გიორგი თავდგირიძე:

გიორგი თავდგირიძე: "რუსეთი საქართველოსთან ომს აპირებს"

საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტკივილია. სულ რამდენიმედღიანმა, თუმცა სასტიკმა ომმა და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს ასობით დანგრეული თუ გადამწვარი სახლი და სოფელი, უამრავი დევნილი, და ოკუპირებული ტერიტორიები დაუტოვა.
4 წელი გავიდა იმ დღეების შემდეგ, თუმცა თემა დღემდე აქტუალური და ქართველებისათვის კიდევ ერთი მოუშუშებელი ჭრილობაა. ბევრი თქმულა და დღემდე გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი და რომელ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა დაღუპული შვილების, დედებისა თუ უსახლკაროდ დარჩენილი თანამემამულეების წინაშე.
"ივერონი" მოვლენათა შეფესაბისა და დღეს არსებულ მდგომარეობის თაობაზე სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

-ბატონო გიორგი, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 4 წელი გავიდა. მას შემდეგ არ შემწყდარა მსჯელობა თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი. თქვენთვის ცნობილია ჰეიდი ტალიავინის დასკვნაც... მოკლედ, დღეის გადასახედიდან რომ შევაფასოთ, რომელ მხარეს ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა ომის დაწყებაში და საერთოდ რა ომი იყო ეს?
-თუ მორალური თვალსაზრისით დავსვამთ შეკითხვას, ანუ თუ გვინდა პასუხისმგებლობა განვსაზღვროთ, მაშინ გავიხსენოთ თუნდაც ბოლო 200 წლის ისტორია. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერესი დაფიქსირდა, რუსეთი უკან არ იხევს არანაირ მეთოდებზე: დაწყებული ერეკლე მეფის დროინდელი ამბებით, მეოცე საუკუნის 20-იანი და 90-იანი წლების მდგომარეობით, და ბოლოს 2008 წლის მოვლენებით. ნათელია, რომ რუსეთი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე და ფართო მასშტაბით ამიერკავკასიაზე, უკან არ იხევს არანაირ პროვოკაციაზე და არც ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე. ხოლო როდესაც საქმე საბრძოლო მოქმედებეზე მიდგება, ის უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ომის კანონმდებლობას. რომ დავკონკრეტდეთ რუსეთი არის პასუხისმგებელი კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის მაღალი ხარისხის მიღწევაში და საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში. ამ ომის ინსპირატორიც, შემსრულებელიც და განმხორციელებელიც რუსული მხარე იყო. რაც შეეხება იურიდულ დასკვნას, თუნდაც ტალიავინის დასკვნას რომ დავუკვირდეთ, იქ განსაზღვრულია არა ის, რომ ქართული მხარე არის დამნაშავე ომის დაწყებაში, არამედ ის, რომ კონფქლიტის ახალ ფაზაში გადასვლა დაიწყო ქართული მხრიდან ცხინვალზე მიტანილი იერიშით.
-რეალურად როდის დაიწყო ომი, 7 აგვისტოს თუ უფრო ადრე?
-ჩემი შეფასება, როგორც სამხედრო ექსპერტის, ესეთია, რომ ომი დაიწყო მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო საქართველოს ტერიტორიებზე თავისი ქვედანაყოფების შემოყვანა. მას აფხაზეთში ჯარი ღიად შემოჰყავდა და ამას სხვადასხვა მიზეზებით ამართლდებდა. ომი დაიწო მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ წაქეზებულმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და თითი ვიშვიროთ ოსი სეპარატისტებისკენ, ისინი ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ რუსეთის შესაბამისი მითითებების გარეშე. შესაბამისად, ომი დაიწყო 2008 წლის აპრილში, უბრალოდ საბრძოლო მოქმედებების ფაზაში 2008 წლის აგვისტოში გადავიდა.
-რეალურად რა შედეგი მოუტანა საქართველოს ამ ომმა? გარდა იმისა, რომ განადგურდა ათობით სოფელი, დაიღუპა ასეულობით ადამიანი და რა თქმა უნდა დარჩა ოკუპირებული ტერიტორიები...
-მას შემდეგ რაც საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს რუსეთი აქტიურად იბრძვის, რომ ქვეყანა დააბრუნოს თავის შემადგენლობაში. ეს ომი პერმანენტულად მიმდინარეობს. 2008 წელს ჩვენ უდიდესი ზარალი განვიცადეთ ცოცხალი ძალით, გვყავს ლტოლვილები, საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე განხორციელდა ეთნოწმენდა და შესაბამისად, სოფლები მიწასთან იქნა გასწორებული პირდაპირი მნიშვნელობით. ტერიტორიების ოკუპირებით კი ფაქტობრივად საქართველოს სუვერენიტეტი შეილახა. მაგრამ საქართველომ 2008 წლის შემდეგაც, მიუხედავად იმისა რომ საბრძოლო მოქმედებები წავაგეთ, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და მას აქვს საშუალება გაარძელოს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციისათვის. ქართველ ერს სახელმწიფო გააჩნია როგორც ინსტრუმენტი და მას შეუძლია ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.
- დღევანდელ მდგომარეობაზეც რომ ვიმსჯელოთ... დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ რომ მოახლოებული არჩევნების კვალდაკვალ რუსეთმა შესაძლოა ომი განაახლოს საქართველოსთან. ბევრს წერენ აფხაზეთში რუსული ჯარისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციის შესახებაც... რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ აღნიშნულთან დაკავშირებით და რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს საფრთხე?
- კი არ მეჩვენება, ეს ყველაფერი რეალობაა! ოფიციალურ დონეზე დეკლარირებულია რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ატარებს სამხედრო სწავლებას. ნებისმიერ იურიდულ ენაზე ეს ომის აქტს ნიშნავს და რუსეთი საქართველოს ფაქტობრივად ომს უცხადებს. ყოველგვარი საერთაშორისო ხელშეკრულებების გვერდის ავლით, დამატებით შემოყავს რეგულარული ჯარის ქვედანაყოფები. ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ქმედებები ომში არ გადაიზრდება, მაგრამ რეალობა ასეთია: რუსეთი ფიზიკურად და იურიდიულად მზად არის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული თავისი მოსაზრება. მისაღებია, როდესაც ვიღაცეები აფხაზეთთან, ოსეთთან და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობენ, მაგრამ ეს მომავალია, ახლანდელი რეალობა კი სულ სხვაა- რუსეთი საქართველოსთან ომს აპირებს! აქედან გამომდინარე საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ერი და ბერი უნდა გამოვიდეს ერთი აზრით და ამას პროტესტი გამოუცხადოს. ჩვენ ასეთი პოზიცია უნდა გვქონდეს: გვინდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ... და ამ მაგრამის შემდეგ უნდა დაფიქსირდეს რეალობა. რუსეთი ახორციელებს დაუფარავ და აშკარა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ამზადებს საფუძველს ამის გასაფართოებლად და საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციისათვის ემზადება.
-ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ კონკრეტულად არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური დესტაბილიზაცია რუსეთმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს...
- დიახ! საბოლოო დასკვნა არის ასეთი: ყველაზე იმედიანი განცხადება რომ გავაკეთოთ, რუსეთი მინიმუმ პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს. იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესები დაუმორჩილოს თავის ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთს აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოზე სრული კონტროლი განახორციელოს.