"ოთხი წელიწადი საკმაო დროა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ანალიზი გააკეთოს და დასკვნებიც გამოიტანოს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აგვისტოს ომი იქცა ღრმად იდეოლოგიზებულ საკითხად. ლამის ორი რეალობაა შექმნილი იმის თაობზე, რა მოხდა და ვინ დაიწყო ომი. თუმცა ტალიავინის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ მონაწილეობდა რუსეთი, მაგრამ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. როდესაც მოვლენა ასე იდეოლოგიზებულია, ეს ნიშნავს, რომ ანალიზის არავითარი საშუალება არ არის, რადგან არსებობს ქვეყანაში ხელისუფლება, რომლისთვისაც სწორედ ის იქცევა პრობლემად, თუ მოხერხდება მოვლენების სწორი ანალიზი და შესაბამისად, საზოგადოებაში მოხდება ამ საკითხზე გარკვეული შეთანხმება და კონსენსუსი. ვიღაცისთვის ეს ომი წარსული კი არა, აწმყოს ნაწილია", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ადამიანებს დღეს ერთადერთი რამის ეშინიათ - სააკაშვილმა სისხლი არ დაღვაროს!" "სააკაშვილს, ალბათ, ჰგონია, რომ უკვდავია, შეიძლება ფიქრობს კიდეც, რომ სამყარო მისი შექმნილია".
"რიტორიკა რუსული საფრთხის თაობაზე ვიღაცას აძლევს საშუალებას, ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. ძალიან ცდილობენ, ივანიშვილი რუსეთს მიაბან, მაგრამ, ფაქტობრივად, არ გამოსდით. რუსეთის თემა ამ ხელისუფლების ხელში ისე გაცვდა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამაზე მხოლოდ ეცინება, რაც შეიძლება საშიშიც კი აღმოჩნდეს. საქმე ის არის, რომ ამგვარმა აგდებულმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, რეალური საფრთხის შეფასებაში მნიშვნელოვნად შეგვიშალოს ხელი. მოკლედ, იმ ცრუსავით არ დაგვემართოს, საკუთარმა ტყუილებმა რომ იმსხვერპლა. რაც უნდა კარგად და ლოგიკურად დააწყონ ეს მოდელირებული ამბები, კიდევ არაერთი მოდელირებული ომი შემოგვთავაზონ, ალაპარაკონ ამის თაობაზე ბაჩუკი ქარდავა, მაინც ბევრი არაფერი გამოვა ამ საქმიდან. ეს ქარდავა კიდევ სხვა თემაა, ასეთი კომიკური არსებებისგან კიდევ უფრო მეტად უფასურდება არგუმენტი, რომ "ქართული ოცნება" რუსული პროექტია და ამიტომ მხარი არ უნდა დავუჭიროთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.
"...თვალსაზრისი, რომ ომი ქართველი საზოგადოების მოთხოვნა იყო. მეც მსმენია, მათ შორის ამერიკის ყოფილი ელჩის - ჯონ ბასისგან, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. შეუძლებელია საზოგადოებაში ამგვარი მოთხოვნა ყოფილიყო. გეთანხმებით, პროპაგანდა მართლაც იყო, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2005 წლიდან, ანუ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ჩვენ გვახსოვს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებიც ცხინვალის რეგიონში, როდესაც სრულიად გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯები გადაიდგა. ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა მილიტარისტული და საომარი რიტორიკა, მაგრამ ეს მხოლოდ ხელისუფლებისგან მომდინარეობდა და არა ხალხისგან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთმა სააკაშვილი გააბრიყვა, როდესაც დააჯერეს, რომ მათთვის ცხინვალის რეგიონი უმნიშვნელო იყო", - მიიჩნევს ფილოსოფოსი.
