ხელისუფლებამ ახალ „ინოვაციას“ მიაგნო. ისინი ქართველი ემიგრანტების ხმის მოპოვებას Skype-ის მეშვეობით შეეცდებიან და გასაოცარი არაა, თუ ვის სასარგებლოდ დააფიქსირებენ ხმებს. ხელისუფლებისთვის Skype-ის გაკონტროლება უფრო იოლი იქნება. შესაბამისად, ოპოზიციას Skype-ით მოწოდებული ხმების კონტროლი გაუჭირდება და მმართველი გუნდი, რასაც უნდა, იმ მონაცემს დააფიქსირებს.
Skype-ის საშუალებით ხმის მიცემას ემიგრანტები კიდევ დათანხმდებოდნენ, რომ არა ის ნაღმი, რომელიც ამ „ინოვაციის“ თანმდევია. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება Skype-ში დარეგისტრირების სანაცვლოდ, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთულ მისამართებს მოითხოვს. ეს მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა შესანიშნავად იცის, რომ არალეგალურად წასული ჩვენი მოქალაქეები აღრიცხვაზე ასვლასა და დარეგისტრირებას გაურბიან. ამდენად, მათ ხმებს, სავარაუდოდ, სათავისოდ გამოიყენებენ.
რატომ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება მიგრანტებისგან მისამართების დაფიქსირებას?! ეს საკითხი ამერიკული ორგანიზაციის „ქეპითოლ ლინკის“ დამფუძნებელ გრეგ მინჯაკისა და ამერიკელი ადვოკატის, საარჩევნო სამართლის ექსპერტ კრის ჯექსონისთვისაც გაუგებარია. როგორც გრეგ მინჯაკი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ისინი ყოველნაირად შეეცდებიან, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, რომ უცხოეთში გადახვეწილ არალეგალ თანამემამულეებს მისამართების დაფიქსირება არ მოსთხოვოს და ამით მათი დემოკრატიული ხმის მიცემის უფლება არ შეზღუდოს.
მას შემდეგ, რაც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის ბრძანებულების შედეგად შეიზღუდა და მათ საკონსულოში საცხოვრებელი ადგილის დამატებითი ცნობის წარდგენა დაევალათ, ბევრმა ემიგრანტმა თავისი ხმა საქართველოსთვის დაკარგულად ჩათვალა. მინისტრის ბრძანება №158 ემიგრანტებს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემას პირდაპირ უზღუდავს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ემიგრანტების უმეტესობა საქართველოს ხელისუფლებას არ თანაუგრძნობს. ამიტომ, მმართველმა გუნდმა გამოსავალს მიაგნო: უცხოელების თვალში, ინოვაციური მეთოდი დანერგა, რომ თითქოს უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს ხმის მიცემას თვით Skype-ის მეშვეობითაც არ უზღუდავს, სინამდვილეში კი, მათგან კვლავაც თავიანთი არალეგალური ცხოვრების გაშიფვრას - მისამართების დაფიქსირებას მოითხოვენ.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ამერიკულ ორგანიზაციას „ქეპითოლ ლინკს“, იგი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით უზრუნულველყოფს საარჩევნო პროცესების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობას არასტაბილური დემოკრატიის ქვეყნებში. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერით, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ალბანეთი, სუდანი, ერაყი და რა გასაკვირია, რომ ამჯერად ისინი საქართველოში არიან.
საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხმა - სამართლიანი არჩევნებისთვის!“ (ლიდერი გიორგი სიგუა) კი მიესალმება ამ „ინოვაციურ“ მეთოდს. მეტიც, საკუთარ საიტზეც (Saqartvelosxma.com) სთავაზობს მიგრანტებს ინტერნეტ რესურსის პირდაპირ ბმულს Skype-ის საშუალებით რეგისტრაციისთვის.
სწორედ გიორგი სიგუას ორგანიზაციას მიმართეს აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ქართულმა სათვისტომოებმა თხოვნით, რათა ამ ორგანიზაციამ მოახდინოს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებების დაცვა, რომლებიც დარღვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული რამდენიმე ბრძანებით. თუმცა ამ ორგანიზაციისთვისაც გაუგებარია, რატომ სურს საქართველოს ხელისუფლებას არალეგალების მისამართების გაგება?!
For.ge ამერიკული ორგანიზაცია „ქეპითოლ ლინკის“ დამფუძნებელ გრეგ მინჯაკს ესაუბრა.
- 40 ათასი კილომეტრითაა ვაშინგტონი და ნიუ-იორკი დაშორებული იმ ქალაქებიდან, სადაც საქართველოდან წასული მიგრანტები ცხოვრობენ. ზოგიერთი ქართველი საკონსულოსგან შორს ცხოვრობს და საკონსულოში მისვლის საშუალება არ აქვს. მაგალითად, აშშ-ში მხოლოდ ორი საკონსულოა: ვაშინგტონში და ნიუ-იორკში, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს ლოს ანჯელესსა და სხვა ქალაქებში, რომლებიც შორსაა, როგორც ნიუ-იორკიდნ, ისე ვაშინგტონიდან. ამიტომ, Skype-ზე დამყრებული ეს ინოვაცია კარგია და საკონსულოში მისვლის გარეშე ხმის მიცემის საშუალებას იძლევა. ემიგრანტების ჩართულობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, საქართველოსთვის, რადგან ბევრი ადამიანია წასული საზღვარგარეთ. დაახლოებით 1 მილიონი საქართველოს გარეთაა. გვაქვს მონაცემი, რომ წინა არჩევნებში მხოლოდ 1%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც დაბალი მაჩვენებელია. არ შეიძლება, ემიგრაციაში მყოფთა ასე დიდი რაოდენობა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდეს.
