რას უყვება

რას უყვება "ალიას" სააკაშვილსა და ვარშალომიძეზე ვარშალომიძის ყოფილი მრჩეველი?!

"ლევან ვარშალომიძის მრჩეველი თვითმმართველობის საკითხებში ბაჩუკი ჩხეიძე თანამდებობიდან გადადგა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლება "კონსტიტუციურ გზებს გასცდა". ამას გარდა მას "ბოლომდე ეგონა, რომ სააკაშვილი გასცემდა პასუხს კითხვას, რომელაც დიდი ხანია უსვამენ არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-ში აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრობას, რაზეც არ უპასუხა" და რაც, მისი აზრით, დაუშვებელია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას უყვება "ალიას" სააკაშვილსა და ვარშალომიძეზე ვარშალომიძის ყოფილი მრჩეველი?!

"ივანიშვილი პირადად ბეშუმში ვნახე... 4 აგვისტოს ბეშუმში სააკაშვილის ზღვარგადასული ქმედების მომსწრე გავხდი, რამაც ძალიან აღმაშფოთა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებებს ვარშალომიძესთან დაკავშირებით, ასეთი საუბრები სააკაშვილის სტილია... ჩემი აზრით პრეზიდენტი არ უნდა კადრულობდეს არავისთან ასეთ საუბრებს, ეს არის არაკორექტული. ლევან ვარშალომიძეს არაფერი დაუშავებია, დააშავა მიხეილ სააკაშვილმა თავისი უტაქტობით. ის ცნობილია ამ თავისი უტაქტობით და ეს არის ზუსტად დასტური იმისა, რა ხმებიც ვრცელდება მისი უტაქტობისა და უმსგავსო საქციელის შესახებ. პრეზიდენტია და კორექტულობა მოეთხოვება. ასე საჯაროდ ადამიანების შეურაცხყოფა და უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება დაუშვებელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბაჩუკი ჩხეიძე და შეკითხვას - "თქვენი თავისუფლება, ფაქტობრივად, საფრთხის ქვეშ დააყენეთ, შესაძლოა დაგაპატიმრონ კიდეც..." - პასუხობს:

"გეთანხმებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და არგუმენტირებულს ხდის ჩემს განცხადებას, საჯარო მოხელეს არ შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი და პოლიტიკური შეხედულება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს. ხშირად დავდივარ სხვა რეგიონებში, ბევრი მეგობარი მყავს, ხალხის განწყობა ვიცი როგორიცაა და ამ ეტაპზე გადამწყვეტი სწორედ ესაა და ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერი ხალხის სასიკეთოდ დასრულდება. ხალხი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს თავისით არ მოხდება. თითოეულმა ჩვენგანმა პატარა გმირობა უნდა ჩავიდინოთ, თავი უნდა გავწიროთ, რათა ეს ქვეყანა გადავარჩინოთ"!

"ჩემი წამოსვლის შემდეგ არანაირი ზარი, "ესემეს" შეტყობინება ჯერჯერობით არ ყოფილა. არ მგონია, ასე ხელაღებით ვინმემ დარეკოს. დამემუქროს, მით უმეტეს პიროვნულად მიცნობენ და იციან, არც ისე ადვილად ვშინდები, მაგრამ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, თითქოს 27 ივლისს მომხსნეს სამსახურიდან და 4 აგვისტოს აღარ ვმუშაობდი - ეს არის ტყუილი. თითქოს რომ "არ მენერვიულა", როცა 27 ივლისს მომხსნეს, ხელფასიც მომცეს, პრემიაც - ასე ავრცელებს პრესამსახური..." - განაგრძობს რესპოდენტი.

"რაც შეეხება თანამდებობების დატოვებას სხვა ადამიანების მიერ - ძალიან ბევრი ადამიანის აზრი და პოზიცია ვიცი, ვინც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა, ასევე ვიცი რიგითი საჯარო მოხელეების აზრიც. დღეს ან ძალიან ბნელი უნდა იყო ან ძალიან მოტივირებული, რომ ვერ ხედავდე, რა ხდება. ზოგს ვერ მოსთხოვ გმირობას, ომში ვერ დაპატიჟებ. ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს და გადადგას ასეთი ნაბიჯი. ბევრის მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ გეტყვით, რომ მათ ეს ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი ყელში ჰყავთ ამოსული. მათი გადასაწყვეტია, როდის გადადგამენ ამ ნაბიჯს - ღიად გამოხატავენ პროტესტს თუ არჩევნების დღეს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, უფრო ადრეც შემეძლო, ეს ნაბიჯი გადამედგა. როგორც ადამიანი იხდის "ბატონებს", ასე ვიხდით ჩვენ "ნაციონალების" სახით სახადს და "ქართული ოცნება" კი ზუსტად ის პოლიტიკური ძალაა, ღმერთს მადლობა, რომ დროულად გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია სასიკეთოდ შეცვალოს პროცესები და ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს", - დასძენს ბაჩუკი ჩხეიძე.