ბოლო ანგარიშებშიც არის ასახული, რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებას ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მკვლევარი სიმონ პაპუაშვილიც ელაპარაკებოდა:
”ჩვენმა კვლევამ გამოძიების სასიკეთოდ ვერაფერი თქვა, რადგან მნიშვნელოვანი მოწმეები, დაზარალებულები დღემდე არ არიან დაკითხულები, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები მნიშვნელოვან ადგილებზე საერთოდ არ არის ჩატარებული.”
მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ 8 აგვისტოს ვერ მოახერხა გაერკვია იუსტიციის სამინისტროში, თუ რა ეტაპზეა ომის დანაშაულებათა შიდა საგამოძიებო პროცესი საქართველოში და რატომ გაუჩნდა მე-3 სექტორს აბსოლუტურად უშედეგო პროცესზე საუბრის საფუძველი.
რაც შეეხება ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, იქ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვაზე საქართველომ უარი 2011 წლის 1 აპრილს მიიღო. საუბარია 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელზე, რომელშიც საქართველო რუსეთს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებდა. აქცენტი კეთდებოდა პერიოდზე 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე. 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ გაეროს სასამართლომ 1 აპრილს გადაწყვიტა, რომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის, რადგანაც სარჩელის სასამართლოში შეტანამდე საქართველოს არ ჰქონდა ამოწურული რუსეთთან დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის რესურსი. თუმცა საქართველოს მხარეს კვლავაც დარჩა ჰააგის სასამართლოში კვლავ მიბრუნების პერსპექტივა. ”სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ თუკი საქართველო შეეცდება ამ პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, თუ კიდევ ერთი მცდელობა იქნება მოლაპარაკებისა, ჩვენ იურიდიული და ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავბრუნდეთ სასამართლოში”, - უთხრა 2011 წლის 1 აპრილს რადიო თავისუფლებას ჰააგიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თინა ბურჯალიანმა.
სწორედ ამგვარი მოლაპარაკებების დაწყებაა მოთხოვილი ნოტაში, რომელიც საქართველომ შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის - საშუალებით რუსეთის მხარეს 2011 წლის 27 ივნისს გაუგზავნა. თუმცა ამ პროცესში ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა ამ ეტაპზე ბევრისთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელია.