შეეხო თუ არა პრეზიდენტი პატრიარქს ხელით?

შეეხო თუ არა პრეზიდენტი პატრიარქს ხელით?

საქართველოს პრეზიდენტისა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა www.ick.ge-მ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. 22 ივლისს ალავერდში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. «ხმამაღლა ყვიროდა, ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო», _ ნათქვამია თვითმხილველის მონათხრობში, რომელსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა. მრევლი განსაკუთრებით აღაშფოთა პატრიარქისადმი პრეზიდენტის აგდებულმა დამოკიდებულებამ. საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის არსებული უკმაყოფილებისა და დაპირისპირების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ამჯერად მთავარი კითხვა ასე ჟღერს: შეეხო თუ არა პრეზიდენტი ხელით პატრიარქს? აღშფოთებული მრევლისთვის განსაკუთრებით საეჭვოა ის გარემოება, რომ, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების სხვა გახმაურებული შემთხვევებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური უარყოფა ან რაიმე სხვა სახის კომენტარი არ გაუკეთებია. მომხდარს «საქართველო და მსოფლიოსთან» საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ.

მამა ელიზბარი (დიაკონიძე), წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, ამბობს, რომ მისთვის აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს გახდა ცნობილი:

«როდესაც მისი უწმინდესობა კახეთში სტიქიით დაზარალებულთა მოსანახულებლად ჩაბრძანდა, პრეზიდენტს პატრიარქის ვიზიტის შესახებ მაშინვე შეატყობინეს. სამწუხაროდ, საპატრიარქოში დღეს ბევრი ე. წ. შიკრიკია. სააკაშვილი სპეციალურად ჩავიდა კახეთში, თორემ წინა დღეებშიც იმყოფებოდა იქ და ეს ხელისუფლება არ ბრძანდება ხალხის ისეთი გულშემატკივარი, რომ ყოველ კვირა ხალხის სანახავად იაროს. სააკაშვილი სპეციალურად ჩავიდა კახეთში, რათა ხალხს დაენახა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს პატრიარქთან და ამას გარდა, სურდა, მას დახურულ კარს მიღმა გასაუბრებოდა. 

ვერ ვიტყვი, რომ იქ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, მაგრამ პატრიარქისთვის საყვედურის სათქმელად რომ დრო იხელთა ჩვენმა თავნება პრეზიდენტმა, ეს ცხადია და აღნიშნულ ინფორმაციას ვადასტურებ. თავხედობით გამორჩეული რომ არ იყოს ხელისუფალი, არათუ საყვედური, მის უწმინდესობას ხმამაღალი საუბარი როგორ უნდა გაუბედოს, თან იმის გამო, რომ პატრიარქი სამების ტაძრის ამშენებელსა და უამრავი სიკეთისა და ქველმოქმედების ჩამდენ ადამიანს უჭერს თურმე მხარს! ქართულ ეკლესიას სულ ამას ვუკიჟინებ: მეტი სიყვარულის და მხარდაჭერის გამოჩენაა საჭირო ქართული საქმის და არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ.

ჩვენ მზად ვართ, საკუთარი სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ქართულ ეკლესიას მხარში ამოვუდგეთ, რათა ეკლესიამ, მისმა უწმინდესობამ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ. არც ისეთი ძლიერები არიან ეშმაკისთვის სულმიყიდულნი, როგორც მათ ჰგონიათ, ღვთის ძალა უფრო ძლიერია. ასე რომ, ნურავის არწმუნებენ, თითქოს ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი მხოლოდ უფალს ხელეწიფება». 

ცნობილი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მასმედიიდან შეიტყო, თუმცა არ გაჰკვირვებია: 

«სააკაშვილი რომ ეკლესიასთან დაპირისპირებულია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. რაც ხელისუფლებაში მოეთრია, სააკაშვილის მიზანი ქართული ეკლესიის დანგრევაა. პატრიარქი შემწყნარებელი კაცია და ნუ მოვთხოვთ ისეთ რამეს, რაც არ შეიძლება პატრიარქს მოვთხოვოთ.

არც გამიკვირდება, პატრიარქს დაუპირისპირდეს, ვინაიდან სააკაშვილი, პატრიარქს კი არა, საკუთარ დედ-მამას ცოცხლად დამარხავს, ოღონდ თავისი სკამი შეინარჩუნოს. სააკაშვილი შეხტება სამების ტაძარში ამბიონზე და მიტინგს მოაწყობს ხოლმე. ჩვენ მრეველი კი არა, მოჩვენებითი მრევლი ვართ, თორემ უნდა გამოათრიო ტაძრიდან და სამების წინ თავი არტყმევინო. 