"სააკაშვილის ფრაზას - "მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთო", შევაფასებდი, როგორც რომელიმე ფადიშაჰის განცხადებას. ეს არის აზიელი დესპოტის ტიპური მიდგომა და ძალაუფლების განცდა. სააკაშვილის ამ განცხადებაში არ ჩანს არანაირი ევროპული ღირებულება. მოკლედ, ეს კაცი იქცა შუააზიელი დესპოტის ტიპურ მაგალითად, რომელიც ინგლისურად სწრაფად ლაპარაკობს. აქ მეორე მომენტიც არის, ხომ გახსოვთ ცნობილი ფრაზა: "ძალაუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის". სააკაშვილსაც ეს სჭირს. გარდა იმისა, რომ ეს არის აზიელი ფადიშაჰის განწყობა, წესით, ნორმალური ადამიანი, ასეც რომ ფიქრობდეს, ხმამაღლა არ იტყვის. სააკაშვილი კი ამბობს. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს არაცნობიერი უკვე აღარ აქვს, მან ეს ზედაპირზე ამოიტანა და უკვე საკუთარ ვნებებზე, სურვილებზე ხმამაღლა ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, ამ კაცზე სერიოზულად საუბარი ძნელია. რა ვიცი, ალბათ, ჰგონია, რომ უკვდავია, შეიძლება ფიქრობს კიდეც, რომ სამყარო მისი შექმნილია. შეიძლება თავის დროზე ბიბლიაც კი დაწერა, რომელშიც მოთხრობილია სააკაშვილის მიერ შექმნილი სამყაროს ამბები, უბრალოდ, ამას ჯერ არ გვიმხელს", - ამბობს ზაზა შათირიშვილი
"აშკარაა, რომ სააკაშვილი შიშზე მუშაობს, ქართველ საზოგადოებას აშანტაჟებს, რომ არჩევნების გზით არ დათმობს ძალაუფლებას, რომ მის წასვლას დასჭირდება რევოლუცია ანუ არეულობა, შესაბამისად, პირობას უყენებს მოქალაქეებს - თუ არეულობა არ უნდათ, ის სამუდამოდ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არის სააკაშვილის შანტაჟის ლოგიკა, ოღონდ ამ ლოგიკით უფრო პატარა, ჟინიან ბავშვს ემსგავსება და არა ზრდასრულ ადამიანს. 20-30 წელიწადი რომ გაძლო ხელისუფლებაში, უნდა არსებობდეს ერთი მნიშვნელოვანი პირობა - ხალხს ბრმად უნდა სჯეროდეს შენი. ფაქტია, რომ სააკაშვილს საკუთარი თავის რწმენა თვითონაც აღარ აქვს. ეს კარგად გამოჩნდა სატელიტური თეფშების დაყადაღებით. ის თავის პროპაგანდისტულ არხებს ვეღარ ენდობა და შიშობს, რომ ობიექტურმა ინფორმაციამ შესაძლოა მთელი მისი პროპაგანდა გადაფაროს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვიცე-სპიკერმა მიშა მაჭავარიანმა განაცხადა, ბეშუმში ივანიშვილმა ჩვენი პარტიული ღონისძიების ჩაშლა სცადაო..." - პასუხობს:
"როდის აქეთ გახდა შუამთობა პარტიული დღესასწაული? მალე შეიძლება პარტიულ ღონისძიებად გამოაცხადონ ალავერდობა, აღდგომა, რამადანი და ა.შ. სააკაშვილის რიტორიკას ხომ კარგად იცნობთ - სულ მე, მეს გაიძახის, ამას ფსიქოლოგიაში ეწოდება შიზონარცისიზმი, მოკლედ, მიშას ერთ-ერთი გამოვლინება არის მაჭავარიანიც, რვა წელიწადში ეს ხელისუფლება შევარდნაძის ხელისუფლებაზე მეტად დაბერდა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების რიტორიკა, სააკაშვილის ჟესტები უკვე გუშინწინდელი დღეა. ადამიანებს დღეს ერთადერთი რამის ეშინიათ - სააკაშვილმა სისხლი არ დაღვაროს. როცა აქამდე მიდის საქმე, ვფიქრობ, ეს რეჟიმი უკვე დამთავრებულია".