1-ელ აგვისტოს, როცა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში სამაშველო სამსახური ჯერ კიდევ იბრძოდა უნიკალური ჯიშის ხეების ხანძრისგან გადასარჩენად, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ქუთაისის აღდგენილ უბანში მომღერალ სალომე ქათამაძესთან ერთად კონცერტზე გამოდიოდა და დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. კონცერტზე მისული საზოგადოებისათვის მოულოდნელი იყო მინისტრის სცენაზე ხილვა, რადგან ვაშლოვანის ტყეში მოგიზგიზე ცეცხლი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი. თუმცა ხაჩიძემ კომპოზიციების შესრულებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თავისი იქ ყოფნის მიზეზიც ახსნა:
- იმერეთის რეგიონში სხვა მინისტრებთან ერთად ვართ რამდენიმე დღით ჩამოსული. დღეს კი საქმეებს მოვრჩი, გავიარე ქუჩაში და დავინახე კონცერტი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და დამხვდა სალომე. ასე სპონტანურად მოხდა ეს ყოველივე. ჩემი ინსტრუმენტი კი სულ თან დამაქვს და გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის დამეკრა, მეტი არაფერი. ნაწილმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს - ეს ფხიზელიაო? არ ვარ ნასვამი. ვარ ფხიზელი და ოდნავ სიყვარულისგან ნასვამი ამ ქალაქისგან, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის მინისტრს ქუთაისის სიყვარულით "ნასვამობა" და ვაშლოვანის ნაკრძალში მოგიზგიზე ხანძრის "ფონზე" ქუთაისში გამართულ კონცერტზე დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა არ შეარგეს - ორგანიზაცია "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" სპეციალური განცხადება გაავრცელა და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე უნდა გაერკვეს, რა სურს - შოუბიზნესში დაბრუნება თუ გარემოს დაცვის მინისტრობა.
"გოგა ხაჩიძე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა თავისი წინა ამპლუიდან და კვლავ შოუბიზნესში ჰგონია თავი. სწორედ ხაჩიძის უწყების დამსახურებაა ის, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში 1000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი განადგურდა, ვინაიდან მისი უწყების მიერ წლებია, არ გატარებულა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. იმის მაგივრად, რომ მინისტრს ხანძართან ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, ქუთაისში კონცერტზე ერთობოდა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას და თავისი დღევანდელი თანამდებობა მხოლოდ პირადი მიზნების მისაღწევად და გასართობად სჭირდება. ხაჩიძის მინისტრობის პერიოდში საქართველოს ეკოსისტემა ყოველდღიურად მნიშვნელოვნად ზიანდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი", მოვითხოვთ ხაჩიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - განაცხადა "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ.
P.S. გარემოს დაცვის სამინისტროს "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" სპეციალურ განცხადებაზე პასუხი არ გამოუქვეყნებია.