პატრიარქს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, რაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. ყველაფერი, რაც ხდება, მრევლის ბრალია. მრევლმა ხმა არ ამოიღო არც ერთხელ და, როცა მარტო მე ვყვიროდი სულელივით, ხან ქსენოფობი მიწოდეს და ხან ფაშისტი. ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს ქართველობას არ ვიცავთ. გამოვიდა პატრიარქი და თქვა, დაიცავი საქართველო შენშიო. როგორც ერთ ლექსში ვწერ, ჩვენ ქართველობით განვიცდით შიმშილს, ქართველობა გვაკლია. ეს რესპუბლიკა არ არის, ეს საროსკიპოა. შეხედეთ ტელევიზიებს, ეს არის ელიტარული მეძავებისა და გეების აღლუმი. ზუსტად ასე დაწერეთ, როგორც ვლაპარაკობ, კორექტურა არ უნდა ამას, კორექტულად უნდა ელაპარაკო კორექტულ და ვაჟკაც ადამიანს. ამათთან არ შეიძლება კორექტული საუბარი. რადგან ხალხი ჩუმადაა, ჰგონიათ, ყველაფერი შერჩებათ. პირდაპირ ვაცხადებ, მიმიფურთხებია იმ ერისთვის, რომელიც ამ ყველაფერს მოითმენს.

4 წელი გავიდა ომიდან და კოვზებითა და ჩანგლებით ასხმული სამხედრო სტრატეგი, მექანიკური თოჯინა დავით ბაქრაძე რომ დაბრძანდება რეგიონებში, ნუ ავიწყდება, როგორ მოხდა ყველაფერი. თავისთავად ცხადია, მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ დაღუპული ბიჭების ოჯახებს, რომლებიც თავისი სისულელეების გამო დახოცა ხელისუფლებამ, მაგრამ სირცხვილია, როცა ომში დაღუპული შვილის დედა, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ ხელისუფლების დადგმულია ეს ომი, გამოდის და კიდევ ამ ხელისუფლებას აწერინებს ქულებს თავისი საუბრით. ან კიდევ, ახლა ეს ყაყაჩოიანი ყეყეჩები რომ გამოდიან უსირცხვილოდ, ეს არის ფარისევლური ცრემლები. კარგად იციან, რა და როგორ მოხდა. პირდაპირ ვადებ ხელს _ ამ შრეკის დაწყებულია ომი. მახსოვს, როგორ ყელყელაობდა ტელევიზორში და თავის გამარჯვებას გვამცნობდა...»

ქართველი ემიგრანტი ბექა გოგოსაშვილი ამბობს, რომ ჯალალედინიდან მოყოლებული, საქართველოს არც ერთ დამპყრობელს ასეთი სისასტიკე არ გამოუჩენია: 

«მე არ მიკვირს, რომ სააკაშვილი პატრიარქს ასე ესაუბრება, ვინაიდან მისი მოძღვარი არის ეშმაკი. მას არანაირი შეხება არ აქვს და არც ჰქონია საქართველოს დედაეკლესიასთან. მაგრამ რაც დღეს ხდება, არსებული სიტუაციის მიზეზი, «ცოდვა გამხელილი სჯობს» და ვაღიაროთ, ის არის, რომ ხელისუფლებას ძალიან ბევრ მეუფესა და სასულიერო პირზე აქვს კომპრომატები და სწორედ ამიტომ ისინი ხმას ვერ იღებენ. 

რამდენიმე ხნის წინათ იტალიაში იმყოფებოდა პაპუნა დავითაია, რომელიც მივარდა ფლორენციის ქართულ ეკლესიაში, გადაიღო იქ ფოტოები და შემდეგ დიასპორის ვებგვერდზე გამოფინეს. ამ ფოტოებით ისე წარმოაჩინეს ყველაფერი, თითქოს მეუფე აბრაამ გარმელია ხელისუფლების მხურვალე მხარდამჭერია. პაპუნა დავითაიამ ამ საქციელით ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენა მამაო. ის უაღრესად კარგი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გამოიყენა.