მაგალითად, საფრანგეთში პარლამენტის წარმომადგენლობა ემიგრანტებისაა. ამით ჩანს, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საფრანგეთის მთავრობა ემიგრანტებს. არ მივუთითებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადმოიღოს ეს მაგალითი, მაგრამ უნდა მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტების ხმები. არჩევნებში დიასპორის როლის გაზრდა მნიშვნელოვანია, ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს დიასპორას და გაზარდონ მათი ჩართულობა, რადგან ემიგრანტებისგან დიდი თანხა შემოდის საქართველოში. ადამიანი ლეგალურადაა წასული საზღვარგარეთ თუ არალეალურად, ეს იმ მასპინძელი ქვეყნის გადასაწყვეტია და არა ჩვენი ქვეყნის.
თუ ნიუ-იორკში არალეგალი ხართ, მაგრამ ხართ საქართველოს მოქალაქე, თქვენი კონსტიტუციური უფლებაა ხმის მიცემა. ამდენად, საცხოვრებელი ადგილისა და ხმის მიცემის უფლების ერთმანეთთან დაკავშირება დაუშვებელია. დემოკრატიული ღირებულებიდან გამომდინარე, მთავრობამ უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, თუნდაც საზღვარს გარეთ.
ბევრი ქართველი არალეგალია საზღვარგარეთ. როგორ მოხდება მათი შიშის დაძლევა?
- ჩვენ შევეცდებით, თქვენს მთავრობას ვთხოვოთ ან მოვთხოვოთ, რომ ნაკლები შეკითხვები დაუსვან ემიგრანტებს მათი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მთავარია, დადგინდეს, ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეა თუ არა?! ამის დადგენა კი პასპორტითაცაა შესაძლებელი. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია გამოუსადეგარია და, ამავდროულად, ხელისშემშლელია ამ ადამიანების რეგისტრაციისთვის.
ემიგრანტების Skype-ით დარეგისტრირების იდეა თქვენგან წამოვიდა თუ საქართველოს ხელისუფლებისგან?
- ხელისუფლებისგან.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის თქვენს წინადადებაზე და მისამართების გარეშე არ დაარეგისტრირებს ემიგრანტებს, Skype-ის იდეა მკვდრადშობილი ხომ არ იქნება?
- ჩემი აზრით, დემოკრატიული პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ მთავრობის ინტერესში უნდა შედიოდეს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა და მეტი ჩართულობა გამოიწვიოს და არა პირიქით - შეაშინოს თავისი მოქალაქეები. ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება, საქართველოს ხელისუფლება ემიგრანტების კონკრეტული საცხოვრებლით არ დაინტერესდეს და მეტი პირობა შეუქმნან ემიგრანტ ამომრჩევლებს. სწორედ ამის გამო ქართველები თავს იკავებენ რეგისტრაციისგან. ემიგრანტებს არ უნდათ საცხოვრებელი ადგილების დაფიქსირება. გაურკვეველია, რატომ ითხოვს საქართველოს მთავრობა ამ ინფორმაციას საზღვარგარეთ მყოფი ადამიანებისგან?! რაში სჭირდება მთავრობას ეს ინფორმაცია?! ჩვენ ამის დადგენა გვინდა. ეს მოთხოვნა, მათი საცხოვრებელი ადგილების შესახებ, ემიგრანტებს აფერხებს.
თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაგთანხმდებათ, ეს ხომ არ დაგარწმუნებთ, რომ ისინი არჩევნებისთვის Skype-ს მეთოდის სათავისოდ გამოყენებას აპირებენ?
- დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია ამ Skype-ის გამოყენება არჩევნების გაყალბებისთვის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დიდად არ შეეცდებიან მის გამოყენებას ამ მიზნით.
თქვენ აცხადებთ, რომ ემიგრანტების 1 %-მა მისცა ხმა გასულ არჩევნებში. მაშინ, საინტერესოა, ნაციონალებმა ამდენი ხმა როგორ მიიღეს?
- ამ საკითხს, შეიძლება, ორი კუთხით შევეხოთ - მთელი დაისპორის 1% და კიდევ არის სხვა ჯგუფები, რომლებმაც, შეიძლება 1 %-ზე მეტი ხმა დააფიქსირეს.
მაგრამ წინა არჩევნებზე ნაციონალებს ემიგრანტებისგან ბევრი ხმა დაუფიქსირდათ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, არჩევნები კვლავაც გაყალბდება?
- საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი არჩევნებზე დამკვირვებლადაც და ისედაც ვმუშაობდი. ჩემი აზრით, არ უნდა გაყალბდეს. თუმცა ეს არ არის ახლა ჩემი ამჟამინდელი დავალება. უბრალოდ, რაც მაშფოთებს ისაა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერსებული ემიგრანტების ჩართულობით არჩევნებში. ძალიან ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა ჩამოსული, ვინც დააკვირდება თქვენს არჩევნებს.
***
ცნობისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, ზოგიერთი შეფასებით, 1 000 000 ადამიანია, ანუ მთლიანი მოსახლეობის 25 %. საქართველოში ყოველწლიურად ირიცხება უცხოეთიდან 1 მილიარდ 200 მილიონ აშშ დოლარი. თუმცა, საბანკო ფულადი გზავნილების გარდა, საქართველოში დამატებითი ნაღდი ფულის სახით, 1 მილიარდ აშშ დოლარი შემოდის. ამდენად, საქართველოს გარეთ მცხოვრები დიასპორის დახმარება შეადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 60%-ს.