ხელისუფლება «ამისტებად» და «იმისტებად» მიზანმიმართულად ყოფს ხალხს. აქ არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, საუბარია ქართულ ეკლესიაზეა, რომელიც ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ყოველთვის მედიატორის როლს ასრულებდა. მეტიც, ეკლესია ყოველთვის ერეოდა საქართველოს სახელმწიფოს საქმიანობაში და თავის სათქმელს ყოველთვის ამბობდა, დღეს კი ეკლესიას ამის უფლება წართმეული აქვს.

როცა ეკლესია აცხადებს, რომ არ ერევა პოლიტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ეკლესია ხალხს არ აძლევს საშუალებას, კეთილი და ბოროტი გაარჩიოს ერთმანეთისგან. როდესაც ხელისუფლება ეკლესიის ნგრევით მოდის სათავეში, ამის შემდეგ ხალხს პირდაპირ ქუჩაში ხოცავს, არ უნდა უთხრას ეკლესიამ ხალხს, რომ ასეთი ხელისუფლება ბოროტია? ამ შემთხვევაში არჩარევა ნიშნავს, რომ არ გადარდებს, რაც ხდება შენს ქვეყანაში. 

როგორ არ უნდა გადარდებდეს, რას სჩადის შენი ხელისუფლება? ახლახან შევამოწმეთ საარჩევნო სიები და აღმოჩნდა, რომ ემიგრანტების 90% თურმე საქართველოშია. ტოტალურ გაყალბებასთან გვაქვს საქმე. პირადად მე გადავამოწმე 200 კაცის გვარი და პირადი ნომერი და ადამიანები, რომლებიც 5-6 წელია საქართველოში არც ყოფილან, 1 აგვისტოს მონაცემებით, თურმე საქართველოში იმყოფებიან. ერთ კაცს არ უნდა მივცეთ ამდენის უფლება!

საქართველოს ძირძველი კუთხე _ აჭარა სისხლითა და კბილებით შეინარჩუნეს ჩვენმა ეროვნულმა მოღვაწეებმა და დღეს არ უნდა ჩაერიოს ეკლესია, როცა თურმე ბათუმში სასულიერო პირს ანაფორით სიარულის უფლება აღარ აქვს? არ უნდა ჩაერიოს ეკლესია, 22 ათასი თურქი რომ დარეგისტრირდა ბათუმში იმ დროს, როცა აჭარიდან 70 ათასი ქართველი გადაიხვეწა სხვადასხვა პრობლემის გამო? სწორად გამიგეთ, ქრისტეს ქადაგებაც პოლიტიკა იყო, რადგან ხალხს მოძღვრავდა და ასწავლიდა, როგორ მოქცეულიყო. 

4 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ვიდრე სააკაშვილი სამაჩაბლოში ომს დაიწყებდა, მე 2008 წელს ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში ვიყავი და ვიცი, რომ სააკაშვილი 2008 წლის 12 მაისს აფხაზეთში ომის დაწყებას აპირებდა. ძლივს გააჩერეს. ასე რომ, ეს არ იყო შემთხვევით დაწყებული ომი. მიზანმიმართულად უბეჭდავენ ადამიანს ცნობიერებაში, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. რუსი ერი მართლმადიდებელია და ეკლესიას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს სიტუაციის დარეგულირებაში. თუ ამას ქართული და რუსული ეკლესია მოინდომებს, აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც ყველაფერი კარგად იქნება.

ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, რამდენადაც ვიცი, პატრიარქი თავს შეუძლოდ გრძნობს და ის ვეღარ მიემგზავრება მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრაზე. ალბათ, ინერვიულა ამ ყველაფერზე. პატრიარქი საქართველოს სულია და მთელი ქართველი ერის ვალია, პატრიარქს დაუდგეს გვერდით და არა მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიზანია, ქართველები გაყაროს საქართველოდან და მათ ადგილას თურქები, ბურები და სხვა ერები ჩამოასახლოს. სააკაშვილი ღვთისა და საქართველოს მოძულე ადამიანია, 8 წლის მანძილზე მან ეს დაამტკიცა. დაანახა ხალხს, როგორ შეუძლია აშანტაჟოს ეკლესია, დააშინოს ხალხი, ჭეშმარიტ ქართველებს მოქალაქეობა წაართვას და ახალგაზრდა ბიჭები ქუჩაში დახოცოს. ღვთის შიში უნდა გვქონდეს და არა სააკაშვილის ან იმ ჯგუფის, რომელიც დღეს საქართველოს მართავს.